გიორგი ლორია: პაოკ-ი ფავორიტია, მაგრამ გახსოვდეთ, თბილისში რთული მატჩი გელით!

AutoSharing Option
ბერძნულმა metrosport.gr-მა თბილისის "დინამოს" ყოფილ მეკარე გიორგი ლორიასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.

ევროპის ლიგის პლეი ოფში "დინამო" ბერძნული პაოკ-ის მეტოქე იქნება, ამიტომ ლორიას სწორედ "დინამოსა" და პაოკ-ის დაპირისპირებაზე გაესაუბრნენ.

- გიორგი, მოგვიყევი "დინამოს" შესახებ.
- "დინამო" ჩემთვის განსაკუთრებული გუნდია. ამ კლუბში 10 წელი გავატარე, მანდ გავიზარდე და ჩემს ოჯახად ვთვლი. ეს საქართველოს ყველაზე ისტორიული გუნდია, რომელსაც უდიდესი პოტენციალი აქვს. პაოკ-ი რთული გუნდია, ვიცი, მაგრამ "დინამოსთან" იოლი მატჩი არ ელის.

- პირველი მატჩის თბილისში ჩატარება პაოკ-ის უპირატესობაა?
- ამ მატჩს "დინამო არენაზე"
40 000-ზე მეტი გულშემატკივარი დაესწრება. გულშემატკივარი "დინამოს" მე-12 მოთამაშეა და ისინი კარგ ატმოსფეროს ჰქმნიან. ასე რომ...

- "დინამოს" ძლიერ მხარეებზე რას გვეტყვი? ალბათ, ბოლო თამაშებს ნახავდი ამ გუნდის მონაწილეობით
- ცხადია, დავესწარი თამაშებს. "დინამოს" ყველა პოზიციაზე გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავს. თავდასხმაში გუნდს ლადო დვალიშვილი ჰყავს, რომელსაც კარგი ევროპული კარიერა აქვს. დაცვაში ასევე გამოცდილი უჩა ლობჟანიძე და ალექსანდრე ამისულაშვილი არიან, ნახევარდაცვაში - ლაშა პარუნაშვილი. ფორვარდ გიორგი ქვილითაიას გაყიდვა კი დიდი დანაკლისია...

- ფავორიტად ამ დაპირისპირება პაოკ-ს მიიჩნევთ?
- პაოკ-ი ბრწყინვალე გუნდია, რომელიც კარგი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, მაგრამ გახსოვდეთ, "დინამო არენაზე" რთული მატჩი გელით. ორმატჩიან დაპირისპირებაში პაოკ-ია ფავორიტი, თუმცა ბურთი მრგვალია, არავინ იცის რა მოხდება.

- საბერძნეთში დაბრუნებას ხომ არ აპირებ? ერთ პერიოდში წერდნენ, ლორია აეკ-ში გადადისო...
- საბერძნეთთან კარგი მოგონებები მაკავშირებს, მიყვარს ეს ქვეყანა. მენატრება კიდეც...

კი, მართალია რომ აეკ-ში გადასვლასთან ახლოს ვიყავი, მაგრამ, საბოლოოდ, ვერ განხორციელდა ეს ტრანსფერი. აეკ-ში ახლა თემურ ქეცბაიაა, რომელთანაც ბრწყინვალე ურთიერთობა მაქვს. ის კარგი ადამიანი და კარგი მწვრთნელია. მთელი გულითა და სულით წარმატებებს ვუსურვებ მას აეკ-ში.

- პაოკ-ის ვარიანტიც ხომ გქონდა?
- კი. ჩამოსული ვიყავი სალონიკში და 3 დღე ვათანხმებდი კონტრაქტს. არ გამოვიდა, რადგან კონტრაქტთან დაკავშირებით მე სხვა მოთხოვნები მქონდა, პაოკ-ს - სხვა.
ასევე დაგაინტერესებთ