ჯოჯოხეთი გრძელდება!

AutoSharing Option
გუნდებს, რომლებმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე თავიანთ ქომაგებს იმედები გაუცრუეს და უფრო მეტიც, მთელი მსოფლიოს წინაშე შერცხვნენ, ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში რეაბილიტაციის შანსი მიეცათ. იტალიის ნაკრებმა დაკისრებულ ამოცანას თავი კარგად გაართვა, მოუგო რა ესტონეთს ტალინში (2:1), ინგლისმა გერმანიასთან ნაჭამი სირცხვილის გამო ჯავრი არც მეტი, არც ნაკლები, ბულგარეთის საკმაოდ ძლიერ ნაკრებთან ამოიყარა (4:0).

საფრანგეთი? დაგვეთანხმებით, მუნდიალზე ყველაზე მეტად რაიმონ დომენეკის გუნდი შერცხვა - არა მარტო სპორტული წარუმატებლობის, არამედ, პირველ რიგში, იმ შეუფასებელი სკანდალის გამო, რაც ამ გუნდში მსოფლიოს ჩემპიონატის
დროს მოხდა (დეტალებს აღარ გაგაგხსენებთ). და საფრანგეთის ნაკრებმა, სადაც ბევრი რამ შეიცვალა, პარასკევს კიდევ ერთი დიდი სირცხვილი ჭამა: ახლა უკვე ლორან ბლანის მიერ დამოძღვრილმა გუნდმა, "სტად დე ფრანსზე" ბელარუსის ნაკრებთან წააგო (0:1).

არადა, მატჩის წინ თვით ზინედინ ზიდანმაც თქვა, ბლანი ზუსტად ის კაცია, ვისაც გუნდი უნდა ჩაებარებინაო. დასკვნების გაკეთება, რა თქმა უნდა, ნაადრევია, რადგან ბლანი სულ 2 თვეა, რაც გუნდში მუშაობს და თანაც, ეს მისი პირველი ოფიციალური თამაში იყო, ანუ, გუნდი ჯერ კიდევ აწყობა-დალაგების სტადიაში ჰყავს, მაგრამ მაინც: საკუთარ მოედანზე ბელარუსთან წაგება ფრანგებისთვის აშკარად ნამეტანია. ამიტომაც იყო, ფრანგულმა პრესამ უქმეებზე ბლანსა და მის გუნდს ყველანაირად რომ გადაუარა: "კატასტროფა!", "სირცხვილი", "ჯოჯოხეთი გრძელდება" - ასეთი სათაურები დაიბეჭდა ფრანგულ გაზეთებში შაბათ-კვირას.

არადა, "სტად დე ფრანსზე" შეკრებილმა პუბლიკამ (76 000 მაყურებელი) დიდი ნებისყოფა გამოამჟღავნა და დიდხანს ითმენდა იმას, რომ ფრანგები ბელარუსს ვერ უგებდნენ. ფანები საყვარელ გუნდს არ უსტვენდნენ, მაგრამ 86-ე წუთზე, სერგეი კისლიაკმა გოლი რომ გაიტანა, მოთმინების ფიალა ყველას აევსო და დაიწყო ის, რისაც ბლანს და მის შეგირდებს ყველაზე მეტად ეშინოდათ - სტვენა, ლანძღვა, მასობრივი ზურგშექცევა და ა.შ.

ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ბლანის გუნდიდან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, 20 წლის ნიჭიერი ნახევარმცველი იან მვილა გახლდათ. გამოცდილმა ფეხბურთელებმა კი, ფლორენ მალუდას თამადობით ისევ საზიზღრად ითამაშეს.
"ბევრი რამ შევცვალე, მაგრამ მაინც არაფერი გამოვიდა. ახლა დიდხანს უნდა ვიფიქრო, კიდევ რისი გაკეთება შეიძლება," - აღარ იცოდა, რა ეთქვა მატჩის შემდეგ ლორან ბლანს.

ხვალ ფრანგები ბოსნიაში ჩადიან და უკვე ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი აქვთ. ბოსნია ხომ ის გუნდია, რომელსაც ასევე აქვს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის ამბიცია. ბლანმა კი აღარ იცის, რომელი ფეხბურთელები ათამაშოს ძლიერ ბოსნიასთან, სუსტ ბელარუსთან წაგების შემდეგ.

"არ ვიცი, ვინ უნდა გაიტანოს გოლები. ისე გამოდის, რომ ჩვენ არ გვყავს მოთამაშეები, რომლებიც გოლებს გაიტანენ. ბევრი კარგი ფეხბურთელი მყავს, უმეტესობას ჩინებული ტექნიკა აქვს, ბურთის თრევა, დრიბლინგები შეუძლიათ, მაგრამ როგორც კი მეტოქის კარს 25-მეტრიან დისტანციაზე უახლოვდებიან, ყველაფერი მთავრდება. ეს კატასტროფაა!" - გულახდილია ბლანი.

ფრანგების დამრიგებელი პირდაპირ ამბობს, რომ მას არ ჰყავს ისეთი მოთამაშეები, რომლებიც პასუხისმგებლობას თავის თავზე აიღებენ, რომლებიც აგრძნობინებენ მეტოქეს, რომ მას საფრანგეთის ძლიერ ნაკრებთან აქვს საქმე. ლუის საამ, გიიომ ოარომ და ლოიკ რემიმ ამ ამოცანას თავი ბელარუსის დარ გუნდთანაც კი ვერ გაართვეს. და რა იქნება ბოსნიასთან, სადაც ეს სამეული ტრავმის გამო ვერ ითამაშებს? იმაზე უარესი რაღა უნდა იყოს, რაც ბელარუსთან მოხდაო, სიმწრისგან ცინიზმის ხასიათზეა ბლანი. მან ხვალინდელი მატჩისთვის ლიონელი ჯიმი ბრიანი გამოიძახა და იმედი აქვს, რომ ქარიმ ბენზემაც დაუბრუნდება.

ბელარუსში კი, რა საკვირველია, დიდი ზეიმი იყო. ამ გუნდს გერმანელი შტანგე წვრთნის, რომელიც 80-იან წლებში გდრ-ის ნაკრების თავკაცი იყო და საფრანგეთს გასვლაზე მაშინაც მოუგო. "რამდენიმე კვირაში გუნდის ჩამოყალიბება შეუძლებელია. მე რომ ფრანგების ადგილზე ვიყო, ბლანს არ გავაკრიტიკებდი. პირადად მე ბელარუსში უკვე სამი წელია ვმუშაობ და შედეგს მხოლოდ ახლაღა ვიმკი," - ამბობს შტანგე.
მაგრამ საფრანგეთი ბელარუსი არ არის - ლორან ბლანს ამდენს არავინ დააცდის...


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული