გერმანიის თასი. პირველი ეტაპი: მსხვერპლი მაინც არის!

AutoSharing Option
პარასკევს და შაბათს გერმანიის თასის პირველი რაუნდის მატჩებმა სენსაციის გარეშე ჩაიარა, მაგრამ ისე როგორ იქნებოდა, რომ პირველი ეტაპი ელიტის ყველა წარმომადგენელს გადაელახა?

"მსხვერპლი" კვირას იყო: გერმანიის თასის პირველ რაუნდს პირველი ბუნდესლიგის ერთბაშად ოთხი წარმომადგენელი გამოეთიშა: ელიტაში ახლახან აღზევებული "ბრაუნშვაიგი", "ნიურნბერგი" და რაც განსაკუთრებით მოულოდნელი იყო, გავარდნენ მიონხენგლადბახის "ბორუსია" და ბრემენის "ვერდერიც"!

"ვერდერი" შავ დღეშია! გერმანიის თასის პირველი ეტაპიდან გამოვარდნა ბუნდესლიგის წარმომადგენლისთვის უდიდეს სირცხვილს ნიშნავს, ბრემენულმა კლუბმა კი ეს სირცხვილი ზედიზედ მესამედ (!) ჭამა!

პრინციპში, ახალი სეზონისთვის მოსამზადებელ პერიოდშიც იგრძნობოდა, რომ რობინ დუტის გუნდი არასახარბიელო მდგომარეობაში იყო, რადგან "მუსიკოსებმა" ტესტ-მატჩების უმეტესობა წააგეს, ახლა კი, კრიზისი პირველივე ოფიციალურ მატჩში დადასტურდა და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ თავმომწონე კლუბს ამ სეზონშიც მხოლოდ გადარჩენისთვის მოუწევს ბრძოლა. ამის თქმის საფუძველს პირველ რიგში ის ფაქტი გვაძლევს, რომ "ვერდერს" გუნდის გასაძლიერებლად ფული არ აქვს.

სამარცხვინო "ვერდერი"
გუნდი, რომელმაც "ვერდერი" შეიწირა, მესამე ბუნდესლიგის წარმომადგენელი "ზაარბრიუკენია". მეტიც: ზაარლანდელები მესამე ლიგაშიც კი მე-18-ადგილოსნები არიან...

"უდიდესი სირცხვილი ვჭამეთ და ამ დარტყმის გადასატანად სერიოზული ფსიქოლოგიური და არა მარტო ფსიქოლოგიური სამუშაოებია ჩასატარებელი. საზარელი რეალობა ვნახეთ: მესამე ბუნდესლიგის ერთ-ერთმა უსუსტესმა კლუბმა დაგვჯაბნა და თასიდან გამოგვაგდო!" - "ვერედრის" მენეჯერი თომას აიხინი თამაშის შემდეგ ისეთ ხასიათზე იყო, მტერსაც რომ არ უსურვებს კაცი.

"ეს იყო ჩემი პირველი ოფიციალური მატჩი "ვერდერის" მთავარი მწვრთნელის რანგში და ასეთი შეხვედრის წაგება ყოველთვის საშინელებაა. ფაქტია, რომ ძალიან ბევრი სამუშაო მაქვს," - ეს კი რობინ დუტის სიტყვებია, რომელმაც ბრემენულ კლუბში თომას შააფი შეცვალა.

ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ "ვერდერი" გერმანიის თასის პირველივე ეტაპზე ზედიზედ მესამედ დამარცხდა, რაც ამ გუნდის ისტორიაში საზარელ ანტი-რეკორდს ნიშნავს: ბრემენელები 2011 წელს "ჰაიდენჰაიმთან" შერცხვნენ, 2012-ში "მიუნსტერთან", ახლა კი "ვერდერი" "ზაარბრიუკენმაც" შეარცხვინა და რაკი "მუსიკოსებს" ხარისხიანი ფეხბურთელების შეძენის ფული არ აქვთ, ტენდენცია იქითკენ მიდის, რომ დუტის სამწყსომ პირველ ბუნდესლიგაში დასარჩენად უნდა იბრძოლოს.

"გლადბახი" დარმშტადტში დაეცა
სწორედ მესამე ბუნდესლიგის წარმომადგენელმა დაიფრინა მიონხენგლადბახის "ბორუსიაც" - გუნდი, რომელიც "ვერდერზე" ამბიციურია. "გლადბახის" მასპინძელი "დარმშტადტი" გახლდათ და "ბიოლეფალტორ-შტადიონზე" 120-მა წუთმა უგოლოდ ჩაიარა, პენალტების სერიაში კი ჯუჯა გუნდმა იყოჩაღა. მიონხენგლადბახელთაგან ჯერ ჰოლანდიელმა გოლეადორმა ლუუკ დე იონგმა მიჰქარა, მერე კი ბრანიმირ ჰრგოტამ, რომელმაც "პანენკას სტილში" დაარტყა, მაგრამ ბურთი ძელს მოარტყა.

"ნიურნბერგმა" თასზე თამაში არ იცის
2007 წელს "ნიურნბერგმა" გერმანიის თასი მოიგო და მას მერე ფრანკებს ამ ტურნირზე აღარაფერი გამოსდით. შარშან "ნიურნბერგი" პირველივე რაუნდში მეოთხელიგელმა "ჰაველსემ" დაიფრინა, ახლა კი "ზანდჰაუზენმა"!

მატჩის წინ ფრანკების თავკაცმა მიხაელ ვიზინგერმა თქვა, პენალტების სერიაში არ გვივარჯიშია, რადგან ეს თამაში აუცილებლად 90 წუთში უნდა მოვიგოთო, მაგრამ საქმე სწორედ თერთმეტმეტრიანების სერიამდე მივიდა და ვიზინგერი აუცილებლად ინანებდა იმას, რომ შეგირდები პენალტებში არ ავარჯიშა - ბალიჩმა და პლატენჰარდტმა ვერ გაიტანეს და "ნიურნბერგი" გავარდა.

სხვამხრივ, გერმანიის თასის პირველ რაუნდს კვირას დიდი სენსაციები არ შემოუთავაზებია - თუ არ ჩავთვლით
იმას, რომ "ბრაუნშვაიგის" სახით ტურნირს მეოთხე ბუნდესლიგელიც გამოეთიშა. თუმცა ელიტაში ახლახან აღზევებული კლუბი ბილეფელდის "არმინიასთან" დამარცხდა (1:2), რაც დიდ სენსაციად არ უნდა მივიჩნიოთ.

გერმანიის თასი. პირველი ეტაპი

დარმშტადტი-გლადბახი 0:0 (5:4 პ.ს.)
გლადბახი (4-2-2-1-1): ტერ შტეგენი - კორბი, შტრანცლი, ალვარო დომინგესი, დემსი - კრამერი (92. ნორდტვეიტი), ჯაკა - რუპი (70. ლ. დე იონგი), ჰრგოტა - რაფაელი (92. ჰერმანი) - მ. კრუზე.
პენალტების სერია: 1:0 სულუ, 1:1 დემსი, 2:1 ზაილერი, 2:1 ლ. დე იონგი (მეკარე), 3:1 და კოშტა, 3:2 ჯაკა, 4:2 შტეგმაიერი, 4:3 მ. კრუზე, 4:3 შტრო-ენგელი (მეკარე), 4:4 შტრანცლი, 5:4 ივანა, 5:4 ჰრგოტა (ძელი).
მაყურებელი: 16 500

ზაარბრიუკენი-ვერდერი 1:1 (3:1 დ.დ.)
გოლები: 1:0 ფიშერი (45), 1:1 პრიოდლი (59), 2:1 შტეგერერი (105+1), 3:1 ციმერი (112)
ვერდერი (4-1-2-2-1): მილიტცი - ფრიტცი, პრიოდლი, კალდიროლა, გებრე სელასიე (107. ჰართერცი) - მაკიადი - იუნუზოვიჩი, ექიჩი (82. იოზ. ილდირიმი) - პეტერსენი, ფიულკრუგი (46. არნაუტოვიჩი) - ჰანტი.
მაყურებელი: 15 424

ზანდჰაუზენი-ნიურნბერგი 1:1 (4:3 პ. ს.)
გოლები: 0:1 გინჩეკი (27), 1:1 შაუერტე (58-პენ)
ნიურნბერგი (4-1-4-1): რ. შეფერი - ჩენდლერი, ნილსონი, პოგატეცი, პინოლა (113. პლატენჰარდტი) - ბალიჩი - კიოტაკე, ფოილნერი, გებჰარდტი (68. ფრანტცი), მაკი (88. დრმიჩი) - გინჩეკი.
პენალტების სერია: 0:1 კიოტაკე, 1:1 შაუერტე, 1:1 ბალიჩი (მეკარე), 2:1 ლიონინგი, 2:2 გინჩეკი, 3:2 ახენბახი, 3:3 ნილსონი, 4:3 დ. ბლუმი, 4:3 პლატენჰარდტი (მეკარე).
მაყურებელი: 8 500

დინამო (ბ)-შტუტგარტი 0:2
გოლები: 0:1 იბიშევიჩი (40), 0:2 იბიშევიჩი (76-პენ)
შტუტგარტი (4-2-3-1): ულრაიხი - შვააბი, ტასკი, ნიდერმაიერი, გ. საკაი - გენტნერი, ლაიტნერი - კაკაუ (68. ჰარნიკი), მაქსიმი, ტრაორე (80. ვერნერი) - იბიშევიჩი (80. აბდელაუ).
მაყურებელი: 9 227

შოტ იენა-ჰამბურგი 0:4
გოლები: 0:1 რუდნევსი (72), 0:2 რუდნევსი (76), 0:3 ვან დერ ვაარტი (79), 0:4 ზუა (83)
ჰამბურგი (4-2-3-1): დრობნი - დიკმაიერი, სობიეხი, ვესტერმანი (83. თაა), იანსენი - ბადელი (77. ჩალჰანოღლუ), არსლანი - ირაჩეკი (61. რუდნევსი), ვან დერ ვაარტი, ბაისტერი - ზუა.
მაყურებელი: 11 800

ვიქტორია-ჰანოვერი 0:2
გოლები: 0:1 ზობიხი (69), 0:2 ჰუშტი (93)
ჰანოვერი (4-2-3-1): ცილერი - ჰ. საკაი, ჰაგი, კ. შულცი, პანდერი - შტინდლი, ანდრეასენი (94. ჰოფმანი) - ბიტენკური (79. შმიდებახი), შლაუდრაფი (59. ზობიხი), ჰუშტი - მ. დიუფი.
მაყურებელი: 4 787

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გერმანიის თასი. I ეტაპი: დორტმუნდის "ბორუსია" ანერვიულეს!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული