ბუნდესლიგა. XVI ტურის წინ: გაგრძელდება "გლადბახის" სასწაული?

AutoSharing Option
გერმანიის მიმდინარე ჩემპიონატის პირველი წრის დასრულებამდე ორი ტურიღა დარჩა, შემოდგომის ჩემპიონის ვინაობა კი ჯერაც არაა ცნობილი, რაც სენსაციაა. წინა ტურში "ბაიერნის" წაგებამ ბუნდესლიგას მთავარი ინტრიგა დაუბრუნა - "გლადბახმა" დაამტკიცა, რომ ხანდახან რეკორდმაისტერის დამარცხებაც შესაძლებელია.

მე-16 ტური დღეს ძალიან კარგ ფორმაში მყოფი "მაინცისა" და სარდაფში მოყურყუტე "შტუტგარტის" დაპირისპირებით იხსნება. ხვალ "ბაიერნი" "ინგოლშტადტს" მასპინძლობს, "ლევერკუზენი" კი "გლადბახს" და ეს ორივე მატჩი დერბია. გარდა ამისა, საკმაოდ საინტერესო იქნება "ჰოფენჰაიმისა" და "ჰანოვერის" ჯახი. დორტმუნდის "ბორუსია" კვირას თამაშობს.

მიონხენგლადბახში დაფიქსირებული 1:3 "ბაიერნის" პირველი ბუნდესლიგური მარცხი
იყო მიმდინარე სეზონში (13/1/1). "წაგება არავის სიამოვნებს, მაგრამ ეს იმის მაუწყებელია, რომ ჩვენც ამ პლანეტიდან ვართ", - ეს ბავარიელთა სპორტული დირექტორის, მათიას ზამერის სიტყვებია. მოკლედ, ამ წაგების მერე მიუნხენში თავი იმით იმართლეს - ჩვენც ადამიანები ვართო.

ახლა კი "ბაიერნი" "ინგოლშტადტს" ხვდება - გუნდს, რომელიც ასევე ბავარიულია, ელიტაში წელს აღზევდა და საკმაოდ სტაბილურად თამაშობს (5 მოგება, 5 ფრე, 5 წაგება). "ეს ისეთი თამაშია, რომელსაც ყველაზე მეტად ველოდი, რადგან ბუნდესლიგაში ახალბედა მწვრთნელი ვარ, - აცხადებს ინგოლშტადტელთა თავკაცი რალფ ჰაზენჰიუტლი. - მე მგონი, ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო კლუბს ვხვდებით, მაგრამ შეშინებული თაგვებივით არ ვითამაშებთ და ჩვენი შანსის გამოყენებას ვეცდებით".

აქვე გეტყვით, რომ "ინგოლშტადტს" "აუდი" აფინანსებს და ეს ავტომწარმოებელი "ბაიერნის" გენერალური სპონსორიცაა...

ნაჩემპიონთალიგარი "ვოლფსბურგი"
გასულ შაბათამდე "ვოლფსბურგი" საკუთარ "ფოლკსვაგენ არენაზე" უძლეველი გუნდი იყო. თავად განსაჯეთ: "მგლებს" საკუთარ მოედანზე ბუნდესლიგის ზედიზედ 29 შეხვედრაში არ ჰქონდათ წაგებული და ეს შესანიშნავი სერია დორტმუნდის "ბორუსიამ" შეწყვიტა, რომელმაც ვოლფსბურგში 2:1 მოიგო.

თუმცა ვოლფსბურგელებმა ეს შოკი იოლად გადაიტანეს და სამ დღეში ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ მატჩში თვით "მანჩესტერ იუნაიტედი" დაამარცხეს (3:2) და არსებობის ისტორიაში პირველად გავიდნენ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში. ახლა კი "ვოლფებს" ერთ კვირაში მესამე საშინაო მატჩი ელით: "ფოლკსვაგენ არენას" "ჰამბურგი" სტუმრობს.

ჰამბურგელებს კვლავ ტრავმირებული ჰყავთ მთავარი გოლეადორი პიერ-მიშელ ლასოგა და რაკი მისი შემცვლელი შიპლოკი არაფრად ვარგა (არცერთი გოლი ამ სეზონში), ჩრდილოელებს ისევ ლასოგას სწრაფი გამოჯანმრთელების იმედი აქვთ, რაც ამ თამაშისთვის, ალბათ, მაინც ვერ მოესწრება.

"ვერდერი" თუ "კიოლნი"?
"ვერდერის" ნეგატიური რეკორდი პირველ წრეში 17 მატჩში 17 ქულაა, ამ სეზონში კი ბრემენელებს 15 ტურის შემდეგ 14 ქულა აქვთ. პირველი წრის ბოლომდე მხოლოდ ორი ტურია დარჩენილი და "ვერდერი" იმდენად ცუდ ფორმაშია (0/1/2), რომ თითქმის არავის სჯერა, ამ ორ შეხვედრაში სამზე მეტ ქულას თუ აიღებს.

პლუს ამას, გუნდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა იუნუზოვიჩიც ტრავმირებულია. ბრემენელთა მეტოქე ამჯერად "კიოლნია" - გუნდი, რომელიც ამ სეზონში "ვერდერზე" უკეთ კი გამოიყურება, მაგრამ არც ისე კარგად, რომ ქებას იმსახურებდეს და, თანაც, კიოლნელებსაც სამმატჩიანი მოუგებელი სერია აქვთ. "კიოლნისთვის" ისიც სერიოზული პრობლემაა, რომ ბოლო სამ შეხვედრაში ერთი გოლიც კი ვერ გაიტანეს და საერთოდ, 15 ტურში მხოლოდ 15 ბურთი აქვთ გატანილი.

ბოლოს და ბოლოს, მოიგებს "ჰოფე"?
ამ სეზონში ყველაზე სუსტი ჯერჯერობით "ჰოფენჰაიმია" (მე-18), მაგრამ არც "ჰანოვერია" (მე-14) სახარბიელო მდგომარეობაში და ეს გუნდები ამ ტურში ერთმანეთს ხვდებიან. "ჰოფეს" ამ სეზონში საკუთარ მოედანზე ერთი თამაშიც კი არ აქვს მოგებული და "სოფლელებს" ძალიან უნდათ, რომ ქომაგებს პირველ წრეში ერთხელ მაინც ასიამოვნონ.

აქვე ისიც ვთქვათ, რომ ჰუუბ სტევენსის ხელში "ჰოფენჰაიმმა" 15 შესაძლოდან ოდენ 4 ქულა აიღო. შესაძლოა, თამაშის ხარისხი გამოვასწორეთ, მაგრამ ისევ ბოლო ადგილზე ვართ და შესაბამისად ძალიან უკმაყოფილო ვარო, აბობს სტევენსი. "ჰანოვერის" მთავარი პრობლემა კი კვლავ არასტაბილურობაა.

ამ კლუბის ხელმძღვანელები უკვე აღარ მალავენ, რომ შეეგუენ არსებულ ვითარებას და ხვდებიან, რომ "ჰანოვერს" ამ სეზონში პირველ ბუნდესლიგაში დარჩენისთვის მოუწევს ბრძოლა.

ბრწყინვალე "გლადბახი" ლევერკუზენში
ტურის მთავარი მატჩი ამავდროულად დერბიცაა: "ლევერკუზენი" "გლადბახს" მასპინძლობს. "ფარმაცევტები" ძალიან ცუდ სეზონს ატარებენ: ბუნდესლიგაში პირველი წრის მიწურულს მე-8 ადგილზე იმყოფებიან და უკვე ექვსი წაგება აქვთ, ჩემპიონთა ლიგას კი ორიოდე დღის წინ დაემშვიდობნენ - "ბაიერი" ჯგუფში ჩარჩა.

ჰოდა, შეუძლია ასეთ "ლევერკუზენს" წარმატების მიღწევა ისეთ "გლადბახთან", რომელიც შესანიშნავ ფორმაშია და წინა ტურში თვით "ბაიერნი" დაამარცხა? ანდრე შუბერტის ხელში მიონხენგლადბახელებს ბუნდესლიგაში საუკეთესო შედეგი აქვთ - 8 მოგება, 2 ფრე, არც ერთი მარცხი.

44 წლის შუბერტმა დაამტკიცა, რომ ძალიან საინტერესო სპეციალისტია - თუნდაც იმითაც, რომ კრისტენსენის, დაჰუდისა და ელვედის სახით ძირითად შემადგენლობაში ერთბაშად სამ 19 წლის ფეხბურთელს ათამაშებს. თუმცა ჩემპიონთა ლიგაში ვერც "გლადბახმა" მიაღწია "ლევერკუზენზე" უკეთეს შედეგს - თუკი "ბაიერი" "ბარსელონამ" და "რომამ" ჩატოვეს, მიონხენგლადბახელებმა მერვედფინალში "მანჩესტერ სიტი" და "იუვენტუსი" გაუშვეს.

"დორტმუნდის" ადვილი საშინაო დავალება?
კვირის პირველ შეხვედრაში "აუგსბურგი" "შალკეს" მასპინძლობს, მაგრამ მეორე მატჩი უფრო საინტერესოა:

"დორტმუნდი" "აინტრახტის" წინააღმდეგ. იმისათვის, რომ ბუნდესლიგამ უინტრიგოდ არ გამოიზამთროს, დორტმუნდელებმა ეს შეხვედრა აუცილებლად უნდა მოიგონ, თუმცა ის, რაც იოლ საშინაო დავალებად გვეჩვენება, შესაძლოა, სულაც არ იყოს ადვილი, რადგან "აინტრახტს" სჩვევია "დორტმუნდთან" გამოფხიზლება.

არადა, ფრანკფურტელები, პირდაპირ ვთქვათ, ძალიან ცუდ ფორმაში არიან - ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია აქვთ და ზედიზედ სამი თამაში წააგეს. "დორტმუნდი" კი საკუთარ მოედანზე დაუმარცხებელია. "აინტრახტის" პრობლემა ისიცაა, რომ რუსის, სამბრანოსა და შტენდერას სახით, ფრანკფურტელებს სამი წამყვანი ფეხბურთელი დისკვალიფიცირებული ჰყავთ.

პარასკევი. 11 დეკემბერი
მაინცი-შტუტგარტი 23:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბალოგუნი, სოტო - ლანგერაკი, კლაინი, დიდავი, გინჩეკი, ჰარნიკი
ურთიერთშეხვედრები
სულ 18 მატჩი: +5=5-8 (26-31)
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +1=1-4

შაბათი. 12 დეკემბერი
ბაიერნი-ინგოლშტადტი 18:30
დისკვალიფიკაცია: - მორალესი
ტრავმა: ალაბა, ხუან ბერნატი, დუგლას კოშტა, გიოტცე, რიბერი, რობენი - დანილო, ენგელი, ზუტნერი
ურთიერთშეხვედრები
არ უთამაშიათ
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +1=2-3

ვოლფსბურგი-ჰამბურგი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: როდრიგესი, ლუიშ გუსტავო - კლებერი, ეკდალი, კაჩარი
ურთიერთშეხვედრები
სულ 36 მატჩი: +14=13-9 (60-47)
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +3=1-2

ვერდერი-კიოლნი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ვოლფი, იუნუზოვიჩი, ილდირიმი, იოჰანსონი
ურთიერთშეხვედრები
სულ 86 მატჩი: +33=20-33 (140-148)
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +1=3-2

ჰოფენჰაიმი-ჰანოვერი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: - ბეხი, კიიოტაკე, კლაუსი, ზობიხი
ურთიერთშეხვედრები
სულ 14 მატჩი: +9=2-3 (31-17)
ბოლო 6 მატჩი
+0=4-2 +2=0-4

დარმშტადტი-ჰერტა 18:30
დისკვალიფიკაცია: ნიმაიერი
ტრავმა: - კრაფტი, პეკარიკი, შტარკი, ჩიგერჩი, ალაგუი, შიბერი
ურთიერთშეხვედრები
სულ 2 მატჩი: +0=1-1 (0-1)
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +4=0-2

ლევერკუზენი-გლადბახი 21:30
დისკვალიფიკაცია: ბიონიში
ტრავმა: იედვაი, არანგისი, ლ. ბენდერი - ალვარო დომინგესი, შტრანცლი, ჰერმანი, ნ. შულცი, ჰანი
ურთიერთშეხვედრები
სულ 66 მატჩი: +24=26-16 (121-98)
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +4=2-0

კვირა. 13 დეკემბერი
აუგსბურგი-შალკე 18:30
დისკვალიფიკაცია: ვერჰაეგი
ტრავმა: ს. პარკერი, ტობიას ვერნერი - გიფერი, ნასტასიჩი, უჩიდა, ჰიოგერი
ურთიერთშეხვედრები
სულ 8 მატჩი: +0=3-5 (5-14)
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +1=2-3

დორტმუნდი-აინტრახტი 20:30
დისკვალიფიკაცია: - რუსი, სამბრანო, შტენდერა
ტრავმა: დურმი, გიუნდოგანი, შაჰინი - ბალაიევი, ანდერსონი, ფლუმი, კიტელი, კასტაინოსი
ურთიერთშეხვედრები
სულ 84 მატჩი: +40=16-28 (155-112)
ბოლო 6 მატჩი
+5=0-1 +1=2-3

ბომბარდირები: 17 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 14 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 13 - თომას მიულერი (ბაიერნი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული