მაქს კრუზე - გერმანული ფეხბურთის ახალი სახე

AutoSharing Option
მარიო გომესი 28 წლისაა, მიროსლავ კლოზე - 35-ის... გერმანიის ნაკრების თავდასხმას ახალი სახეები სჭირდება და ერთ-ერთი ასეთი 25 წლის მაქს კრუზეა. იოახიმ ლიოვს მისი კარგი თამაში უყურადღებოდ არ დარჩენია და კრუზემ "ნაციონალმანშაფტში" უკვე 5 მატჩის ჩატარება და ერთი გოლის გატანა მოასწრო.

იგი 11 გოლითა და 8 საგოლე გადაცემით, "ფრაიბურგის" წინა სეზონის წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი გახლდათ, მიმდინარე სეზონში კი "გლადბახში" ბრწყინავს - 12 მატჩში 7 გოლი და 4 საგოლე პასი მოასწრო. მიონხენგლადბახელები ახლა მე-4 ადგილზე არიან. ისინი ამ პოზიციის შენარჩუნებას
და შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურის მოპოვებას შეეცდებიან.

ამისთვის მათ "ბორუსია პარკის" გარეთაც უნდა დაიწყონ ქულების დაგროვება. გუნდი სახლში ყველას უგებს, აი, გასვლაზე კი პირველი გამარჯვება ახლახან მოიპოვა კრუზეს დუბლით, მისი ბავშვობის ოცნების კლუბთან - "ჰამბურგთან". ვნახოთ, თავად რას გვეტყვის ჰამბურგის სიახლოვეს, რაინბეკში დაბადებული ბრემენის "ვერდერის" აღზრდილი თავდამსხმელი.

- თქვენი თავგადასავალი "გლადბახში" ბრწყინვალედ მიმდინარეობს. ელოდით, რომ ახალ გუნდს ასე მალე და უპრობლემოდ შეეწყობოდით?
- რასაკვირველია, ამის იმედი მქონდა. "ფრაიბურგში" ფანტასტიკური სეზონი გავატარე და მსურდა იმავე ან უფრო მაღალ დონეზე თამაშის გაგრძელება. ადაპტაცია საერთოდ არ გამჭირვებია, კლუბმაც გამიადვილა საქმე, აქ ჩინებული ატმოსფეროა. ზოგადად, მე ძალიან გახსნილი და კონტაქტური პიროვნება ვარ. ეს მინდორზეც მეხმარება.

- "გლადბახის" შემტევმა ოთხეულმა - არანგოს, ჰერმანის, რაფაელისა და თქვენი სახით, ბუნდესლიგაში ცეცხლი დაანთო, თუმცა შეძლებთ მთელი სეზონი ასე გაგრძელებას?
- ამაზე ბევრს ვმუშაობთ და ვცდილობთ, ვარჯიშებზე კიდევ უფრო უკეთ შევთამაშდეთ. ჯერჯერობით ყველაფერი კარგად გამოგვდის. თუმცა მე მარტო 4 ფეხბურთელს არ გამოვარჩევდი. ჩვენი წარმატებები მთლიანად გუნდის დამსახურებაა. გვესმის, რომ ბევრი უნდა ვიშრომოთ და ბოლომდე დავიხარჯოთ.

- როგორ ფიქრობთ, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა თქვენს გუნდს რეალურად შეუძლია? რა არის საჭირო იმისთვის, რომ "გლადბახი" გახდეს ევროტურნირების რეგულარული მონაწილე?
- ჩვენი მიზანი უახლოესი წლების განმავლობაში ათეულში სტაბილურად დამკვიდრებაა. ვფიქრობ, გუნდს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ სეზონი ექვსეულში დაასრულოს. თუ ეს მოხდა, კლუბისთვის ეს დიდი წარმატება იქნება, რადგან წინა სეზონის შედეგი გაუმჯობესდება. ევროტურნირზე მოხვედრა პირადად ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია და ამაზე ვოცნებობ, რადგან საკლუბო დონეზე საერთაშორისო გამოცდილება ჯერ არ მქონია.

- "ფრაიბურგიდან" წამოსვლისას გული არ დაგწყდათ? იქ ხომ ევროსარბიელზე თამაშის საშუალება გექნებოდათ?
- არა. როგორც ვთქვი, "ფრაიბურგში" ძალიან კარგი სეზონი გავატარე და ევროპის ლიგის საგზური მოვიპოვეთ, მაგრამ არარეალურად ჩანდა ის, რომ მსგავს წარმატებას გუნდი ისევ გაიმეორებდა; აი, "გლადბახს" კი აქვს ამბიცია, ყოველ სეზონში ითამაშოს ევროტურნირებზე. მჯეროდა, სწორ ნაბიჯს ვდგამდი და ახლა ამაში დავრწმუნდი, "ბორუსიამ" მოლოდინი გამიმართლა. კლუბში ბევრი კარგი ახალი ფეხბურთელია, თავს კომფორტულად ვგრძნობ და ჯერჯერობით წარმატებულად გამოვდივართ.

- ახალგაზრდობაში თქვენ "ჰამბურგში" თამაშზე ოცნებობდით. გიჭირთ მათ წინააღმდეგ ბურთის გორება? თუ პირიქით, ეს დამატებით სტიმულს გაძლევთ და აჩვენებთ ჰამბურგელებს, თუ ვინ და რა დაკარგეს მათ?
- რა თქმა უნდა, ჰამბურგში თამაში ჩემთვის განსაკუთრებული იყო. ჩემი მოტივაცია არ გახლდათ იმის ჩვენება, თუ რა დაკარგეს მათ. დუბლი შევასრულე და მოვიგეთ, რამაც ძალიან გამახარა, რადგან ეს ჩვენი პირველი საგარეო გამარჯვება იყო სეზონში.

- როგორ ფიქრობთ, არის გუნდი გერმანიაში, რომელსაც "ბაიერნისა" და "დორტმუნდისთვის" კონკურენციის გაწევა შეუძლია?
- არა მგონია. "ლევერკუზენიც" ბრწყინვალედ გამოიყურება, მაგრამ ვფიქრობ, ჩემპიონის ვინაობა "ბაიერნსა" და "დორტმუნდს" შორის გაირკვევა. მესამეზე "ლევერკუზენს" მოვიაზრებ. ამ სამი გუნდის შემდეგ კი ყველაფერი შესაძლებელია და ჩვენ, არაერთ კონკურენტთან ერთად, მე-4-მე-6 ადგილებისთვის ვიბრძვით.

- კარიერაში სულ შემტევად თამაშობდით, მაგრამ სხვადასხვა პოზიციაზე. ახლა კი ტიპური თავდამსხმელი ხართ და ამ ამპლუაში თავს ძალიან კარგად გრძნობთ...
- წლების მანძილზე მართლაც ვიცვლიდი პოზიციებს. თავიდან ფლანგებზე ვიყავი, შემდეგ ცენტრში გადავინაცვლე, შემტევ ნახევარმცველად; ახლა კი თავდამსხმელი ვარ, მაგრამ რასაკვირველია, არა საჯარიმოს ფორვარდი. ყოველთვის პლეიმეიკერობა მინდოდა. წლების წინ ამას 10 ნომერს ვეძახდით, ახლა გერმანიაში ამას "ნოინაინჰალბერი"(ცხრა-ნახევარი) ჰქვია.

ამ ამპლუაში ყოფნისას, მატჩში მუდმივად ჩართული ხარ, ამიტომაც მომწონს და თავს კომფორტულად ვგრძნობ. თუმცა, რომელ პოზიციაზეც უნდა ვიყო, ყოველთვის ვეცდები, მაქსიმალური სარგებელი მოვუტანო გუნდს.

- თანამედროვე ფეხბურთში კლასიკური 9 ნომერიც ხომ არ ქრება ნელ-ნელა, რადგან უკვე ფორვარდებსაც უკან დახევა და მომენტების თავად შექმნაზე ზრუნვა უწევთ?
- ცვლილებები, უდავოდ, არის. დღეს ფეხბურთში კარგი ტექნიკური არსენალის მქონე ნახევარმცველებს ხშირად იყენებენ თავდამსხმელებად. თუმცა კიდევ ბევრი გუნდია, რომელიც კლასიკური ტიპის ფორვარდით თამაშობს და არ მგონია, რომ ამ ამპლუის ფეხბურთელები ოდესმე გაქრნენ. დანარჩენი უკვე ამა თუ იმ გუნდის სათამაშო სტილზეა დამოკიდებული. ტაქტიკური კუთხით, ადაპტაციის არანაირი პრობლემა არ მაქვს, რადგან ამის დიდი გამოცდილება შევიძინე და ჩემს ერთ-ერთ მთავარ დადებით თვისებად იმასაც ვთვლი, რომ ალღოს ყველაფერს სწრაფად ვუღებ.

- მას მერე, რაც მარიო გომესი და მიროსლავ კლოზე მომჯობინდებიან, შეძლებთ ნაკრებში ადგილის შენარჩუნებას და 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრას?
- იქამდე შორია და ამაზე ახლა არ ვფიქრობ. ნაკრებში, უბრალოდ, თამაშიც საკმარისია და იმ შემადგენლობის წევრობა, რომელიც მუნდიალისთვის ემზადება, ახდენილი ოცნებაა. მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში ფეხბურთელის უდიდესი მიღწევაა, თუმცა იქამდე ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, მაგალითად, მძიმე ტრავმა. ასე რომ, ახლა ამაზე ფიქრს აზრი არ აქვს.

- რამდენიმე მაღალი დონის მწვრთნელთან ერთად გიმუშავიათ. რომელი იყო საუკეთესო?
- კონკრეტულად ერთს და საუკეთესოს ვერ გამოვარჩევ. ყველასგან ვისწავლე. "ზანქტ პაულიში" ანდრე შუბერტი იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რომელმაც ფლანგიდან ცენტრში გადამიყვანა. რასაკვირველია, "ფრაიბურგში" ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა კრისტიან შტრაიხმა. მისი მადლიერი ვარ, რადგან ბუნდესლიგაში თამაშის საშუალება მომცა. ახლა ჩემი მწვრთნელი ლუსიენ ფავრია და ვგრძნობ, რომ უკვე მაქვს გარკვეული პროგრესი. თუმცა, მთლიანობაში, კიდევ ბევრი უნდა ვიმუშაო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მაქს კრუზე: "მიონხენგლადბახში" ჩემი ადგილი ვიპოვე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული