კრიშტიანო რონალდოს რეკორდები

AutoSharing Option
კრიშტიანო რონალდომ ჰეთ-თრიკით დაასრულა მისთვის რეკორდული სეზონი მადრიდის "რეალში" და თავის ყულაბას კიდევ რამდენიმე რეკორდი შემატა. პორტუგალიელი "რეალის" უტიტულოდ დარჩენას პირადი ტროფეებით იქარვებს - "პიჩიჩი" მოგებულია, "ოქროს ბუცს" წყალი არ გაუვა...

კრიშტიანო რონალდომ "ხეტაფესთან" უხვგოლიან შეხვედრაში (7:3) ტაიმზე ოდნავ მეტი ითამაშა, თუმცა სამი გოლის გატანა 30 წლის სუპერვარსკვლავმა მაინც მოასწრო. მართალია, ამ მოგებით "რეალი" ორ ქულამდე მიუახლოვდა "ბარსელონას", მაგრამ "სამეფო კლუბისთვის" სეზონი უკვე წაგებული იყო.

ეს იყო მერვე ჰეთ-თრიკი ლა ლიგის ამ სეზონში რონალდოსთვის, მან სეზონი 48 გოლით დაასრულა, თუმცა
ყველა შეჯიბრებაში ამ სეზონში "რეალის" მაისურით 61 გოლი გაიტანა. ამით მან საკუთარი მიღწევა გააუმჯობესა - 2010/11 წლების სეზონში მან "რეალის" ყველა ოფიციალურ მატჩში 60 გოლი გაიტანა.

რაული შორს აღარ არის
კრიშტიანო ისეთი ტემპით მიდის წინ, რომ წესით, მან საწყის ტურებში უნდა გააუმჯობესოს "რეალის" ლეგენდა რაულ გონსალესის მიღწევა. რაულმა 741 მატჩში "რეალის" მაისურით 323 გოლი გაიტანა. კრიშტიანოს 300 მატჩი აქვს გამართული (დიახ, "ხეტაფესთან" შეხვედრა საიუბილეო იყო) და 313 გოლი გატანილი! 10 გოლი ლეგენდასთან, ეს ძალიან ცოტაა პორტუგალიელისთვის.

კრიშტიანო ერთადერთი ფეხბურთელია "რეალის" ისტორიაში ტოპ-20 გოლეადორს შორის, ვისაც საშუალოდ გოლზე მეტი გააქვს თამაშში. ყველაზე ახლოს მის შედეგთან ლეგენდარული ფერენც პუშკაში იყო - 0,93.

200 მატჩი ლა ლიგაში
როგორც ვთქვით, კრიშტიანომ მადრიდულ დერბიში მე-300-ედ მოირგო "ლოს მერენგესის" მაისურა. ეს მისთვის მე-200 მატჩი იყო ლა ლიგაში. საერთო ჯამში, ლა ლიგაში კრიშტიანომ 225 გოლი გაიტანა ("მარკა" ერთით მეტს უთვლის). ის მეორე ადგილზეა აქაც "რეალის" ისტორიაში, მაგრამ რაულს მხოლოდ 3 გოლით ჩამორჩება. "პიჩიჩი", ანუ "მარკას" მიერ დაწესებული ჯილდო ლა ლიგის ბომბარდირობისთვის, რონალდომ მესამედ მოიგო.

აღსანიშნავია, რომ უგო სანჩესის მერე "პიჩიჩი" ზედიზედ ორჯერ რონალდომდე "რეალის" არც ერთ ფეხბურთელს არ მოუგია.

რვა ჰეთ-თრიკი
ბოლო ლა ლიგაში რონალდოს 8 ჰეთ-თრიკი მორიგი ესპანური რეკორდია. აღსანიშნავია, რომ 3 ჰეთ-თრიკი კრიშტიანომ ლა ლიგის ბოლო 4 თამაშში შეასრულა. "ხეტაფესთან" თამაშში მან სამი გოლი 21-წუთიან მონაკვეთში გაიტანა. რონალდომ ამ სეზონში 12 გოლი თავურით გაიტანა. ამ შედეგისთვის ალფონსო პერესის (ბეტისი, 1996/97 წლების სეზონი) შემდეგ არავის მიუღწევია პრიმერაში.

ოქროს ბუცი
მართალია, ევროპაში სეზონი ჯერ ყველგან არ დასრულებულა და ეს ტროფეი რონალდოს ოფიციალურად არ მოუპოვებია, მაგრამ ყველასთვის ცხადია, რომ ტიტულს კრიშტიანო მოიგებს. ის მეოთხედ გახდა ევროპის ბომბარდირი. ოთხი "ოქროს ბუცი" კი ახალი რეკორდია. მესის სამი აქვს...

რეკორდები, რომლებიც რონალდომ ლა ლიგის ბოლო ტურში დაამყარა (გაიმეორა)
* ყველაზე მეტი ჰეთ-თრიკი ლა ლიგის ერთ სეზონში - 8 (მესის რეკორდი გაიმეორა).
* ყველაზე მეტი "ოქროს ბუცი" მოიპოვა - 4.
* კარიერის რეკორდი - 48 გოლი ლა ლიგის სეზონში (წინა 46)
* კარიერის რეკორდი - 61 გოლი ერთ სეზონში (წინა 60)
* კარიერის რეკორდი - 1,371 გოლი თამაშში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
Marcam messi sezonis sauketeso fexburtelad daasaxela ratom ar cert amas?
kaxa
18:34 26-05-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული