დიეგო კოშტა "ჩელსიში" ბედნიერია, მაგრამ არა ლონდონში

AutoSharing Option
დიეგო კოშტას "ჩელსის" ფანებისთვის ორი ამბავი აქვს - ერთი ცუდი და ერთიც კარგი. კარგით დავიწყოთ - მან აღნიშნა, რომ არსად წასვლას არ აპირებს და იმ ორწლიანი კონტრაქტით კმაყოფილია, რომელიც კიდევ აკავშირებს გუნდთან.

თუმცაღა… გადავიდეთ ცუდ ამბავზეც - ბრაზილიური წარმოშობის ესპანელი ამბობს, რომ იგი ლონდონში თავს ბედნიერად ვერ გრძნობს:

"ახლობლებთან ყოველთვის ძალიან პირდაპირი და უშულო ვარ. მათ ვეუბნები, რომ "ჩელსიში" ძალიან ბედნიერი ვარ, კლუბი ყველანაირ პირობას მიქმნის. შესანიშნავი თანაგუნდელები მყავს და გუნდში მშვენიერი ატმოსფეროა.

წინა სეზონი კარგი არ გამოვიდა, მაგრამ მიმდინარე
რადიკალურად განსხვავებულია, გამარჯვებისთვის ვიბრძვით და ეს დამატებით მოტივაციას მაძლევს. იმედი მაქვს, ბოლომდე წარმატებული სეზონი გამოგვივა.

ის, რომ "ჩელსიში" თავს კარგად ვგრძნობ, თითქოს, ავტომატურად უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ლონდონშიც ბედნიერი ვარ და ამ ქალაქში ცხოვრება მომწონს, მაგრამ ეს ორი სხვადასხვა რამაა და ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვს" - თქვა კოშტამ.

შეგახსენებთ, რომ იანვარში დიეგოს ჩინეთიდან ჰქონდა სარფიანი შეთავაზება, რის ნიადაგზეც მან ხელფასის გაზრდა მოითხოვა, მაგრამ მტკიცე უარი მიიღო და ანტონიო კონტეს მხრიდან გუნდიდან დროებითმა მოკვეთამაც აგრძნობინა, რომ ასეთები "ჩელსიში" არ გაუვიდოდა. მიუხედავად ამისა, მძიმე ხასიათის მქონე ფორვარდმა აზიაში გადაბარგებას "სტემფორდ ბრიჯზე" დარჩენა აჯობინა.

***
"ჩელსიზე" ვსაუბრობთ და აქვე ვთქვათ, რომ ტურინის "იუვენტუსს" ხუან კუადრადოს ბოლომდე გამოსყიდვა სურს და 28 წლის კოლუმბიელში "ლურჯებს" 21,4 მილიონ გირვანქას უხდის. მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან.

"სტემფორდ ბრიჯის" ბინადრები პეპეთი დაინტერესებულან, რომელსაც "რეალი" კონტრაქტს აღარ უხანგრძლივებს, მაგრამ 34 წლის უკანახაზელი იმედს ჯერ ბოლომდე არ იწურავს და მსურველებს შეუთვალა, მადრიდელების შემოთავაზებას ბოლო წამამდე დაველოდებიო.

ამასობაში, "ჩელსის" ლეგენდა ფრენკ ლამპარდმა გაგვიმხილა, რომ სეზონის სტარტზე "სუონსი" მას მინდორზე დაბრუნებას სთხოვდა და კონტრაქტსაც სთავაზობდა, მაგრამ ფრენკიმ იუარა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული