ჩასტენეთ სიბრძნე კრიტიკოსებს პირში!

AutoSharing Option
იან რაიტის ვინაობა ყველას კარგად მოგვეხსენება. რაიტი "არსენალის" ყოფილი ვარსკვლავი და ლეგენდა გახლავთ. 1991-98 წლებში მან "მეთოფეთა" მაისურით 221 შეხვედრაში 128 გოლი გაიტანა, ბოლოხანს კი გაზეთებთან თანამშრომლობს და "ლელოს" მკითხველიც ხშირად ეცნობა მის სვეტებს. და ვინ არის ალან ჰანსენი? ჰანსენი ოდინდელი, ლეგენდარული "ლივერპულის" შოტლანდიელი მცველია. მას 1979 წელს თბილისის "დინამოსა" და "ლივერპულის" დაუვიწყარ დაპირისპირებაში აქვს მონაწილეობა მიღებული. "წითლების" მაისურით ის 1977-1991 წლებში გამოდიოდა, დღეს კი BBC-ს წამყვანია. ჰოდა, სწორედ ამ ორ ვეტერან ფეხბურთელსა და მოქმედ ჟურნალისტს შორის მოხდა გაუგებრობა: ჰანსენმა
"არსენალის" ახალგაზრდა გარემარბ თეო უოლკოტზე საწყენი რაღაც თქვა, რაიტმა კი გაზეთში მწარედ უპასუხა. თუმცა, სჯობს მკითხველმა უშუალოდ რაიტისგან გაიგოს რაც მოხდა:

"წარმოიდგინეთ ასეთი სცენა: თეო უოლკოტმა ახლახან შეასრულა ჰეთ-თრიკი, "ემირეიტზე" "ბლექპულის" 6:0 რბევაში ლომის წვლილი შეიტანა და გახარებული ტელევიზორს მიუჯდა, რათა გადაცემა Match of the Day (ტურის მიმოხილვაა BBC-ზე) ნახოს. მას ძალიან სურს თავისი გოლები ეკრანზე იხილოს, წარმატების წამით დატკბეს, მაგრამ ვაგლახ, ჰანსენის მხრიდან სრულიად უსამართლო აგრესიას აწყდება. მას ფაქტობრივად შეურაცხყოფას აყენებენ, ოღინდ რა საჭირო იყო ეს შეურაცხყოფა, ვერ ვხვდები. იგი ისმენს, როგორ ამბობს ჰანსენი, რომ უოლკოტმა ბურთის ჩაწოდება არ იცის. მისი აზრით როდესაც უოლკოტი ფიქრს იწყებს, პრობლემებს აწყდება. რას ნიშნავს ეს თუ არა იმას, რომ უოლკოტი შტერია? არაფერს. ეს პირწავარდნილი შეურაცხყოფა და თან ტყუილია. ეჭვი არ მეპარება, რომ თეო, რომელიც ჯერ მხოლოდ 21 წლისაა იჯდა ეკრანთან და ფიქრობდა: "მეტი რა გავაკეთო, რა წყალში გადავვარდე ამ ხალხმა ჩემს ლანძღვას თავი რომ დაანებოს?"

...მესმის, ჰანსენს თავისი საქმე აქვს, მაგრამ ძალიან გადაამლაშა. სულაც არ მინდა იმის თქმა, რომ თეომ კრიტიკას ყური არ უნდა უგდოს. რასაკვირველია, ჩაწოდებებზეც მუშაობაა საჭირო, მაგრამ ხალხი არ ხართ? მიეცით ბიჭს ამოსუნთქვის საშუალება. ჩვენში ჰანსენის ნაირი ხალხის მთელი ჯარია. ესენი გახლავან ადამიანები, რომლებიც მხოლოდ სხვას იმიტომ აკრიტიკებენ, რომ კრიტიკა მოსწონთ. რამდენჯერ გამომიჭერია საკუთარი თავი იმაზე, რომ მე ასე ვერ მოვიქცეოდი.

...გამაგებინეთ, რატომ არ შეუძლია ჰანსენს დადებითის დანახვა? ერთხელ მაინც შეამჩნიოს გოლის გატანის უნარი, ჭკვიანური გადაადგილება, სისწრაფე... გარწმუნებთ, დღეს ის ფეხბურთელი რომ იყოს, თეოს ვერ გაუმკავდებოდა. ის თამაშის კითხვაში იყო ძლიერი. უფრო როი ფერდინანდს ჰგავდა ვიდრე ჯონ ტერის. ის უშუალო ორთაბრძოლაში ვერც შევიდოდა, რადგან საშინელ დღეში ჩავარდებოდა.
...ასეთი სისულელეების მოსმენა არც ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის ვარგა. თეო უოლკოტს, მას მერე, რაც სვენ გორან ერიკსონმა მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატზე წაიყვანა, უამრავი რამ გადახდა თავს.

ის საერთოდაც არ უნდა წაეყვანათ მსოფლიოს ჩემპიონატზე. სვენმა გერმანიაში წაყვანით მას კარგი არაფერი გაუკეთა და ვერც არსენ ვენგერი მოიქცა ჭკვიანურად, რომ გაუშვა. აი, თეოს ბრალი კი საერთოდ არაფერია. რა უნდა ეთქვა, მსოფლიოს ჩემპიონატზე არ წამიყვანოთო? და საბოლოოდ საბრალო ყმაწვილი იოლად გასარტყმელ სამიზნედ იქცა, თუმცა ნიჭიერი რომ არის ახლა შაბათსაც დაამტკიცა. ხოლო თუ ვინმე აპირებს შემომედავოს და თქვას, რომ იმ დღეს "არსენალის" მეტოქე მხოლოდ და მხოლოდ "ბლექპული" იყო, ვთხოვ სანამ ამ წინადადებას იტყვის მანამდე გაჩუმდეს. ასე თამაშს კლასი უნდა.

...პირადად მე მგონია, რომ უოლკოტი უმალ თავდასხმაში უნდა თამაშობდეს ვიდრე ფლანგზე, მაგრამ ყველაფერს ის აჯობებს ჰანსენის ნაირი ხალხი თუ გაჩუნდება და ვენგერს დააცდის მასთან მუშაობას. არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენ იმ ალან ჰანსენზე ვლაპარაკობთ წლების წინ რომ თქვა ბექჰემით, სქოულზით და ძმები ნევილებით "მანჩესტერ იუნაიტედი" ვერასდროს ვერაფერს მოიგებსო. ასე რომ, მე თეოს ვურჩევდი ყური არავის დაუგდოს, თავისი საქმე ჯიუტად აკეთოს და იმ დღეს დაელოდოს, როდესაც კრიტიკოსებს თავიანთ სიბრძნეებს იმავე პირში ჩასტენის რომლიდანაც ამოუშვეს".
მკითხველის კომენტარები / 1 /
უმაგრესიიი ფრაზა: იმავე პირსჰი ცჰასტენოს რომლიდანაც ამოუსჰვეს, საგჰოლ იან რიტს ...
0

სიახლეები პოპულარული