ხამეს როდრიგესი: მიუნხენში დიდი ოცნების ასახდენად ჩამოვედი

AutoSharing Option
12 ივლისს კოლუმბიელი ხამეს როდრიგესი იუბილარი იყო. იგი 26 წლის გახდა, ფეხბურთელისთვის საუკეთესო ასაკში შევიდა.

თუმცა ხამესმა იმ დღეს დაბადების დღის ტორტზე მეტი მიიღო - მან "ალიანც არენაზე" ხელი მოაწერა "ბაიერნთან" ორწლიან საიჯარო ხელშეკრულებას და "რეკორდმაისტერის" ბოსებისგან 11-ნომრიანი მაისურიც მიიღო. მთელი დღის განმავლობაში ხამესი ყურადღების ცენტრში იყო, მან არც ინტერვიუ დაიშურა "ბაიერნის" ოფიციალური საიტისთვის...

- 26-ე დაბადების დღეზე მე მივიღე ახალი გამოწვევა, კულტურა და სიცოცხლე. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვიმყოფები. მიუნხენში ჩამოვედი უდიდესი სურვილით ჩემ ახალ კლუბთან ერთად წარმატებებს
მივაღწიო. "ბაიერნი" ტრადიციული კლუბია, რომელიც ყოველთვის მხოლოდ მოგებისთვის იბრძვის. მეც ასეთი ვარ, მინდა ჩემი ისტორია დავწერო ამ კლუბში. აქ დიდი ოცნებით ჩამოვედი და მინდა ეს ოცნება ავიხდინო.

- როგორ ფიქრობთ, "ბაიერნში" სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრის პრობლემა არ გექნებათ?
- "ბაიერნი" ევროპის სამ ტოპ კლუბშია. ასეთ გუნდებში კი ნებისმიერმა ვარსკვლავმა ბევრი უნდა იშრომოს, რომ სასტარტო შემადგენლობაში მოხვდეს. მეც ამას გავაკეთებ. მინდა, რომ გუნდს ტიტულების მოგებაში დავეხმარო, ამისთვის კი თავად უნდა ვიყო ძლიერი.

- თქვენ მეორე კოლუმბიელი იქნებით, ვისაც "ბაიერნში" უთამაშია...
- ძალიან ამაყი ვარ, რომ მეორე კოლუმბიელი ვარ "ბაიერნში". ვიცი, რომ 90-იან წლებში აქ ადოლფო ვალენსია თამაშობდა. ძალიან მიხარია, რომ მის გზას ახლა მე ვაგრძელებ.

- "რეალში" ტონი კროოსი თამაშობს, თუ დაეკითხეთ მას "ბაიერნის" შესახებ?
- რა თქმა უნდა, ტონისთან კონსულტაცია გავიარე. ყველაფერი გამოვკითხე მას კლუბისა და მიუნხენის შესახებ. მან მითხრა, რომ მიუნხენი ფანტასტიკური ქალაქია, ხოლო "ბაიერნი" დიდებული კლუბი.

- გერმანულის შესწავლას თუ აპირებთ?
- აუცილებლად შევეცდები, ვისწავლო გერმანული. როგორც კი ოჯახს ჩამოვიყვან და დავბინავდები, ენის სწავლას შევუდგები.


ხამესის ტრანსფერს "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი გამოეხმაურა: "ეს ჩემთვის განსაკუთრებული მომენტია. ბედნიერი ვარ, რომ ხამესი დღეს ჩვენთანაა. ის ძალიან კარგი პიროვნება და ბრწყინვალე შემტევი ნახევარმცველია. მისი კლასი მალე ყველასთვის ნათელი გახდება. დარწმუნებული ვარ, რომ "ბაიერნი" მასთან ერთად კიდევ უფრო კარგი გუნდი გახდება".

ანჩელოტიმ განაცხადა, რომ ხამესი იმდენად კარგ ფიზიკურ ფორმაშია, რომ მან შესაძლოა, "ტელეკომის თასზე" შაბათს ითამაშოს კიდევაც. 15 ივლისს "ბაიერნი" ორ თამაშს გამართავს, "ჰოფენჰაიმთან" და "გლადბახთან". მატჩები 45-წუთიანი იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბავარია მაგარიაო მეოთხედ პინალში ამბობდნენ და რეალის ჩამოწერილი ფეხბურთელებით ზლიერდება. დდდ
misha
21:00 16-07-2017
0

სიახლეები პოპულარული