თომას მიულერი: დაწყნარდით, სახლში ხანძარი არ არის!

AutoSharing Option
შესანიშნავი სტარტის შემდეგ "ბაიერნმა" ბოლო 2 თამაში ვერ მოიგო (საგარეო მარცხი "ატლეტიკოსთან" და საშინაო ფრე "კიოლნთან") და როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, პრესამ უმალ განგაშის ზარები დაარისხა და "რეკორდმაისტერის" კრიზისზე ჩამოაგდო სიტყვა.

რა თქმა უნდა, არ არსებობს გუნდი, რომელიც ყველა თამაშს მოიგებს, მაგრამ მედია მიუთითებს არა იმდენად თამაშის შედარებით მდარე ხარისხზე, რამდენადაც ფსიქოლოგიურ ფაქტორზე - ეჭვია, რომ "ბაიერნს" უძლეველობის კომპლექსი ღრღნის და ფეხბურთელები ცალკეულ თამაშებში ბოლომდე არ იხარჯებიან.

ამის დასტურად მოჰყავთ მანუელ ნოიერის სიტყვები "კიოლნთან" მატჩის შემდეგ - ზედმეტი თვითდამშვიდება
დაგვღუპავსო...

მედიაში ატეხილ აჟიოტაჟს გერმანიის ნაკრებისა და "ბაიერნის" ერთ-ერთი ლიდერი თომას მიულერი "კიკერთან" ინტერვიუში გამოეხმაურა:

"სეზონის პირველი 8 თამაში მოვიგეთ ახალ მწვრთნელთან ერთად და როგორც კი ორ მატჩში ფეხი დაგვიცდა, მაშინვე დაიწყეს ყვირილი, რომ აი, სახლში ხანძარია. პირადად მე ოდნავადაც არ მაქვს იმის შეგრძნება, რომ მოტივაცია გვაკლია. ძალიან გაბრაზებულები და გაღიზიანებულები ვიყავით "კიოლნთან" ვერმოგების გამო, მაგრამ 6 მატჩში 16 ქულა პრობლემაზე ნამდვილად არ მიუთითებს".

გერმანელი მიმომხილველები ხშირად ამახვილებენ ყურადღებას იმაზე, რომ პეპ გვარდიოლასგან განსხვავებით, კარლო ანჩელოტი ფეხბურთელებს მოედანზე მეტ თავისუფლებას, მეტ შემოქმედებით გასაქანს აძლევს. ამაზე მიულერი ამბობს:

"დიახ, ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მაგრამ იმის თქმა, რომ ანჩელოტის მებრძოლი ხასიათი არ აქვს, არასწორია. ერთი მხრივ, მისი მშვიდი და პოზიტიური ბუნება გვეხმარება სირთულეების გადალახვაში, ხოლო როცა აუცილებელია, ის საკმარისად მებრძოლი და ძალიან მომთხოვნია. ასე რომ, ვინც შფოთავს, ყველას მოვუწოდებ: დაწყნარდით, "ბაიერნის" სახლში ხანძარი არ არის".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული