ესპანეთის თასი. 1/8-ფინალი. საპასუხო მატჩები: სიმეონე ისევ სამ ფრონტზე იბრძვის

AutoSharing Option
ესპანეთის სამეფო თასზე მერვედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩები დაიწყო. მესამე დივიზიონში მოთამაშე "რასინგმა" კიდევ ერთი სენსაცია შემოგვთავაზა და "სევილიას" შემდეგ კიდევ ერთი ანდალუსიური გუნდი, "ალმერია" დაამარცხა. წინა ეტაპის მსგავსად, კანტაბრიელებმა ამჯერადაც სტუმრად უკეთ ითამაშეს.

სანტანდერში გამართული მატჩის ფრედ (1:1) დასრულების შემდეგ "რასინგმა" "ალმერიას" გასვლაზე 2:0 მოუგო და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.

ამ ეტაპის ცენტრალური შეხვედრა კი "ვისენტე კალდერონზე" შედგა, სადაც "ატლეტიკომ" "ვალენსიას" უმასპინძლა. ამ გუნდების პირველი შეხვედრის შემდეგ, რომელიც 1:1 დასრულდა, მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი ორივე კლუბს ჰქონდა.

დიეგო სიმეონემ მოედანზე
ძირითად შემადგენლობას უხმო და "ბარსელონასთან" გამართულ მატჩთან შედარებით, მხოლოდ ორი ცვლილება განახორციელა: კოკეს ადგილი ახალწვეულმა ხოსე ერნესტო სოსამ დაიკავა, შეტევაში კი დიეგო კოშტას, დავიდ ვილიას ნაცვლად, რაულ გარსია შეუწყვილდა. აი, ხუან ანტონიო პიციმ კი შემადგენლობა გვარიანად გადაახალისა და ამის გამო დაისაჯა კიდეც.

"ატლეტიკო" ფავორიტად ითვლებოდა და მადრიდელებმა "კალდერონზე" მისულ 30 ათას გულშემატკივარს იმედი არ გაუცრუეს. მასპინძლების პირველი გოლი არბიტრის და ვისენტე გუაიტას შეცდომების შედეგად გავიდა - ხავიერ ესტრადა ფერნანდესმა მასპინძლებს კუთხურის მოწოდების უფლება მისცა, არადა, ბურთს მოედნის ფარგლები არ დაუტოვებია. სტანდარტულის შემდეგ კი შეცდომა სტუმართა მეკარეს მოუვიდა, რომელიც კარიდან გამოვიდა, ბურთს ასცდა და დიეგო გოდინს ცარიელ კარში გატანის საშუალება მისცა - 1:0.

გაშვებული გოლის შემდეგ პიციმ მოედანზე პაკო ალკასერი, პაბლო პიატი და დორლან პაბონი გამოიყვანა, მაგრამ შეტევაში "ღამურებმა" ბევრი ვერაფერი გააწყვეს, ხოლო ბოლოსწინა წუთზე მეორე ბურთიც გაუშვეს (რაულ გარსია) და სამეფო თასს გამოეთიშნენ.

"ატლეტიკო" სამივე ტიტულისთვის ბრძოლას აგრძელებს, თუმცა თასზე საკმაოდ რთული ბადე აქვს: მომდევნო ეტაპზე "როხიბლანკო" "ბილბაოს" და "ბეტისის" წყვილში უძლიერესს შეხვდება, 1/2-ფინალში (თუ გავიდა) კი, დიდი ალბათობით, მადრიდის "რეალთან" მორიგი "რანდე ვუ" ელის.

ალმერია-რასინგი 0:2 (1:1)
გოლები: 0:1 მარიანო სანსი (61), 0:2 რუბენ დურანი (79)
ალმერია (4-2-3-1): უსტარი - ფრან ველესი (76. იუნ გიუ კიმი), მ. სილვა, ტრუხილიო, მანე (65. ელდერ ბარბოსა) - ტებარი, კორონა - ალექს ვიდალი, სუსო, რაულ გარსია - ოსკარ დიასი (67. იჩამი)

ატლეტიკო-ვალენსია 2:0 (1:1)
გოლები: 1:0 გოდინი (51), 2:0 რაულ გარსია (89)
ატლეტიკო (4-4-2): კურტუა - ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ფილიპე ლუიში - ხ. სოსა (58. კოკე), გაბი, ტაიგო, არდა თურანი (82. კ. როდრიგესი) - რაულ გარსია, დიეგო კოშტა
ვალენსია (4-2-3-1): გუაიტა - ბარაგანი, რ. კოშტა, მატიო, ბერნატი - ხავი ფუეგო, პარეხო - ფეგული (67. პ. პიატი), მიჩელი, კარტაბია (56. პაკო ალკასერი) - ელდერ პოშტიგა (79. პაბონი)
გაფრთხილება: - ბარაგანი, მიჩელი, პარეხო, რ. კოშტა
გაძევება: პარეხო (90. ვალენსია)
მაყურებელი: 30 000

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული