ვინ იხსნის "ნიურნბერგს"?

AutoSharing Option
"ჰამბურგთან" განადგურებით (0:5) "ნიურნბერგის" ხელმძღვანელები ისე აღშფოთდნენ, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი მიხაელ ვიზინგერი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. 40 წლის სპეციალისტმა ფრანკების დამრიგებლად მხოლოდ 287 დღე იმუშავა, ახლა კი ნიურნბერგელები ახალ მწვრთნელს ეძებენ.

"გადაწყვეტილების მიღება გაგვიჭირდა, მაგრამ ერთობლივი მსჯელობის შემდეგ ხელმძღვანელები იმ დასკვნამდე მივედით, რომ მიხაელ ვიზინგერი და მისი ასისტენტი არმინ როიტერშანი უნდა დაგვეთხოვა," - აცხადებს "ნიურნბერგის" მენეჯერი მარტინ ბადერი. შეგახსენებთ, რომ ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ეს მწვრთნელის მესამე გათავისუფლებაა. ვიზინგერამდე "შტუტგარტში" ბრუნო ლაბადია დაითხოვეს, "ჰამბურგში" კი - ტორსტენ ფინკი.

ვიზინგერის გაგდების მთავარი მიზეზი
არა "ჰამბურგთან" სამარცხვინო წაგება, არამედ ის არის, რომ ფრანკებს 8 ტურის შემდეგ არცერთი მოგება არ აქვთ. მიხაელი "ნიურნბერგში" 2012 წლის 24 დეკემბერს დაინიშნა და მაშინ "ვოლფსბურგში" გადაბარგებული დიტერ ჰეკინგი შეცვალა. ვიზინგერის ხელში ფრანკებმა 26 შეხვედრა ჩაატარეს და საშუალოდ ერთ მატჩში 1.12 ქულას იღებდნენ.

"ბილდის" ინფორმაციით, "ნიურნბერგის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ტოპ-კანდიდატი შვეიცარიელი კრისტიან გროსია. 59 წლის სპეციალისტი ბოლოს, 2012 წლის აპრილამდე ბერნის "იანგ ბოიზს" წვრთნიდა, მას მერე კი უმუშევარია. გროსს გერმანიაში მუშაობის გამოცდილება ("შტუტგარტის" თავკაცი იყო) აქვს.

საუბარია "ვერდერიდან" გათავისუფლებულ და ასევე უმუშევარ თომას შააფზეც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ნიურნბერგი" მიხაელ ვიზინგერს ჩააბარეს