მესუთ იოზილი ისევ გერმანიის საუკეთესო ფეხბურთელია!

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრების გულშემატკივრების რჩეული ისევ მესუთ იოზილია! ბუნდესგუნდის ფან-კლუბმა ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველი ზედიზედ მესამედ აღიარა ბუნდესგუნდის წლის საუკეთესო ფეხბურთელად.

აღსანიშნავია, რომ იოზილმა კონკურენტებს საკმაოდ დიდი უპირატესობით აჯობა. ფან-კლუბის ოფიციალურ გამოკითხვაში იოზილმა ხმების 30 პროცენტზე მეტი მიიღო. მეორე ადგილზე გერმანიის ნაკრების კაპიტანი ფილიპ ლამი გავიდა, რომელსაც ხმების 17.54 პროცენტი ერგო, მესამეზე კი - ბაიერნელი თომას მიულერი (13.68%).

"ამ წოდებამ კიდევ ერთხელ გამაბედნიერა. ეს ჩემთვის საუკეთესო ჯილდოა, რადგან მისი შედეგი გულშემატკივრების გამოკითხვაზეა დაფუძნებული, გულშემატკივრები კი ჩვენი, ფეხბურთელების ნომერ პირველი და საუკეთესო შემფასებლები
არიან. ეს აღიარება ჩემთვის მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის წინ უდიდეს პასუხისმგებლობასაც ნიშნავს. 2013 წელი ჩემთვის ძალიან საინტერესო და დაძაბულიც იყო, რადგან სწორედ ამ წელს გადავედი "რეალიდან" "არსენალში"
, - უთხრა იოზილმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს.

საუკეთესო გოლის ავტორი ხედირაა
ბუნდესგუნდის ქომაგებმა 2013 წლის საუკეთესო გოლიც გამოავლინეს და როგორც გაირკვა, მათი აზრით, გერმანიის ნაკრების წლის ულამაზესი გოლის ავტორი სამი ხედირაა. ეს არის გოლი, რომელიც ხედირამ საფრანგეთს 2:1-ზე მოგებულ შეხვედრაში გაუტანა.

"ბევრი გოლი არ გამაქვს და აქედან გამომდინარე, ამ აღიარებამ ორმაგად გამახარა. მიხარია, რომ შევძელი ისეთი გოლის გატანა, რომელიც გულშემატკივრებს ძალიან დიდხანს ემახსოვრებათ,"
- აცხადებს ხედირა.

აქვე ვთქვათ, რომ მეორე ადგილზე ტონი კროოსის გოლი (ავსტრიასთან, 3:0) გავიდა, მესამეზე კი მარიო გიოტცესი, რომელიც მან 15 ოქტომბერს შვედეთს (5:3) გაუტანა.

შეგახსენებთ, რომ სამი ხედირას საკმაოდ სერიოზული ტრავმა აქვს და მსოფლიოს ჩემპიონატზე მისი ასპარეზობა ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშაა. სამის თქმით, ეს აღიარება მისთვის დამატებითი მოტივაციაა - "რეალის" საყრდენი ნახევარმცველი ზაფხულამდე გამოჯანმრთელებას იმედოვნებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული