პროფაილი: "ბარსელონას" ახალი მწვრთნელი ხერარდო მარტინო

AutoSharing Option
"ბარსელონას" ახალი მთავარი მწვრთნელი არგენტინელი ხერარდო მარტინო გახდა. სამხრეთამერიკული ფეხბურთის მოყვარულები 50 წლის სპეციალისტს კარგად იცნობენ, მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც მის შესახებ ბევრი არაფერი იცის. ვეცდებით, დაწვრილებით მოგიყვეთ იმ ადამიანის შესახებ, რომელიც პარაგვაიში და "ნიუელს ოლდ ბოისის" გულშემატკივრებში გმირის სტატუსით სარგებლობს...

ოფიციალური დასტური
23 ივლისს "ბარსელონამ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ ახალ მწვრთნელად არგენტინელი სპეციალისტი ხერარდო მარტინო დაინიშნა. მარტინო ავადმყოფობის გამო გუნდიდან წასულ ტიტო ვილანოვას შეცვლის. უახლოეს ხანებში გაცხადდება, როდის გაიმართება მწვრთნელის კონტრაქტზე ხელმოწერის ცერემონიალი და პრეზენტაცია.

ჩვენ, ესპანურ მედიაზე დაყრდნობით, ვიუწყებოდით,
რომ ხერარდო მარტინო 3 წლით გახდა "ბარსას" მწვრთნელი, თუმცა ოფიციალური წყარო მხოლოდ 2-წლიან კონტრაქტს ადასტურებს.

ხერარდო მარტინო "ბარსელონას" ისტორიაში მე-4 არგენტინელი მწვრთნელი იქნება როკე ოლსენის, ელენიო ერერას და სესარ ლუის მენოტის შემდეგ.

საფეხბურთო კარიერა
ხერარდო დანიელ მარტინო, იგივე "ტატა", 1962 წლის 20 ნოემბერს როსარიოში დაიბადა. შემტევმა ნახევარმცველმა კარიერის განმავლობაში რამდენიმე კლუბში ითამაშა, მაგრამ დროის უდიდესი ნაწილი მშობლიურ "ნიუელსში" გაატარა, სადაც დაიწყო კიდეც მისი კარიერა. 1980-95 წლებში მარტინომ "ნიუელსის" რიგებში 488 თამაში ჩაატარა და 37 გოლი გაიტანა. ამ პერიოდში "ნიუელსმა" არგენტინის ჩემპიონატი სამჯერ (1987/88, 1990/91, 1992 კლაუსურა) მოიგო და მარტინო სამივე ტრიუმფის უშუალო მონაწილე გახლდათ.

1990-92 წლებში "ოლდ ბოისის" მთავარი მწვრთნელი მარსელო ბიელსა იყო, რომლისგანაც მარტინომ ბევრი რამ ისწავლა.


"ნიუელსის" გარდა, "ტატამ" "ტენერიფეში" (1991 წელს, 6 თვე), "ლანუსში" (1994/95), ეკვადორის "ბარსელონაში" (1996) და ჩილეს "ოჰიგინსში" (1996) ითამაშა, სადაც კარიერაც დაასრულა. არგენტინის ნაკრებში მარტინომ ერთი თამაშის ჩატარება მოასწრო.

სამწვრთნელო კარიერა
სამწვრთნელო კარიერა ხერარდომ 1998 წელს დაიწყო და იქიდან მოყოლებული, შემტევი ფეხბურთის მოყვარული მწვრთნელის სახელი დაიგდო. მისი პირველი გუნდი იყო "ალმირანტე ბრაუნი", რომელიც ამჟამად არგენტინის მეორე დივიზიონში თამაშობს. 1999 წელს ის "პლატენსეს" დამრიგებელი გახდა, 2000 წელს კი სათავეში "ინსტიტუტოს" ჩაუდგა.

პირველი ტიტულები კი მარტინომ პარაგვაიში მოიგო, სადაც 2002 წელს გადავიდა და ზედიზედ სამი წელი ჩემპიონის ტიტულს არავის უთმობდა. თავიდან ის "ლიბერტადის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა და პირველ ორ სეზონში "ტატას" გუნდი პარაგვაის ჩემპიონი გახდა, რის შემდეგაც ის "სერო პორტენიოში" გადავიდა და 2004 წელს უკვე იქ გაჩემპიონდა.

არგენტინულ "კოლონში" გატარებული ერთი სეზონის შემდეგ მარტინო ისევ "ლიბერტადში" დაბრუნდა და პირველივე სეზონში კვლავ ჩემპიონი გახდა. პარაგვაიში გატარებულ 4 სეზონში არგენტინელი ჩემპიონი 4-ჯერ გახდა - მართლაც შთამბეჭდავი შედეგია და სულაც არაა გასაკვირი, რომ 2006 წელს "ტატა" პარაგვაის ნაკრებში მიიწვიეს, სადაც 2011 წლამდე მუშაობდა.

პარაგვაის ნაკრები
2007 წელს მარტინო სამხრეთ ამერიკის წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. პარაგვაის ნაკრებმა 2010 წლის მუნდიალზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, როდესაც 1/4-ფინალში გავიდა და კინაღამ ესპანეთის ნაკრები გააგდო. პირინეელებმა დავიდ ვილიას მიერ 83-ე წუთზე გატანილი ბურთის წყალობით მოიგეს, არადა, მანამდე ოსკარ კარდოსომ პენალტი ვერ გაიტანა.

მომდევნო წელს მის სამშობლოში გამართულ კოპა ამერიკაზე პარაგვაის ნაკრები ფინალში გავიდა, სადაც ურუგვაისთან დამარცხდა. პარაგვაელთა მიღწევა ორი მიზეზის გამო იყო აღსანიშნავი:

1. გუნდი კოპა ამერიკას ფინალში ბოლოს 1979 წელს იყო გასული.

2. პარაგვაელებმა გადამწყვეტ შეხვედრამდე ისე მიაღწიეს, რომ გზად თამაში არ წაუგიათ, თუმცა არც მოუგიათ! დიახ, პარაგვაიმ ჯგუფშიც, 1/4-ფინალშიც და 1/2-ფინალშიც, ყველა მატჩი ფრედ დაასრულა.

დაბრუნება "ნიუელსში"
მარტინო ნაკრებიდან კოპა ამერიკას დასრულებისთანავე წავიდა და სათავეში მშობლიურ კლუბს ჩაუდგა. იმ დროს "ნიუელსი" ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოდა. "ძველმა ბიჭებმა" იმ სეზონში ლიგაში ადგილი შეინარჩუნეს, მომდევნო წელს კი ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვეს. სულ "ტატამ" "ოლდ ბოისს" სამ ჩემპიონატში უხელმძღვანელა: 2012 წლის კლაუსურაში გუნდი მე-6 ადგილზე გავიდა, 2012 წლის ტორნეო ინისიალში მეორე ადგილი დაიკავა, 2013 წლის ტორნეო ფინალი კი მოიგო და ისტორიაში მეექვსედ გახდა არგენტინის ჩემპიონი.

ამის გარდა, "ნიუელსმა" ძალიან კარგად ითამაშა ლიბერტადორესის თასზე, სადაც 1/2-ფინალში გავიდა და "ატლეტიკო მინეიროსთან" პენალტების სერიაში დამარცხდა. რომ არა მარსელო ბიელსა, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ოლდ ბოისის" არენას ხერარდო მარტინოს სახელს დაარქმევდნენ.

სათამაშო სტილი და მომავალი
მარტინოს ხელმძღვანელობით, "ნიუელს ოლდ ბოისი" 4-3-3 განლაგებით თამაშობდა, სადაც სამი ცენტრალური ნახევარმცველიდან ერთი გამოკვეთილი საყრდენი იყო (ხან დიეგო მატეო, ხან ლუკას ბერნარდი), ორი კი შეტევის ორგანიზებით გახლდათ დაკავებული. შეტევაში ორი გარემარბი (მაქსი როდრიგესი და მარტინ ტონსო) და ერთი ცენტრფორვარდი (იგნასიო სკოკო) მოქმედებდნენ.

მარტინოს უყვარს, როდესაც მისი გუნდი მეტოქეს მის ნახევარზე ავიწროებს და პრესინგს მოწინააღმდეგის საჯარიმოდან იწყებს. გააზრებული, შემტევი, კომბინაციური ფეხბურთი - აი, რა გამოარჩევდა "ნიუელსს" სხვა კლუბებისგან. ეს ყველაფერი კი ძალიან ჰგავს იმას, რასაც "ბარსელონაში" პეპ გვარდიოლა აკეთებდა.

ცოტა ხნის წინ მარტინომ "მარკას" შემდეგი რამ უთხრა:

"აღფრთოვანებული ვარ იმ სამუშაოთი, რომელიც "ბარსელონაში" გვარდიოლამ გასწია. თამაშის ასეთი სტილი ყველაზე მეტად მომწონს. პასი ფეხბურთის მთავარი კომპონენტია".

თუ ამ ყველაფერს იმასაც დავუმატებთ, რომ არგენტინელი კლუბის აღსაზრდელებს ენდობა, წესით, მას "ბარსელონაში" ადაპტაცია არ უნდა გაუჭირდეს, თუმცა მწვრთნელის წარმატება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული და გადაჭრით რაიმეს მტკიცება რთულია.

არაერთი შემთხვევა გვახსენდება, როდესაც მწვრთნელისგან ბევრს ელოდნენ, მაგრამ მან ავანსები ვერ გაამართლა და პირიქით, გვახსენდება სპეციალისტები, რომელთა მიმართაც აშკარად ნეგატიური დამოკიდებულება იყო, მაგრამ მათ უდიდეს წარმატებას მიაღწიეს. რაღა შორს წავიდეთ, მაგალითების ფაქტებით გასამყარებლად, ჟოზე მოურინიოს მადრიდული პერიოდის და პეპ გვარდიოლას "ბარსელონური" ეპოქის გახსენებაც საკმარისია.

მოკლედ, როგორც იტყვიან, ჰა, ბურთი და ჰა, მოედანი...

ტატა მესიზე
ხერარდო მარტინომ, "ბარსელონას" ახალმა თავკაცმა უკვე გააკეთა რამდენიმე კომენტარი. ერთ-ერთი ლიონელ მესის შეეხება.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ სანამ მარტინოს დანიშნავდნენ, მესიმ საჯაროდ მოიწონა მისი კანდიდატურა, მიუხედავად იმისა, რომ "ბარსელონას" ფანებს მარსელო ბიელსა და ან ლუის ენრიკე სურდათ.

ამბობენ, ამან გადამწყვეტი როლიც ითამაშა, როცა სანდრო როსელი მწვრთნელის საკითხს წყვეტდაო. მესის ვალში არც მარტინო დარჩა:

"მესი ის ფეხბურთელია, რომელიც ყოველთვის აღგაფრთოვანებს. ყოველ მატჩში მისგან რაიმე ახალს ელი. ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, რომ მისი ფინტების და შესაძლებლობების არსენალი ამოუწურავია. ადრე ბევრი ამბობდა, როდის იქნებოდა, მარადონას შემდეგაც არგენტინელი ყოფილიყო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, ახლა კი სწორედ ასეა".

ინიესტა ტატაზე
"ბარსელონას" ერთ-ერთმა ლიდერმა ანდრეს ინიესტამ თავისი აზრი გამოთქვა გუნდის ახალ თავკაცზე.

"მე მგონია, რომ ხერარდო მარტინო "ბარსელონასთვის" საუკეთესო არჩევანია კანდიდატებისგან. ვფიქრობ, ის ყველაზე მეტად შეეფერება ჩვენი კლუბის სათამაშო სტილს. მახსოვს ის, რადგან ჩვენი გზები ერთხელ გადაიკვეთა - ის პარაგვაის მწვრთნელი იყო სამხრეთ აფრიკაში გამართულ მუნდიალზე", - განაცხადა იმ მუნდიალის გმირმა ინიესტამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ბარსელონამ" ხერარდო მარტინოს დანიშვნა დაადასტურა
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა შემტევი ფეხბურთი, რის შემტევი ფეხბურთი საიდან მოიტანეს. ხერარდო მარტინოს გუნდები ყოველთვის გამოირჩეოდნენ ბურთის გაუთავებელი გორებით და რკინისებური დაცვით, რის შედეგადაც სულ 1-0 ს იგებდა ძირითადად, ეს არის მარტინოს საყვარელი ანგარიში. ისე ძლიერი ტაქტიკოსია ვერაფერს იტყვი, მაგრამ მგონია, რომ მის ხელში ბარსა ზედმეტად პრაგმატული იქნება და იმ რომანტიკულ ფეხბურთთან რასაც თამაშობდა დამშვიდობება მოუწევს, თორემ ტიტულებს ალბათ მოიგებს.
შაკო
12:14 24-07-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული