"რეალში" დავბრუნდები! - ინტერვიუ "კოსმოსში" გაფრენილ ლეგენდა რაულ გონსალესთან

AutoSharing Option
27 ივნისს ესპანეთის ნაკრებისა და "რეალის" ვარსკვლავი რაული 38 წლის გახდება. ამის მიუხედავად, ის არ ჩქარობს ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებას და აგრძელებს აქტიურრ საფეხბურთო კარიერას.

ახლა ის ამერიკაში, "ნიუ იორკ კოსმოსში" თამაშობს და ამერიკელებისათვის საფეხბურთო მისიონერია. ესპანელი ითავსებს იმ რთულ მისიას, რომელიც წარსულის არაერთ ვარსკვლავს შეუსრულებია.

რაული წყნარად ცხოვრობს ნიუ იორკში. სეირნობს ცენტრალურ პარკში და ოჯახური ბედნიერებით ტკბება.

- როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება ნიუ იორკში?
- ძალიან ბედნიერი ვარ, აქ რომ ვცხოვრობ. ოჯახურ სიმყუდროვეს არაფერი შეედრება. აქ ჩემი ბავშვები დიდ გამოცდილებას
იღებენ. ჩემთვის თავის დროზე ყველაზე რთული იყო მადრიდის დატოვება. მე ვიყავი გერმანიაში. ამის მერე უკვე ყველა ქვეყანასთან ადაპტაცია ადვილია. ვიყავი ყატარში, ახლა აქ ვარ.

ჩემი ბავშვები კარგად საუბრობენ გერმანულად. იციან ცოტა არაბული და გერმანული. მე და ჩემი მეუღლეც ბედნიერნი ვართ - შევიცანით ახალი კულტურა, ახალი ქვეყნების თაობაზე მეტი შევიტყვეთ.

- თუ იცით, რა ხდება თქვენს მშობლიურ "რეალში?
- რა თქმა უნდა, მე ვარ საქმის კურსში. დროში სხვაობა ზოგჯერ პრობლემაა, ზოგჯერ კი კარგიც. მაგალითად, "რეალის" თამაშები ხშირად დღის 2 ან 3 საათზე იწყება ამერიკული დროით. ეს კარგი და მოსახერხებელია. პრობლემების გარეშე ვუყურებ მათ.

- როგორ შეაფასებდით გასული სეზონის ბოლოს?
- მე ძალიან მინდა, რომ დაიწყოს ახალი სეზონი და "რეალმა" მიაღწიოს დიდ მიზნებს. ამ სეზონში გუნდს არ უთამაშია ცუდად, მაგრამ ცოტა დააკლდა სასურველი მიზნის მისაღწევად. როცა "რეალი" ტიტულების გარეშე ასრულებს წელს, ეს ყოველთვის დამაფიქრებელია.

- ყველა გააკვირვა ანჩელოტის გაგდებამ. თქვენ?
- კლუბმა მიიღო გადაწყვეტილება, ანჩელოტის კი მხარდაჭერა სჭირდება. მადლობა უნდა ვუთხრათ მას იმ სამუშაოსათვის, რომელიც გასწია. ახლა ჩვენი იმედები ახალ მწვრთნელს უკავშირდება. "რეალს" შესანიშნავი გუნდი ჰყავს. ახლა უნდა მოიძებნოს ის გზები, რომლებიც გუნდს ტიტულამდე მიიყვანს. მე იმედით სავსე ვარ.

- რას იტყვით რაფა ბენიტესზე?
- თქვენ მას ჩემზე გაცილებით კარგად იცნობთ. მე ერთი მატჩი ვითამაშე მისი ხელმძღვანელობით "რეალის" მეორე გუნდში. მგზნებარე, ემოციური მწვრთნელია. მეთოდური. მას უყვარს, როცა გუნდის ყველა ფეხბურთელი მზადაა, ნებისმიერ დროს შევიდეს მინდორზე. ის მისმა მიღწევებმა მოიყვანა მადრიდში. იმედი მაქვს, "რეალს" ხელს დაატყობს. ერთი ვიცი - "სამეფო კლუბის" გაწვრთნა მისი ოცნებაა.

- თქვენი აზრი იკერ კასილიასთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციაზე...
- ის არის "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების მეკარე. ის ლეგენდაა. მან მოიგო ყველაფერი, რისი მოგებაც შეიძლებოდა. მჯერა, კლუბი და ფეხბურთელი ერთად მივლენ ოპტიმალურ გადაწყვეტილებამდე. მე, რაც წავიკითხე და მოვისმინე, იმის მიხედვით კასილიასს სურს მადრიდში დარჩენა. ის ნაღდი მადრიდისტაა. მან ახლახან ითამაშა ესპანეთის ნაკრებში ბელარუსთან და ვფიქრობ, დაეჭვების საბაბი არავისთვის მიუცია. ვნახოთ, რით დასრულდება ეს ისტორია.

- კასილიასის მდგომარეობა თქვენს სიტუაციას ხომ არ გაგონებთ?
- არა, ეს სხვადასხვაა. მე მქონდა ნათელი წარმოდგენა ჩემი მომავლის თაობაზე. რატომ არ უნდა გაუგრძელონ მას კონტრაქტი? მან სეზონი კარგად ჩაატარა. ამასთან ერთად ისიც ვიცი, რომ თუ გუნდში ახალი მეკარე მოვა, სიტუაცია მნიშვნელოვნად შეიცვლება. მაღალი დონის 3 მეკარის ყოლა გუნდში იოლი არ არის. არ ვიცი, რა ხდება სინამდვილეში, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ მთელი მსოფლიო ლაპარაკობს დე ხეას "რეალში" მისვლაზე.

- სტივენ ჯერარდმა გადაწყვიტა, მრავალწლიანი ერთგულების შემდეგ დატოვოს "ლივერპული". თქვენი აზრით, რომელია იდეალური მომენტი წასვლისათვის?
- ჯერარდი და ლამპარდი ამერიკულ ლიგაში ითამაშებენ და ეს ძალიან კარგია ჩვენი ლიგისათვის. ნებისმიერი ფეხბურთელის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა გინდა შეიგრძნო ახალი ცხოვრება. 15-17 წელს რომ ატარებ ერთსა და იმავე კლუბში, ახალი შეგრძნებები გენატრება.

- გკითხავთ კრიშტიანო რონალდოზე...
- არ აქვს სახელი და ახსნა იმას, რასაც კრიშტიანო და ლიონელ მესი აკეთებენ. წარმოუდგენელია იმის მიღწევა, რასაც რონალდომ "რეალში" მიაღწია 6 წლის განმავლობაში. მე ოცი გოლი გამქონდა სეზონში (იღიმის), მას კი ორმოცდაათზე მეტი გააქვს. აქვე რონალდოს რეკორდები გავიხსენოთ...

რაც შეეხება ჩემს კარიერას, კმაყოფილი ვარ. მე ვეხმარებოდი პარტნიორებს და როცა ამის შანსი იყო, გამქონდა კიდევაც. ისევ კრიშტიანოს დავუბრუნდები - მე მჯერა, რომ ის კიდევ უფრო მაგრად ჩაატარებს მომავალ სეზონს, კიდევ მეტს გაიტანს...

- როდის და რა სტატუსით უნდა ველოდოთ თქვენს დაბრუნებას "რეალში"?
- რთული სათქმელია. ესპანეთის გარეთ თამაშმა ბევრი მასწავლა. თუ მკითხავთ, ვიქნები თუ არა მწვრთნელი, გიპასუხებთ, რომ შეიძლება. შეიძლება, სპორტული დირექტორიც გავხდე. ჯერ ზუსტად არ ვიცი, რა იქნება მომავალში. განზრახული მაქვს, აქ დავრჩე და სამწვრთნელო ლიცენზია ავიღო.

ერთხელაც მე დავბრუნდები "რეალში". იქაა ჩემი სახლი. იქ მოვიგე მნიშვნელოვანი ტიტულები. ხალხს ვუყვარვარ, მეც მიყვარს ისინი. მე მინდა გავახარო ისინი ჩემი დაბრუნებით და წარმატებული მუშაობით, დღეს კი მე ვთამაშობ ფეხბურთს.

- რა დონეზე თამაშობთ?
- დონე მაღლა იწევს. ვიმსჯელოთ მხოლოდ სტადიონებით და ფეხბურთელების ფიზიკური მომზადებების დონით. აქ რთულია თამაში. დონე არც ისეთი დაბალია, როგორც ფიქრობენ. ქომაგები ავსებენ ტრიბუნებს და შენგან ბევრს ელიან, რადგან ევროპაში შენ სახელი გქონდა. ასე რომ, იოლი არარის...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული