ალექსისი და კუნი - დიდი გაცვლა ახლოვდება?

AutoSharing Option
ალექსის სანჩესი კვლავ "არსენალიდან" წასვლაზე ფიქრობს და სამომავლო ვარიანტიც ბევრი აქვს: "ჩელსი", "მანჩესტერ სიტი", მიუნხენის "ბაიერნი", ტურინის "იუვენტუსი"... უკანასკნელი ინფორმაციით, "ქალაქელები" ამჟამად საწადელთან ყველაზე ახლოს არიან, მაგრამ ეს ცოტა "ძვირი დაუჯდებათ".

საქმე ის არის, რომ ხშირად წერენ, "არსენალი" და "სიტი" 28 წლის ალექსისსა და 29 წლის სერხიო აგუეროს გაცვლიან ერთმანეთშიო. კარგად თუ დავფიქრდებით, ძნელი სათქმელია, როგორ იქნება, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, მაგრამ ფურცელზე ორივე მხარე "მოგებული" რჩება - "მეთოფეები" სუპერფორვარდს მიიღებენ იმ მოთამაშის ნაცვლად, რომელსაც წასვლა უნდა, ხოლო ხოსეპ გვარდიოლა
მშვენივრად მოაგვარებს გაუგებრობას, რომელიც "სიტიში" გაბრიელ ჟეზუსის გამოჩენის მერე შეიქმნა და რამაც პეპსა და კუნს შორის ურთიერთობა დაძაბა.

გვარდიოლა ახალგაზრდა ბრაზილიელს ცენტრფორვარდის პოზიციაზე გადაიყვანს, ხოლო ჩილელი მის უკან მშვენივრად "იფუსფუსებს". თანაც, პეპი და ალექსისი ერთმანეთს კარგად იცნობენ და სანჩესი "ბარსელონას" ყოფილი თავკაცის სტილში მშვენივრად ჯდება.

კიდევ ერთი გაცვლა: ჟირუ - ლაკაზეტი
ამასობაში, არსენ ვენგერი ოლივიე ჟირუსთან აწარმოებს მოლაპარაკებას. ფრანგი სპეციალისტი ცდილობს, 30 წლის თანამემამულე დარჩენაზე დაიყოლიოს.

უცნაურია, რომ ამის პარალელურად და აგუეროს ამბების გათვალისწინებით, "მეთოფეები" აგრეთვე ფრანგი ალექსანდრ ლაკაზეტის ტრანსფერის ბოლომდე მიყვანას ცდილობენ და ინგლისურ ჟურნალ-გაზეთებს თუ ვენდობით, ლონდონელები "ლიონთან" შეთანხმების მიღწევას უახლოვდებიან. 26 წლის ფორვარდში გადახდილი თანხა "არსენალისთვის" სარეკორდო იქნებაო. სხვათა შორის, თუ ტრანსფერი შედგება, არ არის გამორიცხული, ჟირუ საპირისპირო მიმართულებით წავიდეს.

მაჰრეზის საკითხი
"ემირატების" ბინადრები არც რიად მაჰრეზს ივიწყებენ. თუმცა პრობლემა ისევ და ისევ ალჟირელის ფასია. "არსენალს" 30 მილიონი გირვანქის გადახდა უნდა, ხოლო "ლესტერს" - 35-40 მილიონის გამომუშავება. "მელიებს" უკვე ისიც მოფიქრებული აქვთ, თუ რაში დახარჯავენ ამ თანხას - ლესტერშირული კლუბი "სუონსიდან" გილფი სიგურდსონის შეძენას გეგმავს, რისთვისაც სულ ცოტა, 40 მილიონი სჭირდებათ. უელსური გუნდის 27 წლის ისლანდიელს კიდევ ბევრი მსურველი ჰყავს და "ლესტერიც" ჩქარობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული