არსენ ვენგერი: ალექსის სანჩესი არ მიდის!

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" მთავარ მწვრთნელს, არსენ ვენგერს მიაჩნია, რომ ალექსის სანჩესი კლუბში დარჩება, რადგან წასვლა არც ისე ძალიან უნდა (და შეუძლია), როგორც ბევრს ჰგონია. არადა, კულისებში აჩურჩულდნენ იმაზე, რომ სანჩესმა "მანჩესტერ სიტიში" გადასვლის სურვილი გამოთქვა. თუმცა კითხვაზე, გამოთქვა თუ არა წასვლის სურვილი ალექსისმა, მუსიე არსენის პასუხი იყო - არა.

"ფეხბურთელებს კლუბთან კონტრაქტები აქვთ და ჩვენ ველოდებით, რომ ისინი მათ პატივს სცემენ. ეს გვინდა და ვფიქრობ, ასეც იქნება" - განაცხადა ვენგერმა.

სანჩესი, რომელიც "მეთოფეებმა" 2014 წლის ზაფხულში "ბარსელონასგან" 35 მილიონ გირვანქად იყიდეს,
ახლა უფრო ძვირად ფასობს, მიუხედავად იმისა, რომ ლონდონელებთან კიდევ მხოლოდ 1-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს. 28 წლის ალექსისს სხვა მთხოვნელებიც ჰყავს, მაგრამ ამბობენ, "სიტიზე" ჩამოყალიბდაო.

თუმცა ვენგერი სხვა აზრზეა. სხვათა შორის, მას აზრი კილიან მბაპეზეც ჰკითხეს. ფრანგი სპეციალისტის ყოფილი კლუბის, "მონაკოს" ვუნდერკინდი ისევ გაურკვევლობაშია - ვერ გადაუწყვეტია, "ლუი მეორეზე" დარჩეს დროებით თუ უამრავიდან რომელიმე შეთავაზება მიიღოს. ერთ-ერთი მსურველი სწორედ "არსენალია".

"იგი ის მოთამაშეა, რომელსაც ყოველ დილით გაღვიძებისას შეუძლია იფიქროს, სად უნდა წასვლა და რომელი შეთავაზება მიიღოს. ბევრ ფეხბურთელს ასე არ უმართლებს, თანაც, კილიანი მხოლოდ 18 წლისაა და მის წინაშე მთელმა ევროპამ წითელი ხალიჩა გაშალა. ცხადია, სისულელე იქნება იმის უარყოფა, რომ მისდამი დაინტერესება არ არის. ამ კალიბრისა და ტალანტის მოთამაშით ყველა გუნდი დაინტერესებულია" - თქვა ვენგერმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული