კოპა დელ რეი. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩების წინ: "რეალს" სასწაული სჭირდება

AutoSharing Option
გუშინ ესპანეთის სამეფო თასის პირველი ნახევარფინალისტი გაირკვა - ვიტორიას "ალავესმა" მშვიდად მიიყვანა თამაში ქვედალიგელ "ალკორკონთან" 0:0-მდე და ბასკური კლუბი ნახევარფინალშია. დღეს მას ალბათ, მადრიდის "ატლეტიკო", ხვალ კი "ბარსელონა" შეუერთდებიან, აი, მადრიდის "რეალს" კი მცირე სასწაული სჭირდება იმისთვის, რომ ცუდად დაწყებული საქმე შემოატრიალოს და ნახევარფინალში გავიდეს.

ზინედინ ზიდანის გუნდმა "სანტიაგო ბერნაბეუზე" 1:2 წააგო და ახლა საპასუხო შეხვედრა ელის გალისიაში. ყველაფერთან ერთად, "სამეფო კლუბში" ახლა ტრავმების ეპიდემიაა. უკანასკნელი მსხვერპლი კი ფრანგი მცველი რაფაელ ვარანია, რომელიც ზიდანმა ვიგოში წამსლელთა სიაში
ვერ შეიყვანა. მოკლედ, ვერ ითამაშებენ ვარანი, ხამეს როდრიგესი, ლუკა მოდრიჩი, დანი კარვახალი, მარსელო და გარეთ ბეილი. ზიდანს დანილო და კრიშტიანო რონალდო მიჰყავს, თუმცა მათი თამაში კვლავ საეჭვოა. ზიდანმა 19-კაციან გუნდში ფაბიო კოენტრაო, ახალგაზრდა მცველი ახრაფ ჰაკიმი და შვილი ენცო ზიდანი შეიყვანა.

ზინედინ ზიდანი (რეალი): "კრიზისის ნიშნებს მე ვერ ვხედავ, ვინც ჯანმრთელადაა, ყველა კარგ ფიზიკურ ფორმაშია. ჩვენ შეგვწევს ძალა, საქმე სეზონის ბოლომდე მივიყვანოთ. ასე რომ, არაფერი საგანგაშო არ არის. "რეალს" სასტიკად აკრიტიკებენ. ხანდახან გგონია, რომ გუნდი ბოლო ადგილზეა. ეს კრიტიკა მეტისმეტი და დაუმსახურებელია. ჩვენ ამას თამაშით დავამტკიცებთ. როცა გუნდს შედეგები აქვს, ყველაფერი, თითქოს, უფრო იოლია.

საკმარისია, ერთი წაფორხილება და იწყება... არაფერი იცვლება, "სელტასთან" დუელის მოსაგებად 90 წუთი კიდევ გვაქვს. კარგი ისაა, რომ ახლა უკვე ზუსტად ვიცი, რა უნდა შევცვალო ამ მეტოქესთან თამაშში. სამწუხაროა, რომ ამდენი ტრავმირებული გვყავს, მაგრამ ეს ფეხბურთის ნაწილია და ვერსად გავექცევით".

* * *
"ბარსელონამ" "ანოეტაზე" 2007 წლის მერე პირველად მოიგო და ახლა "რეალ სოსიედადთან" წყვილში აშკარა ფავორიტია. ბასკთა ცენტრალური მცველი ინიგო მარტინესი კი არ კარგავს იმედს: "კარგად ვიცით, რა რთულია "კამპ ნოუზე" გამარჯვება, მაგრამ ბიჭების განწყობას გადმოგცემთ - ჩვენ გვჯერა, რომ შეგვიძლია ამის გაკეთება და საამისოდ საკმაო რესურსი და კლასიც გვაქვს".

ყველაფერთან ერთად, ლუის ენრიკეს დროულად მოუსწრო ნეიმარის გამოცოცხლებამ, ბრაზილიელს ბოლო მატჩებში გოლი-გოლზე გააქვს და უკვე აღარ ჩამორჩება ლეო მესისა და ლუის სუარესს.

* * *
დიეგო სიმეონეს ხელში სამგოლიანი უპირატესობა უჭირავს ბასკურ "ეიბართან". ამიტომაც არგენტინელმა მწვრთნელმა გადაწყვიტა, ანტუან გრიზმანი დაასვენოს, ის იპურუაში საერთოდ არ გაემგზავრება. გრიზმანს შემოდგომით ჩავარდნა ჰქონდა, მაგრამ 2017 წელი მან დიდებულად დაიწყო და ახლა ფრანგი ტოპ-ლიგებში საუკეთესო გოლეადორია (2017 წელს) ყველა შეჯიბრებაში. სიმეონემ გადაწყვიტა, რომ "ეიბართან" თამაშს შეტევაში ფერნანდო ტორესისა და კევინ გამეიროს დუეტი დაიწყებს. ესეც კიდევ ერთი შანსი "ელ ნინიოს", რომელიც ამ სეზონში ძალზე უფერულად თამაშობს.

* * *
"ალავესს" იოლად გამოუვიდა ნახევარფინალში გასვლა, ბასკეთის დედაქალაქში დიდი ზეიმია, რადგან "ალავესი" ბოლოს თასის ნახევარფინალურ ეტაპზე 13 წლის წინათ გავიდა. ყველაფერი კი ამ დაპირისპირებაში წინა მატჩში გადაწყდა, როცა იბაი გომესმა ორი გოლი გაუტანა მადრიდელებს ქვედა დივიზიონიდან. სხვათა შორის, მაურისიო პელეგრინოს ბიჭებს, ძირითადად, დაცვაზე ზრუნვა უწევდათ, მაგრამ "ალკორკონის" შემტევთა შეჩერება მათ წარმატებით მოახერხეს.

ალავესი-ალკორკონი 0:0 (2:0)

ოთხშაბათი. 25 იანვარი
ეიბარი-ატლეტიკო 22:15 (0:3)

ხუთშაბათი. 26 იანვარი
ბარსელონა-სოსიედადი 00:15 (1:0)
სელტა-რეალი 00:15 (2:1)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული