ზიდანის გალაქტიკო: როგორ უბრუნდება "სამეფო კლუბი" ფესვებს

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც მადრიდის "რეალი" ზინედინ ზიდანმა ჩაიბარა, "სამეფო გუნდი" თანდათან უბრუნდება ფესვებს. მადრიდელთა შემადგენლობაში სულაც აღარ არიან სანთლით საძებარნი ისეთი ფეხბურთელები, რომლებმაც საფეხბურთო განათლება "რეალის" აკადემიაში მიიღეს. დღეს ჩვენი წერილი სწორედ ამ ფეხბურთელებს ეხებათ.

რაც მთავარია, ბევრისათვის გასაკვირად, ზიდანი ახერხებს "ოქროს შუალედის" დაცვას ოდინდელ რეალელებსა და მოწვეულ ფეხბურთელებს შორის. ეს იოლი სულაც არაა. ახლა კი დავწეროთ იმ ფეხბურთელებზე, "რეალში" რომ აღიზარდნენ და დღესაც მშობლიურ კლუბს ემსახურებიან.

დანი კარვახალი, 24 წლის
მას შემდეგ, რაც "რეალის" მეორე გუნდში ლიდერობდა, მერე კი
საკუთარი შესაძლებლობები ამოწურა, დიდი "რეალის" კარი მისთვის არა და არ გაიღო. გადავიდა "ლევერკუზენში", სადაც უმოკლეს ხანში იქცა გუნდის ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელად. "სამეფო კლუბმა" ფეხბურთელის დაბრუნებაში 6,5 მილიონი ევრო გადაიხადა.

ნაჩო, 26 წლის
2009 წლიდან "რეალის" სხვადასხვა ასაკობრივი გუნდის ღირსებას იცავს. მცველი, რომელიც გაჭირვების შემთხვევაში თამაშობს "რეალის" ძირითად შემადგენლობაში და თუ ამის აუცილებლობაა, ნებისმიერ პოზიციაზე თამაშობს. სხვადასხვა დროს ჰქონდა რამდენიმე ვარიანტი, თუმცა "რეალი" არ დატოვა.

კიკო კასილია, 29 წლის
"რეალის" საფეხბურთო აკადემიის აღზრდილი მეკარე. მოიარა "სამეფო გუნდის" ყველა ასაკობრივი სეგმენტი, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში ვერა და ვერ მოხვდა. ამის შემდეგ გადავიდა "ესპანიოლში", სადაც ჯერ შეუცვლელ ფეხბურთელად იქცა, მერე კი გუნდის ლიდერად. სხვათა შორის, "ესპანიოლიდან"ორჯერ იყო განათხოვრებული "კადისსა" და "კარტახენაში". "რეალს" მისი დაბრუნება 6 მილიონი ევრო დაუჯდა. სათადარიგო მეკარეა, მაგრამ რიგ შემთხვევებში სათამაშო პრაქტიკას იღებს.

ლუკას ვასკესი, 25 წლის
არიან ფეხბურთელები, რომლებიც გვიან "იხსნებიან". სწორედ ასეთთა კატეგორიას მიეკუთვნება ლუკას ვასკესი. "რეალის" დუბლშემადგენლობაში ის ყოველთვის კარგი იყო, მაგრამ მისი ნიჭი საზოგადოებამ ბოლომდე მაშინ დააფასა, როცა "სამეფო კლუბმა" ის "ესპანიოლში" გაანათხოვრა. "რეალმა" ვასკესი სწრაფადვე დაიბრუნა. დღეს ის არცთუ იშვიათად ჩნდება "სამეფო გუნდის" ძირითად შემადგენლობაში. ნიშანდობლივია, რომ ზინედინ ზიდანმა თანხმობა თქვა "რეალის" კიდევ ერთი აღზრდილის, ხესეს გაშვებაზე "პარი სენ-ჟერმენში", ვასკესი კი შეინარჩუნა.

მარიანო დიას მეხია, 23 წლის
პირველი დომინიკელი ფეხბურთელი, რომლის თაობაზეც სმენია ჩვენს მკითხველს. სულ მცირე ხნით იყო "ბადალონაში", მაგრამ მაინც "რეალის" საფეხბურთო აკადემიის აღზრდილად ითვლება. ითამაშა მადრიდელთა მეორე და მესამე გუნდებში. გასული სეზონი "რეალის" ფარმ-კლუბში გაატარა და დიდებული შედეგი დადო - 40 შეხვედრაში 30 გოლი გაიტანა. ამას მოჰყვა მეხიას დაწინაურება მთავარ გუნდში. საკითხავია, რამდენად ექნება მას იქ სათამაშო პრაქტიკა.

მარკო ასენსიო, 20 წლის
მართალია, ამ ფეხბურთელის პირველი ნაბიჯები დაკავშირებულია "მალიორკას" საფეხბურთო აკადემიასთან და ამ გუნდთან, მაგრამ მისი ნამდვილი აღმავლობა "რეალში" მისვლის შემდეგ დაიწყო. "რეალმა" ის ჯერ მშობლიურ "მალიორკაში" გაანათხოვრა, მერე კი "ესპანიოლში". ახლა ასენსიო "ზიზუს" ერთ-ერთი ფავორიტია და მწვრთნელის ნდობას კარგი თამაშით ამართლებს. რად ღირს თუნდაც მის მიერ სუპერთასზე გატანილი გოლი "სევილიას" კარში.

ალვარო მორატა, 23 წლის
ბოლოს და ბოლოს, "რეალის" ხელმძღვანელობა მიხვდა, რომ მორატას ადგილი "სამეფო კლუბშია" და არა სადმე სხვაგან. თავისი სიმართლის დასამტკიცებლად ალვარო არც ჩემპიონთა ლიგიდან მშობლიური კლუბის დათხოვნას მოერიდა. ჩვენ შეგნებულად აღარ ჩავუღრმავდებით ციფრებს. ფაქტია, ხშირად ისეთი დიდი გუნდის სელექციონერებიც ცდებიან, როგორიც "რეალია".

რუბენ იანესი, 22 წლის
"რეალის" მესამე მეკარე. სათამაშო პრაქტიკა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში თუ ექნება. ამ დროისათვის კეილორ ნავასისა და კიკო კასილიას პოზიციები "სამეფო კლუბში" მყარია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ სტატიით ავტორი ბარსელონასთან გატოლებას თუ ცდილობს წაართვით მწერლის სტატუსი. 1 კაცია ძირითადიდან. დანარჩენი მეორე ან მესამე არიან სტატუსით და არც ერთი რეალის აღზრდილი. ყველა იყო იჯარით სადღაც. მორატა იუვემ, კარვახალი ლევერკუზენმა და ასე შემდეგ, ყველა სხვამ დააყენა ფეხზე რეალმა პროსტა დაიბრუნა. ასენსიო კიდე საერთოდ მალიორკას აღზრდილია, რეალის წვლილი მარტო მაგაში გადახდილი თანხაა. ბარსას 4-5 კაცი მაინც ყავს რომელიც იმენა აღზარდეს, გაშვება გამოშვების გარეშე
coco
22:44 30-08-2016
0

სიახლეები პოპულარული