თუ ლიოვი წავა, ზამერი მზადაა!

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი წარმატებით კი დაძლია, მაგრამ ბუნდესგუნდის მთავარი მწვრთნელის, იოახიმ ლიოვის მომავალი მაინც გაურკვეველია. როგორც ჩვენი გერმანელი კოლეგები იუწყებიან, გერმანიის საფეხბურთო კავშირის სპორტული დირექტორი მათიას ზამერი მზად არის, ლიოვი შეცვალოს. საუბრები იმის შესახებ, რომ ადრე თუ გვიან, იოგი სწორედ ზამერმა უნდა ჩაანაცვლოს, დიდი ხანია მიდის, მაგრამ ბოლო დროს, გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტმა თეო ცვანციგერმა მათიასის ქებას მოუხშირა. ზამერის კანდიდატურით აღფრთოვანებულია ფრანც ბეკენბაუერიც.

როგორც იცით, ლიოვს ახალი კონტრაქტი მუნდიალის დაწყებამდე უნდა გაეფორმებინა, მაგრამ მასსა და ცვანციგერს შორის
მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, რის გამოც გადაწყვეტილების მიღება ივლისისთვის გადაიდო. ლიოვმა ძალიან დიდი ხელფასი და ცვანციგერის აზრით, ზედმეტად დიდი ძალაუფლება მოითხოვა. გერმანიაში ყველა დარწმუნებულია, რომ მუნდიალის შემდეგ ლიოვთან ახალი კონტრაქტი არ გაფორმდება, რაც იმას ნიშნავს, რომ აგვისტოდან ბუნდესნაკრებს ახალი დამრიგებელი უნდა ჰყავდეს. სავარაუდო კანდიდატებს შორის ფავორიტი კი, ულაპარაკოდ მათიას ზამერია.

ცვანციგერი პირდაპირ ამბობს, თუ მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ლიოვთან ახალი ხელშეკრულების გაფორმება ვერ მოხერხდება, პირველ რიგში ზამერზე ვიფიქრებთო. "მათიასი გერმანიის საფეხბურთო კავშირის სპორტული დირექტორია და თავის საქმეს ბრწყინვალედ აკეთებს. ამასთან, ის შესანიშნავი მწვრთნელია და სხვადასხვა ასაკობრივი ახალგაზრდული ნაკრებების წარმატებებიც მისი დამსახურებაა, რადგან ბავშვთა ფეხბურთის კოორდინატორი სწორედ მათიასია. ახლა რომ ვთქვა, ზამერის კანდიდატურა გერმანიის ნაკრების მწვრთნელის პოსტზე არ განიხილება-მეთქი,
სასტიკად ვიცრუებ," - ასე ახასიათებს ცვანციგერი ევროპის 1996 წლის ჩემპიონს.

"მათიასი ჯერ კიდევ ფეხბურთელობის დროს აზროვნებდა ისე, როგორც მწვრთნელი უნდა აზროვნებდეს. ზამერი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი იყო და ჯერ კიდევ მაშინ ვფიქრობდი, რომ ის მწვრთნელობისთვისაა დაბადებული. ვფიქრობ, ის უკვე მზადაა ბუნდესმწვრთნელობისთვის," - ეს კი ბეკენბაუერის სიტყვებია.

მოკლედ, დისკუსიები დაიწყო და შეგახსენებთ, რომ ცვანციგერი და ბეკენბაუერი უმიზეზოდ ასე არავის აქებენ ხოლმე. გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტს ამ განცხადებებით ერთი მხრივ ლიოვის წნეხის ქვეშ მოქცევა სურს, მეორე მხრივ კი ის სერიოზულად ფიქრობს ზამერზე და შეიძლება ურჩევნია კიდეც ის, რომ ლიოვმა პოსტი დატოვოს და გერმანიის პირველი გუნდი მათიასმა ჩაიბაროს.

თვითონ 42 წლის ზამერი კი დუმილს აჯობინებს და დისკუსიებისგან თავს შორს იჭერს. მან სპეციალურად თქვა უარი იმაზე, რომ სამხრეთ აფრიკაში ჩასულიყო და გერმანიის ნაკრების ფეხბურთელები მოენახულებინა, რადგან არ უნდოდა, რომ ამით სპეკულაციები კიდევ უფრო გაეღვივებინა. ერთი რამ კი ცხადია: ზამერი ყოველთვის ოცნებობდა გერმანიის ნაკრების გაწვრთნაზე და შეთავაზების შემთხვევაში, ბუნდესმწვრთნელის თანამდებობაზე მუშაობას დიდი სიამოვნებით დათანხმდება.

ლიოვისა და გერმანიის ნაკრების მენეჯერ ოლივერ ბირჰოფისგან განსხვავებით, რომლებთანაც მათიასს მეგობრული ურთიერთობა ნამდვილად არ აკავშირებს, საფეხბურთო კავშირთან კონტრაქტი უკვე გააგრძელა (2013 წლამდე). თანაც, ზამერი არც დიდ ხელფასს ითხოვს და არც განსაკუთრებულ პირობებს. ის ყოველთვის ამბობდა, რომ გერმანიის ნაკრების მწვრთნელად მუშაობა ნებისმიერი სპეციალისტისთვის დიდი პატივი უნდა იყოს, რის გამოც ფუნქციონერებსა თუ გულშემატკივრებში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს.

ცნობილია ისიც, რომ ზამერი, რომელიც სპორტული დირექტორის თანამდებობაზე 2006 წლის 1 აპრილიდან მუშაობს, ძალიან მოსწონთ საფეხბურთო კავშირის სხვა შეფებსაც - მაგალითად, გენერალურ მდივან ვოლფგანგ ნირსბახს, რომელსაც ცვანციგერთან წონადი სიტყვა ეთქმის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ზამერის უმთავრესი პლუსი ის არის, რომ "შტუტგარტისა" და დორტმუნდის "ბორუსიას" ყოფილი მწვრთნელი, ლიოვის წასვლის შემთხვევაში, მაშინვე მზად იქნება, ბუნდესგუნდი ჩაიბაროს. შესაბამისად, ცვანციგერი თავიდან აიცილებს იმ ქაოსს, რაც ევროპის 2004 წლის ჩემპიონატის შემდეგ ხდებოდა, როცა რუდი ფიოლერმა ბუნდესმწვრთნელის პოსტი დატოვა. ბეკენბაუერის თქმით, მაშინდელი ქაოსი აღარ უნდა განმეორდეს.

ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, გამორიცხული არც ისაა, რომ ლიოვის წასვლის შემთხვევაში, გერმანიის ნაკრები მის ასისტენტ ჰანსი ფლიკს ჩააბარონ, რითაც გარკვეული ტრადიცია დამკვიდრდება: ლიოვიც ხომ იურგენ კლინსმანის ასისტენტი იყო...

გოტფრიდ ლენცი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული