დანი სებალიოსი - ფეხბურთელი, რომელმაც ხამესი შეიწირა...

AutoSharing Option
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავი, დანი სებალიოსი კარიერას მადრიდის "რეალში" გააგრძელებს. ამ ფეხბურთელმა ყველას გვიჩვენა, რომ უკვე მზადაა მაღალ დონეზე სათამაშოდ. ის კი არა, ბევრი მიიჩნევს, რომ სწორედ მას შეწირა "რეალში" ხამეს როდრიგესის კარიერა. როგორც ვიცით, კოლუმბიელი ვარსკვლავი თამაშს მიუნხენის "ბაიერნში" გააგრძელებს.

მტრის ბანაკში
დანი სებალიოსი სევილიას გარეუბანში დაიბადა. აქედან გამომდინარე, ანდალუსიური კლუბის სელექციონერებმა ის ძალიან სწრაფად იპოვეს. უკვე რვა წლის იყო დანი, როცა ის "სევილიას" აკადემიაში ჩაირიცხა. თავდაპირველად ფეხბურთელზე დიდ ავანსებს გასცემდნენ. ყველა აღტაცებული იყო ნორჩი ტექნიკური ნახევარმცველის
თამაშით.

გავიდა დრო და რენესანსები შეწყდა. მწვრთნელთა საერთო აზრით, ფეხბურთელის პროგრესი შეჩერდა. არა, სებალიოსი საქმეს არაფერს აკლებდა. პირიქით. სამწუხაროდ, ფეხბურთელს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოაჩნდა. მას ბრონქიტი აწუხებდა. მწვრთნელები თვლიდნენ, რომ სებალიოსს სწორედ ამის გამო უჭირდა იმ დიდი დატვირთვების ატანა, რასაც ის ვარჯიშზე იღებდა.

13 წლის იყო სებალიოსი, როცა მწვრთნელთა მუდმივი ყვედრებისგან შეწუხებულმა დატოვა "სევილია" და კარიერის გაგრძელება რანგით გაცილებით დაბალი დონის გუნდში, "უტრერუში" გადაწყვიტა. ბრონქიტმა თანდათან უკან დაიხია. გავიდა რამდენიმე წელი და სებალიოსი უკვე "სევილიას" დაუძინებელი მტრის, "ბეტისის" ბანაკში აღმოჩნდა. სწორედ მეორე სევილიურ კლუბში ჩამოყალიბდა ის დიდ ტალანტად, მთელი ესპანეთისათვის იმედისმომცემ ფეხბურთელად.

კარიერის დასაწყისი სებალიოსმა ასე გაიხსენა: "მე მქონდა უბედურება, ერთი ხანობა "სევილიაში" მევარჯიშა". რა თქმა უნდა, ამ გამონათქვამის შემდეგ ის "ბეტისის" გულშემატკივრებმა განსაკუთრებით შეიყვარეს.

18 წლის ლიდერი
"ბეტისის" ძირითად შემადგენლობაში სებალიოსის დებიუტი შედგა 2014 წელს. ამ დროს ანდალუსიური კლუბი სეგუნდა დივიზიონში გავარდა. იმ სეზონში სებალიოსმა ხუთი გოლი გაიტანა და "ბეტისს" დაეხმარა იმაში, რომ ეს ტრადიციული კლუბი ესპანეთის პრიმერაში დაბრუნებულიყო.

კლუბის ხელმძღვანელობას ფეხბურთელის პროგრესი არ გამორჩენია. "ბეტისში" იგრძნეს, რომ საქმე განსაკუთრებულ ფეხბურთელთან ჰქონდათ და მას 2020 წლამდე გაუხანგრძლივეს კონტრაქტი. კონტრაქტში შევიდა სპეციალური მუხლი, რომლის თანახმადაც სებალიოსის მსურველი კლუბი მხოლოდ იმ შემთხვევაში აისრულებდა საწადელს, თუ ის ფეხბურთელის გამოსასყიდის სახით მინიმუმ, 15 მილიონ ევროს გადაიხდიდა.

პრიმერაში ჩატარებული პირველი სეზონი ფეხბურთელისათვის ფეერული აღმოჩნდა. სებალიოსის გადაბირება ერთბაშად მოისურვეს "ნაპოლიმ", "ლივერპულმა", "არსენალმა" და "ატლეტიკომ". დანის დაუკავშირდნენ მადრიდის "რეალის" სკაუტებიც, მაგრამ მაშინ ფეხბურთელმა თქვა, რომ ძალიან ბედნიერია "ბეტისში" ყოფნით და არსად წასვლას არ აპირებს.

ასაკობრივი ნაკრებების ლიდერი
მარკო ასენსიოსა და ხესუს ვალიეხოსთან ერთად სებალიოსი ესპანეთის ყველა ასაკობრივი ნაკების ლიდერი გახლდათ. ჯერ ამ ბიჭებმა ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი მოიგეს, მერე კი, სულ ახლახან, ევროპის ახალგაზრდული პირველობის ფინალშიც გავიდნენ, სადაც მხოლოდ ძალიან ორგანიზებულ გერმანიასთან წააგეს.
დასრულებულ ევროფორუმზე სებალიოსმა მხოლოდ სამი სრული მატჩი ჩაატარა, ვერ გაიტანა გოლი და გააკეთა მხოლოდ ერთი საგოლე გადაცემა. ამის მიუხედავად, ის ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მან უკან მოიტოვა "ატლეტიკოს" ვარსკვლავი, ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი, საული.

საქმე ისაა, რომ ის ისე მოქმედებდა მინდორზე, როგორც უკვე ჩამოყალიბებული ფეხბურთელი. ასე იყო გერმანელებთან წაგებულ ფინალშიც. განსაკუთრებით კარგი იყო დანი იტალიელებთან შეხვედრაში. მან მოიგო უამრავი ბურთი, გააკეთა ბევრი თვალსასეირო პასი და შექმნა მატჩის საუკეთესო მომენტი. სებალიოსმა თავისი საჯარიმოდან წამოიღო ბურთი, არაერთ მოწინააღმდეგეს გასცდა და მეტოქის საჯარიმომდე მივიდა.

პროვოკატორი
დიდებული ტექნიკისა და სათამაშო ინტელექტის მიუხედავად, სებალიოსს აქვს ერთი ცუდი თვისება, რომელსაც შეუძლია, მთლიანად გააქარწყლოს ნეიტრალური გულშემატკივრის ყოველგვარი სიმპატია მის მიმართ.

ის ხშირად "ყვინთავს" და პროვოკატორობს. ერთხელ მან, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, გადაურბინა "ხეტაფეს" ფეხბურთელს, რომელიც იმ ეპიზოდში მინდორზე იწვა. ეპიზოდი იმდენად სასტიკი იყო, რომ დანიმ თავისივე გუნდის მწვრთნელისაგან მიიღო სასტიკი საყვედური.

ტვიტერი
თუ სებალიოსის ტვიტერს გადავხედავთ, მივხვდებით: მას ყველანაირი საფუძველი აქვს საიმისოდ, რომ ძალიან ბევრს შეაძულოს თავი. ახლა, როცა "რეალში" მისი ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურებულია, ფეხბურთელმა ბოლომდე გაწმინდა სოციალური ქსელი, მაგრამ მანამდე იქ არაერთი სკანდალური ჩანაწერის პოვნა იყო შესაძლებელი. მაგალითად, დანი ეხებოდა იკერ კასილიასისა და სარა კარბონეროს ურთიერთობას, წერდა იმაზე, თუ როგორ ქომაგობდა "ატლეტიკოს" "რეალთან" მატჩებში, სიკვდილს უსურვებდა კატალონიელებსა და ბასკებს, რომლებიც ესპანეთის ჰიმნს უსტვენდნენ...

"რეალის" გააქტიურების შემდეგ მან ლიონელ მესის თემაც დახურა. არადა, თავის დროზე, როცა ფეხბურთელის ერთ-ერთმა მეგობარმა დაწერა, რომ მესის ბევრი არაფერი შეუძლია ჩავისა და ინიესტას გარეშე, სებალიოსმა არგენტინელის ფოტო გამოაქვეყნა "ოქროს ბურთით" ხელში.

რეალის და ბარსელონას ბრძოლა
ბოლო ორი კვირის განმავლობაში დანი სებალიოსისათვის ერთმანეთს გააფთრებით ებრძოდნენ "რეალი" და "ბარსელონა". კატალონიურ კლუბს ჰაერივით სჭირდება მინდვრის ცენტრში გაძლიერება. "ბლაუგრანა" მზად იყო, შერიგებოდა ფეხბურთელის ანტიბარსელონურ კომენტარებსაც კი.

ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. როცა "სამეფო კლუბმა" ფეხბურთელთან ექვსწლიანი კონტრაქტი უკვე შეათანხმა. როგორც ამბობენ, ხამესმა სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა გუნდიდან საბოლოოდ წასვლა.

თანაც, როგორც ითქვა, "სამეფო კლუბს" სებალიოსი ძირითადი შემადგენლობისთვის (ეს არ ნიშნავს, რომ სულ ძირითადში იქნება) სჭირდება და არ განიხილავს მისი რომელიმე სხვა კლუბში, თუნდაც "ბეტისში" განათხოვრების ალბათობას.

20 წლის ანდალუსიელი "რეალთან" კონტრაქტს ხელს 20 ივლისს მოაწერს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული