ჰანს-იოახიმ ვატცკე: იურგენ კლოპს არასდროს გავათავისუფლებ!

AutoSharing Option
დორტმუნდელები ბუნდესლიგის ცხრილს ოთხი ტურის შემდეგ ერთპიროვნულად ლიდერობენ. პარალელურად, დორტმუნდში მწვრთნელზე ლაპარაკობენ.

"ბორუსიას" მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპს BVB-სთან კონტრაქტი 2016 წლამდე აქვს გაფორმებული და მიუხედავად იმისა, რომ მანამდე, მიმდინარე სეზონის ჩათვლით, სამი სეზონია, კლუბის ხელმძღვანელებს უნდათ, რომ 46 წლის კლოპმა ახალი კონტრაქტი გააფორმოს.

ამაში გასაკვირი არაფერია: კლოპი "დორტმუნდს" 2008 წლიდან ავარჯიშებს - ამ ხნის განმავლობაში მან ორჯერ მოიგო გერმანიის ჩემპიონატი (2011, 2012), ერთხელ დაეუფლა გერმანიის თასს (2012) და გასულ სეზონში შავ-ყვითლები, ყველასათვის მოულოდნელად, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა.

შესაბამისად, "ბორუსიას" გენერალურ
მენეჯერ ჰანს-იოახიმ ვატცკესთვის ეს ყველაფერი საკმარისი მიზეზია საიმისოდ, რომ კლოპის შესაძლებლობებში ეჭვი არათუ ახლა, არასდროს შეეპაროს.

"თამამად შემიძლია ვთქვა, რომ იურგენ კლოპს არასდროს გავათავისუფლებ. არასდროს! - აცხადებს 54 წლის ფუნქციონერი "კიკერისთვის" მიცემულ ინტერვიუში, რომელიც 9 სექტემბერს გამოქვეყნდა - 2016 წელს, როცა აქტუალურ ხელშეკრულებას ვადა გასდის, იურგენს დორტმუნდში მუშაობის დაწყებიდან 8 წელი შეუსრულდება, რაც საკმაოდ დიდი დროა, მაგრამ ამ ხნის მანძილზე მას სადავეები ხელიდან ერთხელაც არ გაქცევია.

პირიქით, კლოპის ხელში "ბორუსია" მუდმივად ვითარდება და სულ უფრო და უფრო უკეთეს ფეხბურთს აჩვენებს. შესაბამისად, ჩვენ, კლუბის ხელმძღვანელები ახლავე დაინტერესებულები ვართ იმით, რომ მას ახალი კონტრაქტი გავუფორმოთ".

ვატცკემ კლოპით აღფრთოვანება ჯერ კიდევ აპრილში გამოხატა - მაშინ მან იურგენს თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი უწოდა. "დორტმუნდის" შეფი ახლა კიდევ უფრო დარწმუნებულია იმაში, რომ კლოპის სახით მის კლუბს პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ჰყავს.

გერმანიაში დიდი ხანია დაიწყო საუბრები იმის შესახებ, რომ შესაძლოა, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შემდეგ კლოპი გერმანიის ნაკრებში მიიწვიონ და ამთავითვე ცხადია, რომ იურგენს ასეთ წინადადებაზე უარის თქმა ძალიან გაუჭირდება, მაგრამ ვატცკეს არ ეშინია, რომ გერმანიის საფეხბურთო კავშირი მას კლოპს წაართმევს:

"მნიშვნელობა არა აქვს, რა მოხდება 2014 წლის მუნდიალზე ბრაზილიაში - კლოპი ბუნდესმწვრთნელის თანამდებობაზე არ გადაინაცვლებს! ჩვენ მასთან შეთანხმებულები ვართ, რომ დორტმუნდში დარჩება".

საერთოდაც, ვატცკე მიიჩნევს, რომ იურგენისთვის გერმანიის ნაკრების ჩაბარება ჯერ ადრეა. არა იმიტომ, რომ კლოპი ამისათვის მზად არაა, არამედ იმის გამო, რომ ჯერ ზედმეტად ახალგაზრდაა იმისათვის, რომ ყოველდღიურ დატვირთვაზე უარი თქვას და გადაინაცვლოს ნაკრებში, სადაც ხანგრძლივი პაუზები და, საკლუბო ფეხბურთთან შედარებით, სიმშვიდე ელის.

"ჩემი აზრით, კლოპი იმდენად ენერგიულია, რომ სულაც არ ესიამოვნება, რამდენიმე კვირა არაფერი რომ არ აკეთოს. ვფიქრობ, მას ჩემპიონთა ლიგისა და ბუნდესლიგის ყოველდღიური გამოწვევები სჭირდება," - აცხადებს ვატცკე.

"დორტმუნდის" შეფი ამ სეზონში მიზნად მინიმუმ ერთი ტიტულის მოპოვებას ისახავს.

ვატცკე: "ბორუსიას" ტიტულების მოგება გენში აქვს. ეს ყოველთვის ასე იყო, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ოთხი ტურის შემდეგ პირველ ადგილზე ვართ, მე მაინც არ ვიტყვი, რომ წელს გერმანიის ჩემპიონობა აუცილებელია".

მოკლედ, ვატცკე კლოპით აღფრთოვანებულია და კლოპსაც არაერთხელ უთქვამს, დორტმუნდში უბედნიერესი ვარო. ალბათ, ამიტომაც უგრძელებენ გერმანიის ნაკრების თავკაც იოახიმ ლიოვს კონტრაქტს 2016 წლამდე, რაზეც 9 სექტემბრის "ლელოში" ვწერდით...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
იურგენ კლოპი: ხანდახან მგონია, რომ პერესმა დილით არ იცის, სად და რაში დახარჯავს ფულს საღამოს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული