როგორ გადავურჩინოთ ბავშვებს სტადიონი - ქართველი ფეხბურთელები კორპუსის მშენებლების წინააღმდეგ

AutoSharing Option
დღეს საქართველოში სტადიონების თემა ისე მწვავედ დადგა, ინფრასტრუქტურის გადასარჩენად საპროტესტო აქციებიც იმართება. ამ თემასთან დაკავშირებით საინტერესო ისტორიას მოგითხრობთ...

კახა ალადაშვილი მხოლოდ აქტიური სპორტსმენი არ გახლავთ. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ნათამაშები, ხაბაროვსკის "სკა ენერგიის" ფეხბურთელი გლდანის პირველ მიკრორაიონში ცხოვრობს. ეს საკმაოდ დიდი დასახლებაა, სადაც სპორტული მოედნების ნაკლებობაა.

იშვიათი გამონაკლისი ფეხბურთელის კორპუსის წინ მდებარე მინი-მოედანია, მაგრამ წლების წინათ, ჯერ კიდევ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში, ეს ტერიტორია კერძო მესაკუთრეს გადაეცა, რომელმაც იქ მაღაზია ააშენა, ახლა კი იქ მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობა სურს.

32 წლის მცველმა საკუთარ
უბანში სტადიონის შენარჩუნების მოთხოვნით ხალხი შეკრიბა, 1000-მდე ხელმოწერა შეაგროვა და ითხოვს, რომ უბანს მინი-მოედანი შეუნარჩუნონ:

"მე არ ვიცი, ეს მოედანი კერძო მეპატრონეს როგორ გადასცეს, როცა ახლომახლო სხვა სათამაშო ადგილი არც არის. მოედანს მესაკუთრე არ თმობს, მოსახლეობა კი საპროტესტო აქციის გამართვას აპირებს. მაგრამ ჩვენ საცხოვრებელ კორპუსსა და სპორტულ მოედანს შორის არჩევანზე არც დავფიქრდებით.

ხალხი შევიკრიბეთ, ბევრი ცნობილი მოთამაშე მოვიდა, მათ შორის - ალექსანდრე იაშვილი, ოთარ მარცვალაძე, დათო კვირკველია, ლაშა სალუქვაძე...

ყველას უკვირს - ბავშვების წინააღმდეგ ყველაფერი ასე იოლად რატომ უნდა წყდებოდეს?! უბანში ხალხი ისეთი აღშფოთებულია, ბევრისგან მსმენია - სადღეღამისო მორიგეობას დავაწესებთ და სამშენებლო ტექნიკას არ შემოვუშვებთო".

ალადაშვილის თქმით, გამოსავალი რთული მოსაძებნი არ არის:

"იცით, მთავარი რა არის? ბავშვობაში, სწორედ ამ პატარა მოედანზე ვიზრდებოდით მე, ოთარ მარცვალაძე, გოგიტა გოგუა, ირაკლი დოლიძე, გიორგი ილურიძე... აქვე ახლოს ცხოვრობდნენ ლევან კობიაშვილი, გიორგი ლომაია, გიორგი შაშიაშვილი...

რეალურად, ბავშვები ფეხბურთს სწორედ ასეთ მოედნებზე სწავლობენ. ასე ვიყავი მეც და ყველა ეს ფეხბურთელიც. ახლა კი ამ მოედნის წართმევა მოინდომეს. მაგრამ ჩვენ მის დათმობას არ ვაპირებთ. ეს რომ დავუშვათ, ბავშვები ფეხბურთს კორპუსის სახურავზე ხომ არ ითამაშებენ?!

გამოსავალი კი ძალიან მარტივი და ადვილია: თბილისის მერიის განკარგულებაში უამრავი მიწაა და სახლის ასაშენებლად მის მეპატრონეს სხვა ტერიტორია გადაეცეს, რადგან მინი-მოედანს დიდი ადგილი არ უკავია.

მე აქ დასასვენებლად ჩამოვედი, მაგრამ ეს ამბავი რომ გავიგე, რა გული მომითმენდა, სახლში ვერ ვჩერდები და მთელი დღეა დავრბივარ, რომ მოედანი შევინარჩუნოთ. უკვე 1000-მდე ხელმოწერა შევაგროვეთ და თუ საჭირო გახდა, 10 ამდენსაც მოვაგროვებთ".

ეს ძალიან კარგი ამბავია. რა დასამალია და, ბოლო დროს სტადიონების შენარჩუნების თემა რომ გააქტიურდა, ვხედავდით მწვრთნელებს, საფეხბურთო სკოლების წარმომადგენლებს, "ოლიმპის" შენარჩუნების აქციას კი ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონი სანდრო ბაზაძეც შეუერთდა. მაგრამ რაც უნდა უცნაური იყოს, არსად ჩანდნენ ამ სკოლებში აღზრდილი ფეხბურთელები.

კახა ალადაშვილის ენთუზიაზმი კი გადამდები და მოსაწონია. თბილისში უკვე დაკარგულია 25 სტანდარტული მოედანი და საფეხბურთო სკოლა ყველა უბანში. მცირე მოედნები მაინც არ უნდა შევინარჩუნოთ?

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული