რობერტ ლევანდოვსკი - არშემდგარი ძიუდოისტის საფეხბურთო ისტორია

AutoSharing Option
ჯერ კიდევ ოთხი წლიდან მას შრამი აქვს ზედა ტუჩზე. მაშინ ის წვენს სვამდა და კიბეზე ფეხი დაუცდა. სისხლით მოსვარა მამის მანქანა და დედის ლაბადა. რობერტ ლევანდოვსკის თავგადასავლები ამით არ დასრულებულა. ცოტა ხანში ფეხი მოიტეხა. მოტეხილი ცუდად შეხორცდა.

ექიმები იძულებულნი იყვნენ, ფეხი ხელახლა მოეტეხათ ნარკოზის დახმარებით, რათა შეხორცების პროცესი სწორად წასულიყო.

დედამისი, ივონა ფრენბურთელი იყო. მამა კშიშტოფი კი ძიუდოს მისდევდა. მათ ერთმანეთი ვარშავაში გაიცნეს. ახალი სამუშაო წელი იწყებოდა და ყველა სავალდებულო სამედიცინო გამოკვლევას გადიოდა. ივონა, პატარა პოლონურ ქალაქში გაზრდილი მოკრძალებული გოგონა,
მოთმინებით ელოდა თავის რიგს. როგორც იქნა, მოვიდა სანატრელი წამი და ამ დროს ექიმის კაბინეტში უცნობი შეიჭრა. მან თავისი ქცევის მიზეზი არაორიგინალურად ახსნა: "მე მხოლოდ კითხვა მაქვს".

არადა, უცნობი ნახევარი საათი გაჩერდა ექიმთან. რომ გამოვიდა, გოგონამ მას თითი დაუქნია და უთხრა, კარგად დაგიმახსოვრეო. ერთი თვის შემდეგ, თითქოს ბედიაო, ისინი ისევ შეხვდნენ ერთად სტუდენტურ საღამოზე. ურთიერთობა თანდათან დათბა. მალე წყვილმა ოჯახის შექმნა გადაწყვიტა. მალევე ეყოლათ გოგონა, მილენა.

მილენა თავიდანვე ფრენბურთზე შევიდა. თავიდან ის იმედის მომცემი იუნიორი იყო, მაგრამ სიმაღლეში აღარ გაიზარდა, მხოლოდ 172 სანტიმეტრი დარჩა და მიხვდა, მისგან ფრენბურთელი არ დადგებოდა. 18 წლის რომ შესრულდა, მწვრთნელობა გადაწყვიტა. ჩვენ კი ისევ წარსულს მივუბრუნდეთ.

წყვილი მეორე ბავშვის გაჩენას არ გეგმავდა, მაგრამ რობერტი გაჩნდა. მათ შეიძლება გაუგო - გოგონას გაზრდაც კი ძალიან გაუჭირდათ. ორივე სპორტს მისდევდა, მილენა ძალიან ხშირად დადიოდა შეკრებებზე მშობლებთან ერთად.

დაიწყო თუ არა ბიჭმა სიარული, მამამ ის ძიუდოზე შეიყვანა. მამამ მალევე აღიარა მარცხი და შვილს უთხრა: "თავი დაანებე, შენგან ძიუდოსტი მაინც არ დადგება". ამის შემდეგ მამამ შვილი მძლეოსნობაზე შეიყვანა. ლევანდოვსკი ცუდად სულაც არ დარბოდა. ის იგებდა საქალაქო შეჯიბრებებს, მაგრამ ბიჭს ბურთის კენწვლა უფრო იტაცებდა.

რობერტი ყველა საფეხბურთო კომპონენტს თავად ხვეწდა. ამაში ის თავის ძაღლსაც კი იშველიებდა. როცა რობერტმა ტრავმა მოიშუშა, ის თავის "ბოქსიორთან" ერთად დარბოდა ტყეში. პირველ ორ დღეს ძაღლი უფრო სწრაფად დარბოდა. მესამე დღეს კი უკვე რობერტმა აჯობა.

საბოლოოდ, ლევანდოვსკი შევიდა ფეხბურთზე. ოჯახი ცხოვრობდა ლეშნაში, ვარშავიდან საათ-ნახევრის სავალზე. ლევანდოვსკი სწორედ დედაქალაქში ვარჯიშობდა. როცა დედა მის წამოსაყვანად მიდიოდა მანქანით, მას სავარძელზე პლედის დაფარება უწევდა. "ვარშოვიას" სტადიონზე, სადაც მომავალი ვარსკვლავი სპორტის ნომერი პირველი სახეობის ანბანს ეუფლებოდა, შხაპის მიღების საშუალება არ იყო.

სტადიონზე გაზონიც არ იყო. ბავშვები მიწაზე თამაშობდნენ, მაგრამ სხვა გამოსავალიც არ იყო. კლუბი, რომელზეც ზემოთ დავწერეთ, გახლდათ ერთადერთი, რომელმაც რვა წლის ლევანდოვსკის მიღებაზე თანხმობა განაცხადა.

სხვები უარს ამბობდნენ, ან ბიჭის მშობლებს ეუბნებოდნენ, რომ რამდენიმე წელიწადში გამოევლოთ. როცა მწვრთნელმა მარეკ სივეცკიმ პირველად დაინახა რობერტი, გაოცებისგან შეყვირა: "ღმერთო ჩემო, რა პატარაა". "სამაგიეროდ, ის ნამდვილი ბრილიანტია." - იყო კშიშტოფის პასუხი. ლევანდოვსკიმ ორი წლით დიდებში დაიწყო ვარჯიში.

"ის ჩვენს გუნდში არ იყო მთავარი ტალანტი, მაგრამ განსაკუთრებული ბიჭი იყო. ჩვენი ბავშვები წვრთნას ყველა მიზეზის გამო აცდენდნენ - ტემპერატურა, ტრავმა, მუცლის ტკივილი... ლევანდოვსკის ვარჯიშზე არმოსვლა კი სამყაროს დასასრულს ნიშნავდა." - გაიხსენებს მოგვიანებით რობერტის პირველი მწვრთნელი. გუნდში მთავარი ტალანტები არტურ კოვალჩიკი და ადამ ვეჩორეკი იყვნენ. ბობეკი, როგორც ლევანდოვსკის ეძახდნენ, უფრო საშუალოებში ეწერა, ვიდრე ძალიან ნიჭიერებში. ისინი პოლონეთის ქვედა ლიგებში ჩაიკარგნენ.

"ვეჩორეკს ერთ-ერთი დაბალი რანგის ტურნირზე შევხვდი. მან მთხოვა, თუ საშუალება მქონდა, მისთვის ტელეფონი მეყიდა." - გაიხსენა ლევანდოვსკის ბავშვობის კიდევ ერთმა მწვრთნელმა, კშიშტოფ სიკორსკიმ.

16 წლის ლევანდოვსკი "დელტაში" ჩაირიცხა. ეს იყო პოლონეთის ჩემპიონის, "ლეგიას" ფარმკლუბი. ერთ დღესაც, შინ დაბრუნებულმა მან მამის სიკვდილის თაობაზე შეიტყო. უფროსი ლევანდოვსკი კიბომ იმსხვერპლა. მას ძალიან ეშინოდა ოპერაციისა და როცა თარიღი ახლოვდებოდა, წნევა უწევდა.

ასე მოუყვა ჟურნალისტებს რობერტის დედამ. ის საკუთარ თავში ჩაიკეტა, მალე ბრძოლაც შეწყვიტა. ოპერაცია მაინც გაუკეთეს, მაგრამ უკვე დაგვიანებული აღმოჩნდა. ორ დღეში მას ძილში ინსულტი მოუვიდა და გარდაიცვალა.

რობერტს დარდში ჩაფლობის დრო არ ჰქონდა. მომქანცველი ვარჯიშების შემდეგ ის საღამოს ბრუნდებოდა შინ. ივახშმებდა თუ არა, ეგრევე იძინებდა. ზოგადად, რობერტი დამჯერი ბავშვი იყო. ითვლებოდა, მთელი ბავშვობის განმავლობაში მისი უდიდესი ცოდვა ის იყო, რომ ერთხელ მშობლებს მანქანა მოპარა.

ლევანდოვსკიმ თავის ბიოგრაფს, პავლ ვილკოვიჩს გაუმხილა, რომ არც ისეთი დამჯერი ბავშვი იყო, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანდა. "ერთხელ ჩემს მეგობრებთან ერთად ფოიერვერკებს ვუშვებდი და პეტარდებს ვაფეთქებდით. მერე ბანანები და იოგურტები ვესროლეთ პოლიციის მანქანას, ერთხელ კი მოტოციკლეტებით ძლივს გავექეცით მათ".

პირველი სერიოზული ტრავმა რობერტმა კურიოზულ ვითარებაში მიიღო. ის აბანოში გოგონებს უყურებდა. ყველაფერი ცუდად წავიდა. ჯერ ერთი, გოგონები ბანაობის მაგივრად ეწეოდნენ, მერე კი ბიჭი შენიშნეს. რობერტი გაიქცა და მუხლი დაიშავა.

ბავშვობაში ძიუდოში მიღებული გამოცდილება ლევანდოვსკის არა მხოლოდ მოგვიანებით, ლუკაშ ბარიოსთან ჩხუბში წაადგა, არამედ ბავშვობაშიც. სწორედ ერთ-ერთი სააკოლო ჩხუბის შემდეგ გაიცნო მან საუკეთესო მეგობარი, ლუკაშ კუკლევიჩი.

მათ მაგრად იჩხუბეს, მაგრამ სახლისკენ ერთად წამოვიდნენ და ერთმანეთის კოპების თვლა დაიწყეს. "როდესაც ბავშვობაში ნაჩხუბარი მოვდიოდი შინ, დედა ყინულებს მადებდა და ჩემს კოპებს ითვლიდა. მამაჩემს კი სულ სხვა რამ აინტერესებდა - რამდენი კოპი დარჩა იმას, ვისაც მე ვეჩხუბებოდი." - მოიგონებს მოგვიანებით ლევანდოვსკი. ერთხელ მეგობართან ერთად რობერტი ბანდიტებს გადაეყარა, ერთხელაც მან სკამი ესროლა მასწავლებელს მას შემდეგ, რაც ბიოლოგიაში დაბალი ნიშანი მიიღო.

… მერე იყო გზა პოლონური კლუბებიდან "დორტმუნდისაკენ". ბევრი პოლონეთში მიიჩნევდა, რომ რობერტს საშუალოზე საშუალო საფეხბურთო ნიჭი ჰქონდა, მაგრამ დღეს რობერტი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.

"ყველაფერს ჩემი შრომით მივაღწიე. მე რომ ვარშავაში არ მევარჯიშა და ჩემს მშობლიურ ქალაქში დავრჩენილიყავი, თავისუფლად შეიძლებოდა, გზას ავცდენილიყავი. ჩემს ქალაქში ბევრი ტალანტი იყო, მაგრამ ისინი ან გზას ასცდნენ, ან ვერ მოახერხეს თავისი პოტენციალის სრულად რეალიზება." - ამბობს ლევანდოვსკი.

"მე არ მაშინებს არც ერთი სირთულე, რადგან ჩემი გზა ისედაც ძალიან რთული იყო. მე ზუსტად ვიცი, როგორ უნდა გავუმკლავდე სირთულეებს." - ესეც მისი სიტყვებია.

დოსიე
რობერტ ლევანდოვსკი
დაიბადა: 1988 წელს ვარშავაში (პოლ)
პოზიცია: ფორვარდი
კარიერა: 2006-08 - ზნიჩი; 2008-10 - ლეხი; 2010-14 - დორტმუნდი; 2014-დან - ბაიერნი
პოლონეთის ნაკრები: 85 თამაში, 42 გოლი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული