ევროტურნირების წილისყრა: შევცვალოთ ბალანსი, ავიღოთ რევანში!

AutoSharing Option
გუშინ შვეიცარიის ქალაქ ნიონში ევროტურნირების წილისყრა გაიმართა და ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სამი ქართული გუნდის მეტოქე გაირკვა, მეოთხე კი, თბილისის "დინამო", ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება ბრძოლაში და ამ სტადიისთვის მხოლოდ მისი სავარაუდო მეტოქეებია ცნობილი...

ევროტურნირები 2016/17 - წილისყრა სრულად

ჩვენი გუნდების მეტოქეებზე ვრცლად ევროტურნირების სტარტის წინ ვისაუბრებთ, დღეს კი ზოგადი მიმოხილვით დავკმაყოფილდეთ...

ეს ეტაპი უნდა გავიაროთ!
წილისყრის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ცნობილი გახდა თბილისის "დინამოს" სავარაუდო მეტოქეთა სია და ამათგან
ორი აშკარად არასასურველი იყო (უნგრული "ფერენცვაროში" და ბოსნიური "ზრინსკი"), ორი - შედარებით უკეთესი (ჩერნოგორიული "მლადოსტი" და ლიტვური "ჟალგირისი"), აი, დანარჩენი ორი კი - იდეალური!

კიდევ ორი სავარაუდო მეტოქე კი პირველი ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ორი წყვილის გამარჯვებული უნდა ყოფილიყო: "სანტა კოლომა" (ანდორა) -"ალაშკერტი" (სომხეთი) და "ნიუ სეინთსი" (უელსი) -"ტრე პენე" (სან მარინო).

საბოლოოდ, გაირკვა, რომ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამოს" მეტოქე ანდორისა და სომხეთის ჩემპიონების წყვილში გამარჯვებული გუნდი იქნება. ამ წყვილში უდავო ფავორიტი, რა თქმა უნდა, "ალაშკერტია" (არცთუ დიდი ისტორიის მქონე კლუბი წლეულს პირველად გახდა სომხეთის ჩემპიონი), თუმცა, სჯობს, მოვლენებს არ გავუსწროთ და ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს დაველოდოთ, რომლებიც 28/29 ივნისსა და 5/6 ივლისს გაიმართება.

ჩვენი ჩემპიონის მეტოქეზეც ვრცლად ამის მერე ვისაუბრებთ, ოღონდ იმის თქმა კი წინასწარ შეიძლება, რომ "დინამოს" სავსებით რეალურად ხელეწიფება ანდორისა თუ სომხეთის ჩემპიონის ბარიერის დაძლევა. ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს "დინამო" საკუთარ მოედანზე, 12/13 ივლისს გამართავს, საპასუხოს კი - 19/20 ივლისს.

გორის "დილას" მეტოქე "შირაქი" (სომხეთი)
დაარსდა: 1958
სტადიონი: გიუმრი სიტი (2 750)
ტიტულები: სომხეთის ოთხგზის ჩემპიონი, ექვსგზის ვერცხლისა და ორგზის ბრინჯაოსპრიზიორი, თასის ერთგზის მფლობელი
მწვრთნელი: ვარდან ბიჩახჩიანი

ევროპალიგის მონაწილე სამი ქართული გუნდიდან განთესილი მხოლოდ "დილა" იყო და "ჩიხურასა" და, განსაკუთრებით, "სამტრედიისაგან" განსხვავებით, შედარებით სუსტი სავარაუდო მეტოქეებიც ჰყავდა: "შირაქი" (სომხეთი), "ბირკირკარა" (მალტა), "ბოკელი" (ჩერნოგორია), "ლუსიტანოსი" (ანდორა), "ფოლგორე" (სან მარინო).

რა თქმა უნდა, სასურველი იქნებოდა, რომ პრობლემებმოძალებულ გორელებს ანდორის ან სან მარინოს წარმომადგენელი შეხვედროდა, მაგრამ... უჩა სოსიაშვილის გუნდს წილისყრამ სომხეთის ვიცე-ჩემპიონი, ამ ქვეყნის ერთ-ერთი უძველესი და ტიტულოვანი კლუბი - "შირაქი" (გიუმრი) არგუნა.

ახლა ძალიან ძნელი სათქმელია, რომელია ამ წყვილის ფავორიტი, არადა, "დილას" რომ თავისი წამყვანი ფეხბურთელები შეენარჩუნებინა, მაშინ მცირე უპირატესობას ქართულ გუნდს მივანიჭებდით, ახლა კი, სურვილის მიუხედავად, ამას ნამდვილად ვერ ვიტყოდით. მეტოქისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, "შირაქი" მაინც არ მიგვაჩნია დაუმარცხებელ გუნდად.

იმასაც ვიტყვით, რომ გიუმრის კლუბს მხოლოდ ორჯერ აქვს გადალახული ევროტურნირებზე პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი და იმედი დავიტოვოთ, ეს მიღწევა უცვლელი დარჩება.

"შირაქთან" ქართულ გუნდებს არასდროს უთამაშიათ ევროტურნირებზე, სომხეთის სხვა გუნდებთან კი ექვსჯერ მოგვიწია დაპირისპირება და, თქვენ წარმოიდგინეთ, უპირატესობასაც ვფლობთ! ქართულმა გუნდებმა ოთხჯერ დაძლიეს სომხური ბარიერი (ორჯერ - "ბანანცის", თითოჯერ - "ერებუნისა" და "კილიკიას"), ორჯერ კი პირიქით მოხდა - იმავე "ბანანცთან" და "არარატთან".

ამ წყვილის გამარჯვებული ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვაკურ "ტრნავასა" და მალტის "ჰიბერნიანსს" შორის გამარჯვებულს შეხვდება.

საჩხერის "ჩიხურას" მეტოქე "ზიმბრუ" (მოლდოვა)
დაარსდა: 1947
სტადიონი: ზიმბრუ (10 400)
ტიტულები: მოლდოვის რვაგზის ჩემპიონი, ხუთგზის ვერცხლისა და ოთხგზის ბრინჯაოსპრიზიორი, თასის ექვსგზის მფლობელი.
მწვრთნელი: ფლავიუს სტოიკანი (რუმინეთი)

ერთწლიანი პაუზის შემდეგ ევროტურნირებზე დაბრუნებული "ჩიხურა" განუთესავი იყო და სავარაუდო მეტოქეებზე "სასურველს" თითქმის ვერცერთზე ვიტყოდით - "ბეითარი" (იერუსალიმი, ისრაელი), "კუკეში" (ალბანეთი), "ადმირა" (ავსტრია), "ნეფთჩი" (აზერბაიჯანი), "ზიმბრუ" (მოლდოვა).

საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ სოსო ფრუიძის გუნდი მოლდოვის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან გუნდს, კიშინიოვის "ზიმბრუს" უნდა დაუპირისპირდეს. ამ წყვილში გამარჯვებული კი მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თურქულ "ოსმანლისფორს" გაეჯიბრება.

მანამდე კი ის ვთქვათ, რომ ქართული გუნდები აქამდე სამჯერ შეხვედრიან მოლდოვურ გუნდებს. უპირატესობა ჩვენს მხარესაა: 2013 წელს ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამომ" ორივე მატჩი მოუგო "მილსამის" (2:0, 3:1). 2011 წელს, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, "ზესტაფონმა" ორი მატჩის ჯამში აჯობა "დაჩიას" (3:0, 0:2), 1999 წელს კი თბილისის "დინამომ", ყველასთვის მოულოდნელად, ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე ვერ აჯობა... "ზიმბრუს" (2:1, 0:2).

და აი, 17-წლიანი პაუზის შემდეგ მშვენიერი შანსი გვაქვს, რომ ევროტურნირებზე მოლდოველებთან არსებული თანაფარდობა ჩვენ სასარგებლოდ შევცვალოთ. თუმცა, ეს ფრიად რთული საქმე იქნება: "ზიმბრუს" რუმინელ მწვრთნელს, ამ ქვეყნის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს, ფლავიუს სტოიკანს თავის გუნდში რამდენიმე ლეგიონერი ჰყავს და ის ფაქტიც გასათვალისწინებელია, რომ "ჩიხურას" მეტოქე, ფაქტობრივად, ყოველწლიურად ასპარეზობს ევროტურნირებზე.

საუკეთესო შედეგი "ზიმბრუს" 2014/15 წლებში ჰქონდა, როცა ევროპალიგაზე სამი საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარა და მხოლოდ პლეი ოფში დამარცხდა ბერძნულ პაოკ-თან...

სხვათა შორის, "ზიმბრუს" გენერალური დირექტორი გახლავთ ამ გუნდისა და მოლდოვის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი იგორ ოპრეა - ის ოპრეა, 1994 წლის 7 სექტემბერს თბილისში, საქართველოს ნაკრების პირველ ოფიციალურ მატჩში რომ გაგვიტანა და ამ გოლით მოლდოვას სენსაციური გამარჯვება მოუტანა.

"სამტრედიის" მეტოქე "გაბალა" (აზერბაიჯანი)
დაარსდა: 2005
სტადიონი: გაბალა სიტი
ტიტულები: აზერბაიჯანის ჩემპიონატის სამგზის ბრინჯაოსპრიზიორი, ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის მონაწილე
მწვრთნელი: რომან გრიგორჩუკი (უკრაინა)

ევროტურნირებზე "სამტრედია" 21-წლიანი პაუზის მერე დაბრუნდა და, რა გასაკვირია, რომ განუთესავი იყო. თუმცა, გია ცეცაძის დამოძღვრილ "სამტრედიას" თავიდანვე არ გაუმართლა, რადგან ერთიმეორეზე ძლიერი სავარაუდო მეტოქეები ელოდა: "მაკაბი" (თელ-ავივი, ისრაელი), "დებრეცენი" (უნგრეთი), "გაბალა" (აზერბაიჯანი), "ვადუცი" (ლიხტენშტაინი), "ბეროე" (ბულგარეთი).

შეგახსენებთ, რომ ისრაელის ყველაზე ტიტულოვან კლუბ თელ-ავივის "მაკაბიში" სულ ახლახან შოთა არველაძე დაინიშნა მთავარ მწვრთნელად. "მაკაბისა" და "დებრეცენს" კი ავცდით, მაგრამ, როგორც წილისყრამ ინება, ზედიზედ მეორე წელიწადია ქართული გუნდი აზერბაიჯანის ერთ-ერთ უმდიდრეს კლუბ "გაბალას" უნდა გაეჯიბროს.

შეგახსენებთ, რომ ეს იყო პროვინციული აზერბაიჯანული გუნდის მეორე გამოსვლა ევროტურნირებზე, მაგრამ უკრაინელი სპეციალისტის, რომან გრიგორჩუკის დამოძღვრილმა გუნდმა (სადაც ლეგიონერები ჭარბობდნენ) ორი მატჩის ჯამში აჯობა თბილისის "დინამოს" (1:2, 2:0).

ევროტურნირებზე "გაბალას" წარმატებული ასპარეზობა ამის მერეც გაგრძელდა და აზერბაიჯანულმა გუნდმა იმდენი მოახერხა, რომ... ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზეც მოხვდა. ამ ერთი წლის განმავლობაში "გაბალას" შემადგენლობაში რადიკალური ცვლილებები არ მომხდარა - გრიგორჩუკის ტაქტიკურად კარგად განსწავლულ გუნდში კვლავაც ლეგიონერები (თანაც, არცთუ ურიგო დონის) არიან უმრავლესობაში, რომელთა რიცხვი (ისევე, როგორც გეოგრაფია) ამ ზაფხულს კიდევ უფრო გაიზარდა.

მათ შორის კი, უპირველეს ყოვლისა, ნიკა კვეკვესკირი უნდა ვახსენოთ: საქართველოს ნაკრების გონიერი ნახევარმცველი, ისევე, როგორც წინა სეზონში ("დილაში"), ბაქოს "ინტერშიც" გამორჩეული იყო.

რაც შეეხება ევროტურნირებზე ქართულ-აზერბაიჯანულ კლუბებს შორის დაპირისპირების ისტორიას, აქ სამწუხარო რეალობა გვაქვს: 5 შემთხვევიდან მხოლოდ ორჯერ მოხდა, მომდევნო ეტაპზე ჩვენი გუნდი ("თბილისი", "სიონი") რომ გავიდა, დანარჩენ სამ შემთხვევაში კი დავმარცხდით.

"გაბალაზე" უკვე ვთქვით და ისიც ვახსენოთ, რომ 2012 და 2014 წლებში აზერბაიჯანის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა "ნეფთჩიმ" გაგვაწბილა.

"სამტრედია"-"გაბალას" წყვილში გამარჯვებული ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახურ "აქტობესა" და უნგრულ მტკ-ს შორის წარმატებულს დაუპირისპირდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
წინ ქართველო კლუბებო.
spain
23:03 21-06-2016
0
გასულ წელს ევროტურნირები ყველა ქართული გუნდისათვის პირველივე ეტაპის შემდეგ მთავრდა... მიზეზი მზრტივია - თანამედროვე ფეხბურთში ფიზმომზადება უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.

ფეხბურთის ქართველ მესვეურებს ინტელექტუალური შესაძლებლობები ნორმალური აქვთ, მაგრამ, რჩება შთაბეჭდილება, თითქოს უჭირთ კარგისა და ცუდის გარჩევა... დაუღლელად სირბილის უნიკალური ქართული მეთოდიკა „ფიზმომზადება დატვირთვის გარეშე 47+5“, მიუხედავად სწრაფი შედეგებისა, გამოყენებული ჯერ კიდევ არ არის.
წარმატებას ვუსურვებთ ყველა ქართულ კლუბს!
სირბილის სწავლების ცენტრი
12:31 21-06-2016
0

სიახლეები პოპულარული