ლალანა ლენდი - ადამ ლალანა ინგლისის ნაკრების წლის საუკეთესო ფეხბურთელია

AutoSharing Option
ამბავია ასეთი - Eng-land-ის 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში გამარჯვებულად ადამ ლალანა დასახელდა. "ლივერპულის" ნახევარმცველმა გამოკითხულთა ხმების 39% მიიღო და ჯეიმი ვარდისა და უეინ რუნის აჯობა. პირველს წილად 12% ხვდა, ხოლო მეორემ თავი 8%-ს მოუყარა.

"ჩემთვის ეს დიდი პატივია. ბოლო გამარჯვებულები რუნი და ჯერარდი გახდნენ - ეს მშვენივრად აჩვენებს, რამხელა მიღწევაა და როგორ მსიამოვნებს ამ ჯილდოს მოპოვება. მიმდინარე სეზონში კლუბს საქმე კარგად მისდის და ეს მახარებს, რადგან მნიშვნელოვანია და შემდეგ ნაკრებში თავის გამოჩენის შანსიც იზრდება.

არ მსურს, რომ ეს დროებითი
მოვლენა იყოს და მინდა სტაბილურად, დიდხანს ვითამაშო მაღალ დონეზე.

2016 წელი დიდად წარმატებული არ გამოდგა, რადგან ვერც საკლუბო დონეზე მივაღწიეთ დასახულ მიზანს და ნაკრებსაც არ გამოუვიდა წარმატებით თამაში ევროპის ჩემპიონატზე. იმედია, 2017 წელი გაცილებით უკეთესი იქნება. გარეთ საუთგეიტმა საფუძველი ჩაუყარა ახალი გუნდის მშენებლობას" - თქვა 28 წლის ფეხბურთელმა.

ლალანას ინგლისის ნაკრებში დებიუტი 2013 წელს ჩილესთან შეხვედრაში ჰქონდა. მან უკვე მოასწრო 29 მატჩის (16 მოგება, 7 ფრე, 6 წაგება) ჩატარება და 3 გოლი გაიტანა. ამ სამიდან ერთი ბურთი მას სლოვაკეთის ნაკრების კარში აქვს გატანილი, შეხვედრის ბოლო წუთზე.

ეს სემ ელარდაისის ერთადერთი მატჩი გახლდათ ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე. 2016 წელს 28 წლის ადამმა, როგორც კლუბში მთავარი მწვრთნელის, იურგენ კლოპის, ასევე, ნაკრების ახალი თავკაცის, საუთგეიტის გული მოიგო და ძირითად შემადგენლობაში მყარად დაიმკვიდრა თავი.

აუცილებლად აღვნიშნოთ ისიც, რომ 21-წლამდელთა გუნდის მოთამაშეებს შორის საუკეთესოდ ნათან რედმონდი აღიარეს. "ნორვიჩიდან" ლალანას ყოფილ გუნდში, "საუთჰემპტონში" გადასული შემტევი მშვენივრად გამოიყურება და, წესით, კიდევ უფრო უნდა მოუმატოს. იგი ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებს ტულონის ტურნირის მოგებაში დაეხმარა. რედმონდმა ხმების 32% მიიღო.

"ეს ძალიან საამაყო მიღწევაა და ბედნიერი ვარ. სერიოზული და ღირსეული კონკურენტები მყავდა. ამიტომაც ორმაგად მიხარია გამარჯვება და ემოციებს სიტყვებით კარგად ვერც გადმოვცემ" - თქვა ნათანმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული