ქართული სპორტის ლიდერები: ჩელე

AutoSharing Option
ამ ცოტა ხნის წინათ წარსულში ცნობილ ქართველ ფეხბურთელს, თბილისის "დინამოს" მართლაც კოლორიტულ ფორვარდს, რევაზ ჩელებაძეს ლამაზი იუბილე ჰქონდა - 60 წელი შეუსრულდა! სწორედ ამ იუბილეს მიეძღვნა გუშინდელი შეხვედრა კომპანია "ლიდერბეთში", რომელსაც ტრადიციულად და ჩვეული ოსტატობით ჯამლეთ ხუხაშვილი უძღვებოდა.

ტრადიციას არც ჩვენი მასპინძელი "ლიდერბეთი" ღალატობს და ასევე ტრადიციულად გრძელდება ჩვენი კოლეგების, ბიძინა ბარათაშვილის, ლევან სალუქვაძისა და გიგა გვენცაძის მიერ 2 წლის წინათ ჩაფიქრებული პროექტიც - "ქართული სპორტის ლიდერები".

სწორედ ამ პროექტის ფარგლებში გაიმართა გუშინდელი ღონისძიება, სადაც რევაზ ჩელებაძის საფეხბურთო მიღწევებსა თუ
სხვა ამბებზე საინტერესოდ ისაუბრეს ვეტერანმა ფეხბურთელებმა, სტაჟიანმა გულშემატკივრებმა თუ სპორტულმა ჟურნალისტებმა: ვახტანგ ქორიძემ, გელა კეტაშვილმა, დავით მუჯირმა (უფროსმა), გიორგი ჭილაიამ, ბესარიონ მჭედლიშვილმა, გრიგოლ ცაავამ, დევი დობორჯგინიძემ, დავით ქლიბაძემ, თენგიზ გაჩეჩილაძემ, თემურ ჯაფარიძემ, თენგიზ პაჭკორიამ, გოჩა კაჭარავამ, გია პლატონიშვილმა.

იუბილარის მიმართ თბილი სიტყვები არ დაიშურეს ვეტერანმა კალათბურთელმა თამაზ ჩიხლაძემ და ცნობილმა მოჭადრაკემ, დიდოსტატმა თამაზ გიორგაძემ; ჩვენმა სასიქადულო მსახიობებმა და ფეხბურთის დიდმა გულშემატკივრებმა, კახი კავსაძემ და გივი ბერიკაშვილმა კი ტელეფონით მიულოცეს რევაზ ჩელებაძეს ლამაზი იუბილე.

Sportall.Ge

...რევაზ ჩელებაძემ ფეხბურთის თამაში მშობლიური ქობულეთის გუნდში დაიწყო, რომელიც იმდროინდელ საქართველოს პირველობაზე ასპარეზობდა; შემდეგ ცნობილმა მწვრთნელმა ვალერიან ჩხარტიშვილმა ბათუმის "დინამოში" მიიწვია და სწორედ საკავშირო მეორე ლიგაში ჩინებული თამაშითაც იყო განპირობებული ის ფაქტი, რომ ჩელებაძე 1976 წელს იმ დროისათვის ყველა ქართველი ფეხბურთელისათვის საოცნებო გუნდში, თბილისის "დინამოში" ჩაირიცხა.

21 წლის თავდამსხმელმა მაშინვე მოიპოვა ადგილი ძირითად შემადგენლობაში და დიდი წვლილიც შეიტანა "დინამოს" წარმატებულ წელიწადში: საგაზაფხულო და საშემოდგომო ჩემპიონატებში ორჯერ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, თასის ფინალში კი ერევნის "არარატის" კარში გოლიც გაიტანა და იმ პირველ სათასო ტრიუმფში, საერთოდაც, ძალიან დიდი წვლილი მიუძღვოდა.

ბრინჯაოს მომდევნო სეზონებში ვერცხლისა და ოქროს მედლები მოჰყვა, მერე კი საბჭოთა კავშირის ნაკრებში გამოძახებაც იყო, რომლის შემადგენლობაში 9 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. ჩელებაძის სანაკრებო კარიერაში განსაკუთრებით დასამახსოვრებელი, რაღა თქმა უნდა, ორ ლეგენდარულ სტადიონზე გამოსვლა იყო: "მარაკანაზე", ზიკოსა და ფალკაოს ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ და პარიზში, "პარკ დე პრენსზე", მიშელ პლატინისა და მარიუს ტრეზორის საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ.

არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ რევაზ ჩელებაძე 1980 წელს, ალექსანდრე ჩივაძესა და თენგიზ სულაქველიძესთან ერთად, მოსკოვის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოსპრიზიორი გახდა.

1976-82 წლებში მან თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში არაერთი დასამახსოვრებელი საერთაშორისო მატჩიც ჩაატარა: ბრაზილიურ "ფლამენგოსთან", არგენტინულ "ბოკა ხუნიორსთან", აღარაფერს ვამბობთ ევროტურნირებზე დანიურ "კოპენჰაგენთან" შესრულებულ "დუბლზე"; თუმცა, ამავე პერიოდს უკავშირდება მის კარიერაში, ალბათ, ყველაზე დიდი გულისტკივილი თუ იმედგაცრუება: 1981 წლის 13 მაისის თბილისის "დინამოს" ტრიუმფმა ხომ რევაზ ჩელებაძის გარეშე ჩაიარა...

..."დინამოს" შემდეგ ცოტა ხნით ლანჩხუთის "გურიაში" თამაშობდა, მერე კი არ ითაკილა და საკავშირო მეორე ლიგაში მოასპარეზე ბათუმის "დინამოში" დაბრუნდა; თანაც, ეს მხოლოდ დაბრუნება არ იყო: ავთანდილ გორგილაძესთან ერთად თავდასხმაში მართლაც მრისხანე "დუეტი" შექმნა და "ჩელეს" უდიდესი დამსახურებაც იყო, ბათუმელთა გუნდმა თავის ისტორიაში პირველად რომ მოიპოვა პირველი ლიგის საგზური.

ჩელებაძის სუპერშედეგიანი თამაში პირველ ლიგაშიც გაგრძელდა და 1984 წლის სეზონში, იმ მართლაც ურთულეს ტურნირში, მეტოქეთა კარში 27 გოლი გაიტანა!

...1985 წელს, სეზონის მსვლელობისას, თბილისის "დინამოში" მთავარ მწვრთნელად ნოდარ ახალკაცი რომ დაბრუნდა, გუნდში "ჩელეც" დააბრუნა; ოღონდ ეს უკვე აშკარად სხვა "ჩელე" იყო - თამაშის მანერაშეცვლილი და ეფექტურ გოლებთან ერთად არანაკლებ ეფექტური პასებით რომ გვანებივრებდა. მერე, პენალტები?

ეს ახლა აღარ გვიკვირს ანდრეა პირლოსა თუ სხვა თანამედროვე ვარსკვლავების მიერ შესრულებული გამორბენის გარეშე შესრულებული პენალტები, აი, მაშინ, 80-იან წლებში კი მხოლოდ რევაზ ჩელებაძე ურტყამდა 11-მეტრიანს "პანენკას სტილში" და მეტოქეთა მეკარეებიც, როგორც წესი, გაბითურებულნი რჩებოდნენ...

ჩვენს იუბილარზე კიდევ ბევრის თქმა შეიძლება, კარიერის დასრულების შემდეგ კვლავაც ფეხბურთში რომ დარჩა: ჯერ ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტი გახლდათ, მერე - რუსთავის "მეტალურგის", ბოლო წლები კი მშობლიური ქობულეთის გუნდის, "შუქურას" აღორძინება-აღზევების მთავარი სულისჩამდგმელია და, ალბათ, ბევრისმთქმელია ის ფაქტიც, რომ ქობულეთის სტადიონს "ჩელე არენა" ჰქვია!

...ათი წლის წინათ იყო, 50 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ვრცელი ინტერვიუ რომ ჩამოვართვით. საუბრის ბოლოს ასეთი რამ გვითხრა:

"ბიჭი მეზრდება, 13 წლის არის, მაღალი, გონებაგახსნილი... ხანდახან მოედანზე ისეთ გადაწყვეტილებებს იღებს, სხვა რომ ვერავინ უკარნახებს. ანუ ნიჭი აქვს და ახლა მთავარია, თავდაუზოგავად იშრომოს".

ის 13 წლის ბიჭი კი დღესდღეობით ქობულეთის "შუქურას" ლიდერი და კაპიტანი გიორგი ჩელებაძეა, წინა სეზონის დასრულების შემდეგ გაზეთმა "ლელომ" საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო დებიუტანტად რომ დაასახელა!

დინასტია გრძელდება!..

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული