ფელიქს მაგათი: ჯერ არ ვარ ბებერი!

AutoSharing Option
ფელიქს მაგათი უმუშევარია და როგორც ჩანს, სერიოზული გუნდები არ ეპატიჟებიან.

ორიოდე წლის წინ ასეთი რამ წარმოუდგენელი იყო, რადგან როცა "ვოლფსბურგს" ყველასათვის მოულოდნელად ბუნდესლიგა მოაგებინა, "დესპოტი ფელიქსი" ავანგარდში იყო და ამიტომაც გადაიბირა "შალკემ". მიუხედავად იმისა, რომ გელზენკირხენული კლუბი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გაიყვანა, "შალკეს" ხელმძღვანელებმა მიიჩნიეს, რომ იმედები ვერ გაამართლა და გაათავისუფლეს,

რის შემდეგაც "ვოლფსბურგში" დაბრუნდა, მაგრამ ვეღარც იქ ააწყო გუნდი. შედეგად, დღეს მაგათი უმუშევარია და სერიოზული გუნდები ალბათ მაინც იმის გამო აღარ უხმობენ, რომ მაგათი ძალიან მკაცრი სპეციალისტია - მის სიმკაცრეზე
ლეგენდები დადის. 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით "ბილდმა" "დესპოტ ფელიქსს" პატარა, მაგრამ ძალიან საინტერესო ინტერვიუ ჩამოართვა.

- ჰერ მაგათ, 60 წლის ასაკში თავს როგორ გრძნობთ?
- ჯერ არ დავბერებულვარ (იცინის). ძალიან გამიმართლა, ბავშვობაში ფეხბურთის გუნდი ჩემს სახლთან ახლოს რომ ვარჯიშობდა. მივედი, გუნდში ჩავეწერე და მას მერე მხოლოდ ფეხბურთით ვარ დაკავებული. სპორტის ამ სახეობის დამსახურებაა ის, რომ ცხოვერბაში კაცად ვიქეცი. რომ არა ფეხბურთი, არც კი ვიცი, რა უნდა მეკეთებინა და რით უნდა მეშოვნა საარსებო ფული. საბედნიეროდ, ცნობილი ფეხბურთელი და მერე ცნობილი მწვრთნელიც გავხდი. როცა შენთვის საყვარელ საქმეს აკეთებ და ამით ფულსაც შოულობ, ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს.

- "ვოლფსბურგიდან" წამოსვლის შემდეგ უმუშევარი ხართ და როგორც ჩანს, მაღალი დონის გუნდებში აღარ გეპატიჟებიან. სამწვრთნელო კარიერის დასრულებაზე ხომ არ ფიქრობთ?
- ფეხბურთი იყო, არის და იქნება ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. ახლა ერთი კითხვა მიტრიალებს თავში - გერმანიაში დავრჩე, თუ უცხოეთში წავიდე. ფაქტია, რომ სამწვრთნელო კარიერის დამთავრებას ჯერ არ ვაპირებ და აუცილებლაც ფეხბურთში უნდა ვიყო დასაქმებული.

- როგორ ფიქრობთ, რას მიაღწევს ხოსეპ გვარდიოლა "ბაიერნში"? რამდენად წარმატებული იქნება პეპის ფორმაციის რეკორდმაისტერი?
- გერმანიის ჩემპიონი 2014 წელსაც "ბაიერნი" გახდება - ამას წყალი არ გაუვა! ბავარიელები სავარაუდოდ გერმანიის თასსაც მოიგებენ. ყოველ შემთხვევაში, არა მგონია, რომ ამაზე ტოტალიზატორებში მაღალი კოეფიციენტები იყოს. რაც შეეხება ევროსარბიელს: ჩემპიონთა ლიგაში წარმატება ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული და "ბაიერნის" გულშემატკივრების ადგილზე ასეთ ეიფორიაში არ ვიქნებოდი. ინგლისური გრანდებს ბევრი ფული აქვთ და გუნდებს აძლიერებენ, ესპანელები კი იმედგაცრუებულები არიან და მოტივაცია მოემატათ. ცხადია, არც იტალიური გრანდები უნდა დაგვავიწყდეს.

- ვინ გახდება მსოფლიოს ჩემპიონი 2014-ში?
- კონფედერაციათა თასზე ბრაზილიამ ძალიან კარგად ითამაშა. თანაც, "სელესაო" მუნდიალის მასპინძელი და შესაბამისად, ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტია. გერმანიის ნაკრებიც ფავორიტად მიმაჩნია. რატომღაც მგონია, რომ ფინალი გერმანია-ბრაზილია უნდა იყოს.

- ასე რომ მოხდეს, რომელი მოიგებს?
- იმედია, გერმანია მოიგებს, მაგრამ გააჩნია, ვინ იქნება და როგორ იმოქმედებს მსაჯი...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დესპოტი ფელიქსი "ინტერის" სათავეში?
მკითხველის კომენტარები / 1 /
წადი რა, წაეთრიე რა
0
სიახლეები პოპულარული