ტერორიზმი და ფეხბურთი: ევრო 2016 - ყველაზე საშიში ტურნირი

AutoSharing Option
22 მარტს ბრიუსელისა აეროპორტსა და მეტროში განხორციელებულმა ტერაქტებმა 30-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე წაიღო და მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო. შოკშია საფეხბურთო სამყაროც. კიდევ ერთხელ მწვავედ გაისმა კითხვა - იქნება კი საფრანგეთში გასამართავი ევრო 2016 მშვიდობიანი?

ბრიუსელს რომ თავი გავანებოთ, შეშფოთების საფუძველი თუნდაც, შარშან შემოდგომით პარიზში მომხდარი ტერორისტული შეტევაა, როდესაც ერთ-ერთი აფეთქება უშუალოდ სტადიონის სიახლოვეს გაისმა, სტადიონზე კი 80 ათასი ადამიანი საფრანგეთისა და გერმანიის ნაკრებთა მატჩს ადევნებდა თვალ-ყურს.

Sportall.Ge

ოფიციოზი: ყველაფერი რიგზეა
ბრიუსელის ტერაქტის შემდეგ უეფამ კიდევ ერთი ოფიციალური განაცხადი გააკეთა - ევროპული ფეხბურთის
ორგანიზაცია, რომელიც ატარებს კიდეც ევროპის პირველობას, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ევრო 2016-ის უსაფრთხოება მისი დაგეგმვისა და მომზადების ყურადღების ცენტრში იყო და კვლავ იქნება. შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატამდე ორ თვეზე ოდნავ მეტი რჩება.

"დღევანდელი მოვლენების შემდეგ ბრიუსელში უეფა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ევრო 2016-ის მომზადებაში უსაფრთხოებას კვლავ ცენტრალური ადგილი ექნება მინიჭებული. ევროპის ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტი ითანამშრომლებს ყველა პარტნიორთან და ტურნირის რისკის დონე რეგულარული მონიტორინგით შემოწმდება.

ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტი კომპეტენტურ ორგანოებთან ერთად, უკვე სამი წელიწადია, უსაფრთხოების მიმართულებით ინტენსიურად მუშაობს. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი დაცულად და უმაღლეს დონეზე ჩატარდეს", - ვკითხულობთ უეფას საგანგებო განცხადებაში.

Sportall.Ge

ხმები: ევრო 2016 "ნისლიან ალბიონზე"
და მაინც, თქმა არ უნდა, რომ რისკის დონემ ბოლო წლებში მოიმატა და ტერორიზმის საფრთხის მხრივ, ჩვენ გველის ყველაზე საშიში ჩემპიონატი. სულ უფრო ხშირად ისმის, რომ დიდი შანსია, ევროპის პირველობა საფრანგეთში ვერ ჩატარდეს და ის დიდ ბრიტანეთში გადაიტანონ, ამის შესახებ კი, რაც შეიძლება გვიან გამოაცხადონ, რომ ტერორისტებმა ახალი სამიზნის "დამუშავება" ვერ მოასწრონ.

რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს, ახლა ძნელი სათქმელია, მაგრამ, ფაქტია, რომ უეფას არ შეიძლება არ ჰქონდეს ე. წ. B გეგმა და თუ აქამდე არ ჰქონდა, ბელგიის ტრაგედია დააფიქრებს ევროპული და მსოფლიო ფეხბურთის მამებს.

შეგახსენებთ, რომ ნოემბერში პარიზის ტერაქტები საფრანგეთი-გერმანიის ამხანაგურ მატჩს დაემთხვა, რამდენიმე დღეში კი ჰანოვერში არ ჩატარდა გერმანიისა და ჰოლანდიის ნაკრებთა ამხანაგური შეხვედრა, რადგან ტერაქტის ალბათობა ძალიან მაღალი გახლდათ.

ESPN-მა წერილი მიუძღვნა ახალ საფრთხეს - გამოცემის აზრით, ტერორისტებისათვის ხალხით გადაჭედილი სტადიონები მიმზიდველი სამიზნეებია, სადაც მათ მაქსიმალური ზიანის მიყენება შეუძლიათ. ამის გამო, არ გამოვრიცხავთ, რომ თუ ტერორიზმს მსოფლიო დროულად ვერ დაამარცხებს, ჩვენ გველის "სტადიონების ტერორიზმის" ტალღა.

გაუქმებული ვარჯიში
ბრიუსელის ტრაგედიის შემდეგ ბელგიის ნაკრებმა გააუქმა ვარჯიში. მარკ ვილმოტსის გუნდი 29 მარტის ამხანაგური მატჩისთვის ემზადება, როცა ბელგიას კრიშტიანო რონალდო და კომპანია ეწვევა. თუმცა ჯერ კიდევ საკითხავია, საერთოდ გაიმართება კი ბელგია-პორტუგალია? ჯერჯერობით, მატჩი არავის გაუუქმებია, მაგრამ, არავინ იცის, რა გეგმები აქვთ ტერორისტებს. ამ შეხვედრის რისკი რომ განუზომლად გაიზარდა, ფაქტია.

ასევე იყო ლაპარაკი, თითქოს, საფრთხე დაემუქრა პარიზულ მატჩსაც, 29 მარტს საფრანგეთის ნაკრები რუსეთს მასპინძლობს. თუმცა, რუსეთის დელეგაციამაც გამოთქვა მზადყოფნა, რომ ეწვევა პარიზს და მატჩის ორგანიზატორებმაც განაცხადეს, რომ უსაფრთხოების ზომები ზედმიწევნით იქნება დაცული.

ეს შეხვედრა "სტად დე ფრანსზე" უნდა გაიმართოს, სწორედ იქ, სადაც 13 ნოემბერს აფეთქების ხმა გაისმა სტადიონიდან რამდენიმე ასეულ მეტრში. მაშინ გულშემატკივრები ვერც კი მიხვდნენ, რა მოხდა და აფეთქების ხმას ტაშისკვრით მიესალმნენ, ფოერვერკების მორიგი ჯერი ეგონათ.

Sportall.Ge

ფეხბურთელთა რეაქცია
ბრიუსელის ტერაქტებს ბევრი ფეხბურთელი გამოეხმაურა, მათ შორის ბელგიის ნაკრების კაპიტანი ვენსან კომპანი: "გაოგნებული და შეწუხებული ვარ უამრავი უდანაშაულო ადამიანის დაღუპვის გამო. ვიზიარებ მათი ოჯახების ტრაგედიას. მინდა, რომ ბრიუსელი ამ ტრაგედიიდან ამაღლებული გამოვიდეს, ჩვენ ყველას გვტკივა, მაგრამ გულში არ უნდა გავივლოთ ზიზღი და ამით არ გავახაროთ მისი მქადაგებლები".

"საშინელებაა ის, რაც ახლა ბრიუსელში ხდება", - წერს "მანჩესტერ იუნაიტედისა" და ბელგიის ნაკრების ფეხბურთელი ადნან იანუზაი. "დაუჯერებელია", - წეს კევინ დე ბრუინი და ბელგიის გულიან დროშას დებს "ტვიტერზე".

"ვლოცულობ ბელგიისთვის და მსოფლიოსთვის, ახლა მხოლოდ უდანაშაულოდ დაღუპულ ხალხზე და მათ ოჯახებზე ვფიქრობ".

ბელგიელებს მხარდაჭერა ინგლისელმა, ფრანგმა და სხვა ვარსვლავებმაც გამოუხატეს, ასევე "ტვიტერზე" და "ფეისბუქში" განცხადებები განათავსეს პრემიერლიგის კლუბებმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული