რაული: ზიდანის შესახებ, თურმე, ვცდებოდი...

AutoSharing Option
რაულ გონსალეს ბლანკო, ანუ უბრალოდ რაული. მილიონების კერპი. სადღეისოდ ლა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი და "რეალის" ლეგენდა, რომელიც ბოლომდე არ დააფასა "სამეფო კლუბმა".

ის სწავლობს ბიზნესს და, რაოდენ დიდხანსაც უნდა იყოს ამ სამყაროში, მაინც ბოლომდე ეკუთვნის ფეხბურთს, როგორც მის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე. სუპერბომბარდირი, რომლის უნიკალურ მიღწევებსაც დრო ვერაფერს დააკლებს.

ჩვენ მასთან საუბარს მომავლით ვიწყებთ. მისი ორი ვაჟი ფეხბურთს ამერიკაში თამაშობს. რაულის შვილებს რიგითი ფეხბურთელობის უფლება არ აქვთ.

"მე ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ ჩემი შვილები ჩემზე უკეთესად ითამაშებენ ფეხბურთს. უგო
და ხორხე ამერიკაში ეუფლებიან ფეხბურთის საიდუმლოებას. ჩემი ოჯახი ჩემთვის ყოველთვის პირველია", - ამბობს რაული და ვისაც გოლების მისეული აღნიშვნა ახსოვს, ამაში ეჭვი არ შეეპარება.

მოგეხსენებათ, რაული ამჟამად ესპანეთის ჩემპიონატის წარმომადგენელია ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამასთან ერთად, ის ბიზნესსაც სწავლობს.

"მე თავად გავაკეთე ეს არჩევანი, არავის დაუძალებია. ვფიქრობ, ეს ნაბიჯი მომავალში ძალიან დამეხმარება. ერთი მხრივ, ბიზნესის პროცესებში ვარ ჩართული, მეორე მხრივ კი, მე ხშირად ვეხმიანები ესპანურ გუნდებს, ვმონაწილეობ ტურნირების ორგანიზებაში, ურთიერთობა მაქვს ამერიკის ფეხბურთის ფედერაციასთან. ხანდახან გული აღარ მითმენს ხოლმე და უშუალოდ ვარ ჩართული საწვრთნელ პროცესში.

ჩემი აზრით, ამჟამად ძიებაში ვარ. მინდა მივხვდე, რა არის ჩემი საქმე, ზუსტად რა უნდა ვაკეთო მომავალში. რა არის ჩემი და რა არა. ამის გარკვევა ერთი ამოსუნთქვით როდი ხდება", - ამბობს მსოფლიო ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდა.

რაული ამბობს, რომ თუ ის ოდესმე იქნებოდა ან იქნება მწვრთნელი, გაუძღვებოდა მხოლოდ და მხოლოდ შემტევ გუნდს. ახლა მოვისმინოთ, როგორი საფეხბურთო გემოვნება აქვს ესპანური ფეხბურთის ერთ-ერთ უპირველეს ვარსკვლავს:

"ჯერ ის უნდა გავარკვიოთ, როგორი გუნდის გაწვრთნა მომიწევდა მე. იბრძოლებდა ის ჩემპიონთა ლიგაში და საკუთარ ჩემპიონატში გამარჯვებისათვის თუ მიზნად მხოლოდ გადარჩენა ექნება. ფეხბურთს სხვადასხვა მხრიდან უნდა შეხედო. იყო მწვრთნელი - პროფესიონალი, ძალიან რთულია. გარდა ამისა, შენ ყოველთვის ხარ დამოკიდებული იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც გუნდში გყავს.

თუ ამარჩევინებთ გუნდს, რომელიც უნდა გავწვრთნა, ეს იქნებოდა გვარდიოლას "ბაიერნი", კლოპის "დორტმუნდი "ან "რეალი". ეს სამი გუნდი განსხვავებული იყო, მაგრამ ყველა უტევდა და ეს მე ძალიან მომწონს. მე მჯერა ფეხბურთელების და სულაც არ ვფიქრობ, რომ სისტემა გადამწყვეტია", - მიიჩნევს გონსალეს ბლანკო.

რაული თავის დროზე ზინედინ ზიდანს მწვრთნელობას სულაც არ უწინასწარმეტყველებდა. ახლა ესპანელი ამბობს, რომ იგი შეცდა:

"სულ მქონდა გრძნობა, რომ ზიდანი ვერ გახდებოდა მწვრთნელი. რატომ? არცთუ ისე კომუნიკაბელური იყო. ფეხბურთელები ხშირად არჩევენ სიღრმისეულად სხვადასხვა სათამაშო ეპიზოდს. ის ამას არასოდეს აკეთებდა. არადა, მას ეს თვისება ჰქონია. ზიდანმა "რეალის" სხვადასხვა გუნდში გაიარა, იმუშავა კარლო ანჩელოტისთან ერთად. ახლა ის "რეალის" მწვრთნელია და ყველა კმაყოფილია. შემიძლია ვთქვა, რომ მასში ყველა მატჩში უფრო და უფრო მეტ სამწვრთნელო თვისებას ვხედავ. თუნდაც ჩემპიონთა ლიგა ავიღოთ, გუნდმა პირველ ტაიმში დიდ წნეხს გაუძლო "ნაპოლისთან" და მერე საწადელს მიაღწია.

უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ზიდანს მუდმივად ძალიან დიდი წნეხის ქვეშ უწევს მუშაობა. არ ვიცი, დამეთანხმებით თუ არა, მაგრამ მგონია, რომ მსოფლიოში ყველაზე ძნელი "რეალის" მთავარი მწვრთნელობაა.

ჯერ ერთი, შენ საზოგადოების მხრიდან უდიდეს ზეწოლას განიცდი. არ უნდა დავივიწყოთ კიდევ ერთი თავისებურება: უნდა მართო გუნდი, რომელიც ვარსკვლავებითაა დაკომპლექტებული. ამ ვარსკვლავებიდან ყველას სჯერა, რომ კონკრეტულ მომენტში სწორედ ის უნდა გავიდეს მინდორზე. ზიდანმა ამას გაუძლო. ჯერ კიდევ ანჩელოტისთან გაიარა ეს.

არადა, იოლი ნამდვილად არ არის. 22 ფეხბურთელი ელოდება, რომ ძირითად შემადგენლობაში იქნება, შენ კი საუკეთესოები უნდა აარჩიო. ვფიქრობ, მან ძალიან ბევრი ისწავლა. ავიღოთ თუნდაც ის, რომ ძალიან მშვიდია სამწვრთნელო სავარძელში, გაცილებით უფრო მშვიდი, ვიდრე ფეხბურთელობისას იყო. მე მისი ეს მეტამორფოზა ძალიან მომწონს და მინდა, მას წარმატება ვუსურვო "რეალთან" ერთად".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული