ესპანეთი. ლა ლიგა. XXIII ტურის შეჯამება: ყველაზე დაძაბული სეზონი

AutoSharing Option
ლა ლიგის 23-ე ტურმა მასპინძელთა უპირატესობით ჩაიარა. ერთადერთი სტუმარი, რომელმაც გამარჯვება მოიპოვა, "ბარსელონა" იყო. დანარჩენი ცხრა მატჩიდან კი 6-ში საშინაო გუნდებმა იმარჯვეს, სამ შემთხვევაში კი ფრე დაფიქსირდა...

ორშაბათი ბასკების დღეა
სეზონის დაწყებიდან უკვე მერვედ, ტური ბილბაოს "ატლეტიკმა" დახურა, რომელიც ყოველ მესამე ტურში ორშაბათს თამაშობს. ვერ გეტყვით, ზუსტად რა არის ამის მიზეზი, მაგრამ ფაქტია: ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია ბასკებს სამუშაო კვირის პირველ დღეს ათამაშებს.

ამჯერად, ერნესტო ვალვერდეს შეგირდები ვიგოში ჩავიდნენ და გალისიიდან ქულით დაბრუნდნენ. ორივე გუნდმა საკმაოდ მაღალ ტემპში ითამაშა და ამის
გამო შეცდომაც ხშირად მოსდიოდა. ბოლო წუთებზე მასპინძლები კიდევ უფრო გააქტიურდნენ და კინაღამ მოიგეს კიდეც - რაფაელ ალკანტარას და მარიო ბერმეხოს რეალური მომენტები ჰქონდათ. მოკლედ, "ატლეტიკი" დაუმსახურებელ მარცხს გადაურჩა და წაუგებელი სერია 5-მდე გაზარდა. ამ მომენტისთვის, "ბილბაო" მე-4 ადგილზეა და უახლოეს მდევარ "ვილიარეალს" 4 ქულით უსწრებს.

სევილიაში უკმაყოფილონი არიან
არა საკუთარი გუნდის თამაშით, არამედ მსაჯობით და ამის სრული უფლებაც აქვთ. "სანჩეს პისხუანზე" გამართული "სევილია"-"ბარსელონას" 34-ე წუთზე, როდესაც მასპინძლები მინიმალური სხვაობით იგებდნენ, ლიონელ მესიმ საჯარიმოში ჩააწოდა, რასაც ალექსის სანჩესის თავური დარტყმა და გოლი მოჰყვა. სატელევიზიო გამეორებაზე გამოჩნდა, რომ ჩილელი აშკარად თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა და გოლი არ უნდა ჩათვლილიყო.

ამ ეპიზოდის გარდა, "სევილიას" ხელმძღვანელობა ხოსე ანტონიო ტეიშეირა ვიტიენესის კიდევ რამდენიმე გადაწყვეტილებით დარჩა უკმაყოფილო, რის გამოც კლუბი ჩივილს და არბიტრის დასჯის მოთხოვნას აპირებს. ანდალუსიელებმა საკუთარ საიტზე რამდენიმე ფაქტზე გაამახვილეს ყურადღება:

"არბიტრმა თამაშგარე მდგომარეობიდან გატანილი გოლი ჩათვალა, ალექს სონგი არ გააძევა და გარდა ამისა, ტეიშეირა ვიტიენესი ნებისმიერ საკამათო სიტუაციაში ჩვენ გუნდს აჯარიმებდა," - წერია კლუბის განცხადებაში.

"მსაჯმა "სევილია" პირველივე წუთზე ორჯერ დააჯარიმა, 15 წუთის მერე ჯარიმების რაოდენობა უკვე შვიდი იყო, ხოლო "ბარსელონა" დამნაშავედ მან პირველად მე-19 წუთზე სცნო. გამეიროს, ვიტოლოს, ბაკას და რაკიტიჩის წინააღმდეგ წესები რამდენჯერმე დაირღვა, მაგრამ მსაჯმა ამ ეპიზოდებს ყურადღება არ მიაქცია. გოლის გარდა, რომელიც სტუმრებმა აშკარა თამაშგარედან გაიტანეს, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება 43-ე წუთზე, ალექს სონგის არგაძევება იყო - კამერუნელმა, რომელსაც უკვე ჰქონდა ერთი ყვითელი ბარათი, ბურთი ხელით გააჩერა, რაც ფეხბურთის წესების მიხედვით, გაფრთხილებით ისჯება, თუმცა ტეიშეირა ვიტიენესმა თვალები აქაც დახუჭა.

სატელევიზიო ჩვენებისას ყველაფერი ნათლად ჩანდა - "სევილია" ყველა ეპიზოდში დამნაშავე იყო, "ბარსელონას" კი ყველაფერი ეპატიებოდა," - აღნიშნავენ ანდალუსიელები.

31 წლის წინ
სევილიაში მოგების შემდეგ "ბარსელონა" სატურნირო ცხრილში მადრიდულ გუნდებს წამოეწია - სამივე კლუბს 57 ქულა აქვს. ასეთი დაძაბული სიტუაცია 23 ტურის შემდეგ ბოლოს 31 წლის წინ, 1982/83 წლების სეზონში დაფიქსირდა, როდესაც "ბარსელონა", "რეალი" და ბილბაოს "ატლეტიკი" 33-33 ქულით ლიდერობდნენ. საბოლოოდ, იმ სეზონში ჩემპიონი ხავიერ კლემენტეს "ბილბაო" გახდა, რომელმაც მეორეადგილოსანს ერთი ქულით გაასწრო.

სამგუნდიანი რბოლის ყველაზე დაძაბული ფინიში კი გულშემატკივარმა კიდევ უფრო ადრე, 1970/71 წლების სეზონში იხილა. ჩემპიონობის ორი პრეტენდენტი, "ბარსელონა" და მადრიდის "ატლეტიკო" უკანასკნელ ტურში ერთმანეთს შეხვდნენ და ფრედ, 1:1 ითამაშეს. შედეგად კი ჩემპიონი ალფრედო დი სტეფანოს მიერ გაწვრთნილი "ვალენსია" გახდა, რომელიც "ესპანიოლთან" წაგების მიუხედავად, მაინც პირველ პოზიციაზე დარჩა.

იაგო, პაკო, ვერსა და ოსორიო
23-ე ტურში სულ 6 დუბლი ვიხილეთ. აქედან, ბენზემას და მესის გოლებში გასაკვირი არაფერი იყო, აი, დანარჩენმა ოთხმა ფეხბურთელმა კი შეხვედრაში ორი ბურთის გატანა ამ სეზონში პირველად შეძლო.

ყველაზე გასაკვირი მაინც "ალმერიას" ცენტრალური ნახევარმცველის, ვერსას გმირობა გახლდათ - 27 წლის ნახევარმცველმა "ატლეტიკოს" კარი ორჯერ დალაშქრა და კარიერაში დუბლი პირველად შეასრულა. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ფეხბურთელს აშკარად გაუმართლა. პირველი გოლის დროს ვერსა საჯარიმოში აწვდიდა, მაგრამ ძლიერი ქარის გამო ბურთი კარში აღმოჩნდა, რამდენიმე წუთში კი მან პენალტით გაიტანა; თანაც, სტუმართა კარში არა მეკარე, არამედ ნახევარმცველი გაბი იდგა.

იაგო ფალკეს და პაკო ალკასერს ესპანური ფეხბურთის მომავლად მიიჩნევდნენ. იაგო უკვე 24 წლისაა და მის პერსპექტიულობაზე საუბარი უკვე გვიანია. აი, პაკო მხოლოდ 20 წლის გახლავთ და "ვალენსიაში" ხუან ანტონიო პიცის მისვლის შემდეგ შესანიშნავად ათამაშდა - ბოლო სამ მატჩში 4 გოლი გაიტანა.

ზემოთ ჩამოთვლილმა სამივე ფეხბურთელმა დუბლი კარიერაში პირველად შეასრულა; აი, კოლუმბიელი უმბერტო ოსორიო ბოტელიო გოლების გატანას დაჩვეულია. 25 წლის ფორვარდი "ვალიადოლიდში" ამ სეზონის დაწყების წინ არგენტინული "სან მარტინიდან" გადავიდა, სადაც 28 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა. მანამდე კი ის "მილიონარიოსის" ღირსებას იცავდა, სადაც თავი ასევე 11-ჯერ (16 შეხვედრაში) გამოიჩინა.

საუკეთესო ბომბარდირები:
22 - კრიშტიანო რონალდო (რეალი)
20 - დიეგო კოშტა (ატლეტიკო)
14 - ალექსის სანჩესი (ბარსელონა), ანტუან გრიზმანი (სოსიედადი)
13 - ქარიმ ბენზემა (რეალი)
12 - პედრო (ბარსელონა), იკეჩუკვუ უჩე (ვილიარეალი)
11 - ხავი გერა (ვალიადოლიდი), დავიდ ვილია (ატლეტიკო), ლიონელ მესი (ბარსელონა)

ასისტენტები:
10 - სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა)
9 - კოკე (ატლეტიკო)
8 - კარლოს ველა (სოსიედადი), გარეთ ბეილი (რეალი), ნეიმარი (ბარსელონა)
7 - არიც ადურისი (ბილბაო), ჯოვანი დოს სანტოსი (ვილიარეალი), ივან რაკიტიჩი (სევილია), სუსო (ალმერია), ლიონელ მესი (ბარსელონა)

გოლს + პასი:
28 - კრიშტიანო რონალდო (რეალი) - 22+6
23 - დიეგო კოშტა (ატლეტიკო) - 20+3
19 - ალექსის სანჩესი (ბარსელონა) - 14+5
18 - ქარიმ ბენზემა (რეალი) - 13+5, პედრო (ბარსელონა) - 12+6, ლიონელ მესი (ბარსელონა) - 11+7, სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა) - 8+10

XXIII ტურის სიმბოლური ნაკრები:
მეკარე: კ. ნავასი (ლევანტე)
მცველები: ბარაგანი (ვალენსია), ე. მორენო (ესპანიოლი), მატიო (ვალენსია), დამია (ოსასუნა)
ნახევარმცველები: ბეილი (რეალი), ვერსა (ალმერია), ინიესტა (ბარსელონა), იაგო ფალკე (რაიო ვალეკანო)
თავდამსხმელები: პაკო ალკასერი (ვალენსია), მესი (ბარსელონა)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული