ბათუმში ბოლო სტადიონიც დაანგრიეს - "ადელიც" გაყიდული ყოფილა

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" პრობლემაზე არაერთხელ დაგვიწერია. ქობულეთის "ჩელე არენის" უხარისხო საფარზე ვარჯიშმა ბევრი მოთამაშე ლაზარეთში გაუშვა და დღემდე ტრავმებს იშუშებს. თბილისისა და ბათუმის დინამოელთა შაბათის მატჩმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ზღვისპირელებს სასწრაფოდ ესაჭიროებათ საკუთარი სტადიონი და ბაზა.

სხვაგვარად, შესაძლოა, ამ გუნდმა მალე 11 ჯანმრთელი მოთამაშე ვეღარ შეკრიბოს...

ვიცით, რომ აჭარაში თანამედროვე სტადიონის აშენებას აპირებენ და რომ მისი დასრულება 2018 წლისთვის იგეგმება, მაგრამ ეს ჯერ დაპირებაა. ბათუმის გარეუბანში, ანგისას დასახლებაში, ბათუმის "დინამოსთვის" ბაზა შენდება და იმედია, ეს პრობლემებს ნაწილობრივ მაინც მოხსნის.

მანამდე
კი, აჭარაში ფეხბურთს კიდევ ერთი დარტყმა მიაყენეს - ცნობილი გახდა, რომ "ადელის" სტადიონის ტერიტორიაც გაყიდული ყოფილა. ის "ორბი-ჯგუფის" საკუთრებაში გადავიდა და ახლა იქ მშენებლობა იგეგმება. ისტორიის საკუთრება გახდა სტადიონი, სადაც რამდენიმე სეზონის განმავლობაში ბათუმის "დინამო" და პირველი ლიგის "ადელი" თამაშობდნენ. ამას გარდა, მუშაობდა საფეხბურთო სკოლაც.

მომხდარის მიუხედავად, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძემ ტელეკომპანია "აჭარის" ეთერში ასეთი რამ თქვა:

"მე ფეხბურთის დიდი მოყვარული ვარ და სადაც არ უნდა ვიყო, ვეცდები, მას ყოველთვის გვერდით დავუდგე. ფეხბურთი ყველგან მომგებიანი სფეროა, საქართველოს გარდა. მაგრამ შავიზღვისპირეთის მოწესრიგებული ინფრასტრუქტურაც აუცილებელია.

ამას ერთი ძველი მაგალითიც ადასტურებს. 1987 წელს მოსკოვის "სპარტაკს" ანგისაში საფეხბურთო ბაზის აშენება სურდა. რუსებთან მოლაპარაკებაში პირადად ვიყავი ჩართული. მათ პირდაპირ გვითხრეს - ეს ბაზა წელიწადში მხოლოდ ერთი თვე დაგვჭირდება, დანარჩენი დრო თქვენ მოიხმარეთ, ოღონდ ტერიტორია დაგვითმეთო.

ეს იმიტომ, რომ აჭარა პოსტსაბჭოეთის ყველაზე სამხრეთში მდებარე სუბტროპიკული ზონაა და მოსამზადებელი შეკრებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა თუ მოვაწყვეთ, რუსეთის, ბელორუსის, უკრაინის, მოლდოვის, სომხეთისა და აზერბაიჯანის გუნდები აუცილებლად გვეწვევიან".

ამ თემაზე სფფ-ის წარმომადგენელმა მამუკა კვარაცხელიამაც ილაპარაკა:

"ჩვენ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, მოსამზადებელი ინფრასტრუქტურა მოვაწყოთ და უცხოელები მოვიზიდოთ.

ერთი კლუბი შეკრებაზე 40 ათასამდე დოლარს ხარჯავს. წელიწადში 20 გუნდი რომ ჩამოვიდეს, ეს ჩვენს ეკონომიკასაც დაეტყობა და საქართველოში ანტალიის მოდელი შეიძლება გამოვიყენოთ.

მაგრამ "ადელის" სტადიონის დაკარგვა ძალიან დასანანია, ეს არ უნდა დაგვეშვა".

აქ ერთი პოზიტივი ის არის, რომ ტერიტორიის მფლობელი, ბიზნესმენი ლევან ადეიშვილი მზადაა, ეს საფარი ყინულის მოედნის გვერდით მდებარე ნაგავსაყრელზე გადაიტანოს და მოედანი იქ გააკეთოს.

"ახლა მთავარია, ნაგავსაყრელი მისცენ და ადეიშვილი იქ გააკეთებს ბუნებრივსაფარიან მოედანს, 600-კაციან ტრიბუნებს, გასახდელებს, რკინის დიდი მესრით შემოღობავს და ახალი სტადიონის აშენებამდე ბათუმს ეს არენა მაინც მოემსახურება", - ესეც კვარაცხელიას სიტყვებია. ის ცდილობს, რომ ეს იდეა განხორციელდეს, მაგრამ ამით საერთო ტენდენცია არ იცვლება...

მოკლედ, სტადიონების ნგრევის პროცესი გრძელდება და ბათუმის სტადიონებიდან მხოლოდ მოგონებები დაგვრჩა. თურმე, ეს ყველაფერი ძველი ხელისუფლების დროს მოხდა, მაგრამ ახალს რაღა უშლის ხელს, რომ სოციალური მნიშვნელობისთვის ესოდენ აუცილებელი ობიექტები შეინარჩუნოს?

ყველაზე ცუდი მაშინ მოხდა, როცა წინა ხელისუფლებამ, ბიუჯეტის შევსების მიზნით, ლამის ყველაფრის გაყიდვა გადაწყვიტა და სპორტული ობიექტების პრივატიზება თუ მათი პროფილის შეცვლაც ნებადართული გახდა.

არადა, ბიზნესმენებს ჰქონდათ ვალდებულება, 10 წლის განმავლობაში ამ ობიექტებისთვის პროფილი არ შეეცვალათ. მაგრამ რა დიდი გამჭრიახობა სჭირდებოდა იმის გათვლას, რომ ქვეყანაში, სადაც ფეხბურთი მომგებიანი სფერო არ არის, სტადიონების ადგილას კორპუსებს ან უფრო შემოსავლიან ობიექტებს ააშენებდნენ?! ახლანდელი პროცესები სწორედ "გადატრიალებული" კანონმდებლობის ლოგიკური შედეგია.

ფაქტია, რომ საქართველოში პრივატიზაცია დამახინჯებული ფორმით მიმდინარეობს და ის სპორტული ინფრასტრუქტურის დასამარების პროცესად გადაიქცა. გასაკვირია, რატომ არის სახელმწიფო სპორტული ობიექტების (მხოლოდ საფეხბურთო სტადიონებს არ ვგულისხმობთ) გასხვისებისა და ნგრევის პროცესებისადმი ასეთი გულგრილი?

არადა, საქართველოს შავიზღვისპირეთი ის ზონაა, ბიუჯეტს შემოსავლების შევსებაში რომ უნდა ეხმარებოდეს. ადრე რამდენიმე საფეხბურთო ცენტრი გვქონდა. ახლა სოხუმი, გაგრა, ეშერა, ლესელიძე, განთიადი, ალახაძე, გულრიფში, გუდაუთა და ოჩამჩირე ოკუპირებულია, მაგრამ ფოთში, ბათუმში, ქობულეთსა და გრიგოლეთშიც არასახარბიელო მდგომარეობაა.

შეიძლება ქობულეთი მაინც გამონაკლისად ჩავთვალოთ, მაგრამ იქ მოედნის საფარი ერთ თეთრადაც არ ღირს. დანარჩენ სამ ცენტრში კი, თითქოს ვიღაცის ფარული ბრძანებით, სტადიონები გავერანდა.

მხოლოდ ურეკშია მოედნები და მისი მეპატრონე თამაზ გაგუა ცდილობს, იქ თანამედროვე სპორტული კომპლექსი წამოჭიმოს, მაგრამ სახელმწიფო თუ არ დაეხმარა, მარტო კაცი რას გახდება?

არადა, ეს არის მაგალითი, როგორ შეიძლება ფეხბურთს სტადიონები შევუნარჩუნოთ მაშინ, როცა ამ ტერიტორიის დასათმობად მის პატრონს მილიონებს სთავაზობდნენ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
2პრეტენზიები ხო არის სამაგიეროდ ჩემპიონთა ლიგაზე ხო უნდა ვთამაშობდეთ?! საქართველოში 3 სტადიონი რო გექნება სულ და 40 კლუბი გეყოლება ან რატო უნდა ვითამაშოთ სადმე?
Giorgi567
15:07 06-04-2016
0
ბათუმისათვის რაც გააკეთა მიხეილმა, წარმოუდგენლად დიდი რამაა, მე ამ შემთხვევაში მხოლოდ ამას ვგულისხმობ და სხვას არაფერს ვეხები. ნახეთ ახლა, რას დაამსგავსეს ქალაქი, გააუპატიურეს პირდაპირი გაგებით. ერმაკოვია თუ მთავარმართებელი ერმოლოვი, რა მნიშვნელობა აქვს?
gizo
20:00 05-04-2016
0

სიახლეები პოპულარული