სერგო ჭურაძე: ფეხბურთით არ ვცხოვრობდი!

AutoSharing Option
"დაუწერელი კანონივით" არის: ფეხბურთელების, ალბათ, 90 პროცენტი აქტიური კარიერის დამთავრების შემდეგ ამავე სფეროში აგრძელებს მოღვაწეობას; უმეტესობა, როგორც წესი, მწვრთნელობას იწყებს, ზოგი - სამენეჯერო საქმიანობას.

თუმცა ქართული ფეხბურთის ისტორიაში არაერთი ისეთი შემთხვევაც ყოფილა, როცა ამა თუ იმ მოთამაშეს აქტიური კარიერის დამთავრების შემდეგ სხვა სფეროში გადაუნაცვლებია და იქაც არანაკლებ წარმატებით უმოღვაწია. რაღა შორს მივდივართ: დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ყველაზე ტიტულიანი მოთამაშე კახა კალაძე საქართველოს მთავრობაში ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი გახლავთ და საერთოდაც, ერთ-ერთ ყველაზე მზარდ და წარმატებულ პოლიტიკოსად ჩამოყალიბდა!

კალაძის გარდა, ამ უახლოეს
წარსულში სხვა შემთხვევებიც ყოფილა, თუნდაც, ნიკა ტოგონიძე ვახსენოთ: ბათუმის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების ყოფილი მეკარე წლების განმავლობაში თბილისის მერიაში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობდა.

და აი, კიდევ ერთი ახალი და "უჩვეულო ამპლუის" მაგალითიც: არცთუ ისე დიდი ხნის წინათ, სააქციო საზოგადოება "ენერგო პრო-ჯორჯიას" რუსთავის მომსახურების ცენტრის მენეჯერად (ანუ ხელმძღვანელად) "ვიტ ჯორჯიასა" და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი მეკარე სერგო ჭურაძე დაინიშნა!

Sportall.Ge...ჩინებული ფიზიკური მონაცემების მქონე სერგო ჭურაძე საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 18 წლის ასაკში გამოჩნდა; ტანმაღალმა და ათლეტურმა მეკარემ თავისი საუკეთესო თვისებები "ვიტ ჯორჯიაში" გამოავლინა, რომლის შემადგენლობაშიც რამდენიმე გამორჩეული სეზონი გაატარა;

იყო საქართველოს იმ ახალგაზრდული ნაკრების წევრი, რომლის შემადგენლობაშიც კახა კალაძე, ალექსანდრე იაშვილი, მიხეილ აშვეთია, დავით მუჯირი, რატი ალექსიძე, გიორგი დემეტრაძე, ლევან ცქიტიშვილი, ვიტალი დარასელია და იმ თაობის სხვა გამორჩეული ფეხბურთელები გამოდიოდნენ;

19 წლის ასაკში უცხოეთში გაემგზავრა და ორი სეზონი ბულგარეთში ასპარეზობდა; მერე სამშობლოში დაბრუნდა და სწორედ "ვიტ ჯორჯიაში" გატარებული პერიოდით გაიცნო კიდეც ქართველმა ქომაგმა.

სამწუხაროდ, ხშირი ტრავმების გამო აქტიური საფეხბურთო კარიერა ადრეულ ასაკში დაამთავრა და იმის მერე... ქართული ენერგეტიკის განვითარებაზე ზრუნავს! ხოლო იმის შესახებ, თუ როგორ მოხდა ახალი "ამპლუის" არჩევა, სჯობს სერგო ჭურაძეს მოვუსმინოთ, რომელსაც რუსთავში, თავის სამუშაო კაბინეტში ვესტუმრეთ.

- რამდენი ხანია, რაც ამ სისტემაში ხართ?
- უკვე 9 წელიწადია! ჩემი პირველი სამსახური ჭიათურაში იყო, სადაც საქართველოს გაერთიანებულ სადისტრიბუციო კომპანიაში (მაშინ ასე იწოდებოდა) ვმუშაობდი; ერთი წელიწადი თბილისში, ჩვენს სათავო ოფისში ვმოღვაწეობდი აღრიცხვისა და ანგარიშსწორების უფროს სპეციალისტად, რასაც სხვადასხვა სერვისცენტრის ხელმძღვანელად მუშაობა მოჰყვა: ბოლნისში, გარდაბანში, მარნეულში და აი, ახლა რუსთავში ვარ.

- შესაბამისი განათლება თუ გაქვთ მიღებული?
- სხვათა შორის, ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული! თუმცა რა არის დასამალი: სტუდენტობისას მოქმედი ფეხბურთელი ვიყავი და რა განათლებას მივიღებდი, ადვილი მისახვედრია... თუმცა, იმას ხომ ნამდვილად ვერავინ იტყვის, ამ სფეროსთან შეხება არ ჰქონიაო...

- ეგ ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტი და ამავდროულად, პერსპექტიული მეკარე სერგო ჭურაძე როდისმე იფიქრებდა, ამ სფეროში თუ გააგრძელებდა მოღვაწეობას?
- ამას ვერაფრით წარმოვიდგენდი და კიდევ ერთხელ ვაღიარებ იმასაც, რომ სტუდენტობისას რა ცოდნა უნდა მიმეღო სპორტსმენ კაცს; ეს მერე, პრაქტიკაში შევიძინე.

- საფეხბურთო კარიერა მეკარისათვის მართლაც ადრეულ ასაკში, 28 წლისამ დაამთავრეთ...
- "ბორჯომში" ახალი მისული ვიყავი და მალე ირანში უნდა წავსულიყავი, სადაც გამზადებული კონტრაქტი მელოდებოდა; სამწუხაროდ, მენისკი უკვე მერამდენედ დავიზიანე და კარიერაც დავასრულე.

- ამ გადაწყვეტილების მიღება არ გაგიჭირდათ?
- ძალიან რთული, დაახლოებით, შვიდთვიანი პერიოდი მქონდა, დეპრესია დამეწყო უმოქმედობის გამო და ამასობაში გამოჩნდა ჭიათურის ენერგოსისტემაში სამსახურის ვარიანტი; სხვათა შორის, ის პერიოდია, გამრიცხველიანება რომ იწყებოდა და მეტად რთული სამუშაო იყო, თუმცა, რაც მთავარია, ამ ახალმა სამსახურმა დეპრესიაც დამაძლევინა და უდიდესი პრაქტიკული გამოცდილებაც შემძინა.

- და ფეხბურთში დარჩენაზე არ გიფიქრიათ? ყოფილი მეკარეების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა კარიერის დასრულების შემდეგ სხვადასხვა საფეხბურთო სკოლასა თუ გუნდში მეკარეების მწვრთნელად იწყებს მუშაობას...
- მაშინაც ასე მიმაჩნდა და დღესაც ვეჭვობ, რომ ჩემგან კარგი მწვრთნელი გამოსულიყო... თუმცა, ხანდახან მაინც მიფიქრია, რომელიმე საფეხბურთო სკოლაში მივიდე და დამწყები მეკარეები ვავარჯიშო, მაგრამ იმდენად უპერსპექტივო საქმეა, რომ მაშინვე ვცდილობ, ეს ჩანაფიქრი დავივიწყო.

- უპერსპექტივოს რა მხრივ მიიჩნევთ?
- უპირველეს ყოვლისა, შეუფერებელი და შეუსაბამო პირობების გამო! აღარაფერს ვამბობ ძალიან მწირ შემოსავალზე - იმ ანაზღაურებით მწვრთნელმა ოჯახი როგორ უნდა არჩინოს?

- ახლა თქვენს საფეხბურთო კარიერაზე ვისაუბროთ...
- ფეხბურთის თამაში ახალგაზრდულ საფეხბურთო სკოლაში, ცხონებულ ვოვა ელოშვილთან დავიწყე, სადაც 12 წლამდე ვიყავი და მერე "ავაზაში" გავაგრძელე ვარჯიში მალხაზ კოდანაშვილთან. სწორედ "ავაზაში" მქონდა გარკვეული პერიოდი, როცა 15 წლის ასაკში ფეხბურთზე გული ამიცრუვდა, მაგრამ ნიკა ამირეჯიბმა და თენგიზ სულაქველიძემ საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებში გამომიძახეს და ჩემი კარიერაც გაგრძელდა.

- ბევრმა "ვიტ ჯორჯიადან" გაგიცნოთ, მაგრამ მანამდე ხომ პირველი ლიგის "ზოოვეტი" იყო, სადაც 1994/95 წლების სეზონში ელგუჯა გუგუშვილს ჩინებული გუნდი ჰყავდა: დავით ჭიჭვეიშვილი, კახა ჭუმბურიძე, გურამ ასპინძელაშვილი, ზვიად პაპიძე...
- "ზოოვეტში" გატარებულ პერიოდს ყოველთვის ტკბილად ვიხსენებ; იმ სეზონში მხოლოდ ერთი მატჩი წავაგეთ "სიონთან" და უმაღლესშიც ამის გამო ვერ გადმოვედით; მწვრთნელის ფაქტორზეც მინდა ვთქვა: ელგუჯა გუგუშვილთან გატარებულმა დრომ ბევრი შემძინა. თუმცა ისიც მინდა დავაზუსტო, რომ "ზოოვეტამდე" გარკვეული პერიოდი პირველი ლიგის სხვა გუნდში გავატარე.

- რომელ გუნდში?
- მე და დავით ასლანაძე საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების მეკარეები ვიყავით და თბილისის "დინამოში" მიგვიწვიეს. "დინამოს" იმდროინდელმა მთავარმა მწვრთნელმა გივი ნოდიამ ორივეს გვირჩია, რომ სათამაშო პრაქტიკის მისაღებად სხვა გუნდში გადავსულიყავით და ასე აღმოვჩნდით ორივენი "სულორში"; ასლანაძე ვანელი გახლავთ, ჩემი დედულეთიც იქ არის და 17 წლის ბიჭებსაც "სულორის" იმდროინდელი მთავარი მწვრთნელი დავით პაიკიძე რიგრიგობით გვათამაშებდა.

- უმაღლეს ლიგაში თქვენი პირველი გუნდი "გურია" იყო, მაგრამ "ვიტ ჯორჯიაში" გატარებულ რამდენიმე წელიწადს, ალბათ, მაინც განსაკუთრებული ადგილი უკავია თქვენს ცხოვრებაში. თუმცა არამხოლოდ ჩვენი აზრია, რომ მეკარე სერგო ჭურაძეს უფრო მეტისათვისაც უნდა მიეღწია...
- ხუთ წელიწადზე მეტხანს ვიყავი "ვიტ ჯორჯიაში" და აქედან მხოლოდ 2 სეზონი თუ ჩავატარე ტრავმების გარეშე; სამწუხაროდ, უიღბლობა თან მდევდა: ხან - მენისკიო, ხან - ხელის ტრავმაო;

ამას გარდა, იყო კიდევ ერთი და, ალბათ, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მიზეზიც, ბევრად უფრო მაღალ დონეზე რომ ვერ ვითამაშე...

- კონკრეტულად?
- ფეხბურთით არ ვცხოვრობდი! ყოფილა შემთხვევები, რეჟიმი დამირღვევია და იმ დროს, ახალგაზრდულ ასაკში, არც ვფიქრობდი, რომ ყოველივე ამას შესაძლოა ზიანი მოეტანა. კარიერა რომ დავასრულე, მერე მივხვდი, თუ როგორი არასწორი მიდგომა მქონდა...

- თქვენი ხშირი ტრავმიანობაც იმ არასწორი ცხოვრების ბრალი ხომ არ იყო?
- გარკვეულწილად მასეც იყო: არასაფეხბურთო ცხოვრებას რომ მიანიჭებ უპირატესობას და მერე ვარჯიშებზე დატვირთვებს რომ იღებ, უკვე დასუსტებული ორგანიზმი ამ დატვირთვებს ვეღარ უძლებს... თუმცა ისეც მომხდარა, რომ მავანთა არაპროფესიონალიზმის გამო, ფაქტობრივად, წელიწადი გამცდენია.

- ეს როდის მოხდა?
- 2003/04 წლების სეზონის წინ გადაწყვეტილი ამბავი იყო ჩემი გადასვლა თბილისის "ლოკომოტივში"; კარგად მახსოვს, 12 ივლისს გერმანიაში უნდა წავსულიყავით შეკრებაზე და "ლოკომოტივის" იმდროინდელმა ფიზმომზადების მწვრთნელმა წინა დღეს, დილის... 8 საათზე კროსი დაგვინიშნა! გავიქეცი თუ არა, მყესი გამიწყდა და "ლოკომოტივიც" განზე დამრჩა და მთელი სეზონიც...

- ისევ "ვიტ ჯორჯიას" დავუბრუნდეთ, სადაც გამორჩეული სეზონი მაშინ ჩაატარეთ, როცა გუნდის მთავარი მწვრთნელი სერგო კოტრიკაძე გახლდათ...
- ბატონ სერგოსთან ცოტა სხვანაირი დამოკიდებულება მქონდა: ძალიან ხშირად მანქანით მომაკითხავდა და ვაკის პარკში მავარჯიშებდა; თანაც, მხოლოდ ჩემთან კი არა, ყველა ფეხბურთელთან გამორჩეული ურთიერთობა ჰქონდა და ჩვენც უდიდეს პატივს ვცემდით; სხვათა შორის, სწორედ კოტრიკაძის ხელმძღვანელობით მიაღწია "ვიტ ჯორჯიამ" საუკეთესო შედეგს - 2000 წელს მეორე ადგილზე გავედით და ყველაზე მეგობრული და ყველაზე "შეკრული" გუნდი "ვიტ ჯორჯია" იმ დროს იყო...

- იმ ხუთი წლის განმავლობაში "ვიტ ჯორჯიაში" მეკარეებს შორის სერიოზული კონკურენცია იყო: დავით მამარდაშვილი, მირზა მერლანი, მერე გრიგოლ ბედიაშვილიც გამოჩნდა...
- ყველანი კარგი მეკარეები იყვნენ და ეს კონკურენციაც კარგი იყო, თუმცა, როცა თამაში არ მიწევდა და იგივე მერლანი რომ სტაბილურად ასპარეზობდა, ამაზე ვბრაზდებოდი და იმის მაგივრად, ვარჯიშებზე ჩემი სიძლიერე დამემტკიცებინა, პირიქით, მოტივაცია მეკარგებოდა.

ჰოდა, დღევანდელი გადმოსახედიდან, ეს არის სწორედ არაპროფესიონალიზმი...

- საერთოდ, როგორ ფიქრობთ: როცა გუნდში ორი თანაბარი ძალის მეკარეა, მწვრთნელმა ერთ-ერთზე უნდა შეაჩეროს არჩევანი თუ როტაციას მიმართოს?
- მეკარის თემა ძალიან სპეციფიკურია და მიდგომაც "სხვანაირი" სჭირდება; მეკარეს უნდა აგრძნობინოს მწვრთნელმა, რომ მას ენდობა ერთი ან ორი "ჩაგდებული" თამაშის მერეც; აი, მესამე მატჩშიც თუ ვერ გამოავლინა თავისი თვისებები, მაშინ სხვა მეკარით უნდა ჩაანაცვლო. რაც შეეხება ორი თანაბარი ძალის მეკარისათვის რიგრიგობით შანსის მიცემას, ეს - გაუმართლებლად მიმაჩნია.

- მეკარეების თემა განვავრცოთ და თქვენი კუმირი ვინ იყო?
- გერმანელი მეკარე - ჰარალდ შუმახერი! ბავშვობაში მისი ავტობიოგრაფიული წიგნი წავიკითხე და მისი თამაშიც ძალიან მომწონდა; ისე, როგორც ბელგიელი ჟან-მარი პფაფისა და რენატ დასაევის; მერე, მოგვიანებით ერთიმეორეზე უკეთესი მეკარეებიც გამოჩნდნენ: ედვინ ვან დერ სარი, პეტერ ჩეხი, ჯან-ლუიჯი ბუფონი; დღესდღეობით კი, მიმაჩნია, რომ იკერ კასილიასი და მანუელ ნოიერი მსოფლიოში საუკეთესოები არიან.

- ახლა მეტოქეებზეც ვთქვათ: საქართველოს ჩემპიონატში რომელი ფორვარდის წინააღმდეგ არ გსიამოვნებდათ თამაში?
- პირველ ყოვლისა, ვინც მახსენდება, მამუკა ჯუღელი იყო, - ძალიან სახიფათო თავდამსხმელი; იმავეს ვიტყოდი დათო ჯანაშიაზე, ქუთაისის "ტორპედოში" რომ ასპარეზობდა.

- თქვენს საფეხბურთო კარიერაში უცხოური პერიოდიც იყო...
- ვარნას "ჩერნომორეცი", სოფიის "ლოკომოტივი", სტარა ზაგორას "ბეროე", - ბულგარეთში ამ გუნდებში მომიწია ასპარეზობა და თავიდან ყველაფერი კარგად თუ მიდიოდა, მერე სიტუაცია უარესობისაკენ შეიცვალა. ოღონდ ამ შემთხვევაშიც საკუთარ თავს ვადანაშაულებ: 19 წლის ბიჭი ვიყავი, უცბად უცხოეთში აღმოვჩნდი, მეტ-ნაკლებად ნორმალური ანაზღაურებაც მქონდა და პირველად სწორედ იქ... "ავურიე"! აბა, რეჟიმის დარღვევას ვინ მაპატიებდა უცხოეთში და სათადარიგოთა სკამზეც აღმოვჩნდი!..

- საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებიც გავიხსენოთ, სადაც მეკარეებს შორისაც დიდი კონკურენცია იყო და ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა თამაშობდა...
- გეთანხმებით და ბევრმა დიდი ფეხბურთი ითამაშა კიდეც: კალაძემ, ცქიტიშვილმა, დემეტრაძემ, აშვეთიამ, მუჯირმა; მეკარეებს შორის კი იმ დროს მართლაც დიდი კონკურენცია იყო: ჩემ გარდა, დავით გვარამაძე, რამაზ სოღოლაშვილი და დავით ასლანაძე გამოდიოდნენ.

სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ 1996 წელს უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების წინააღმდეგ წაგებული მატჩი მთლიანად ჩემს სინდისზეა: იმ დროს უთამაშებელი ვიყავი და ორივე გოლი ჩემს შეცდომებს მოჰყვა. არადა, როგორი საქმეა, ნაკრებში პირველად გამომიძახეს და უარი როგორ უნდა მეთქვა...

- გარკვეული პერიოდის მერე ახალგაზრდულში ისევ მოგიწიათ თამაში, თანაც, ოფიციალურ შეხვედრებში...
- მახსოვს, ნორვეგიელებთან მატჩის წინ მთელი კვირა ჩვენი მწვრთნელები იმაზე გვავარჯიშებდნენ, მეტოქის მთავარი კოზირი მაღალ ბურთებზე თამაშია და ჩვენ კი ბურთის გაგორებაში უნდა დავჯაბნოთო! არადა, ის მატჩი როგორც მორჩა, გემახსოვრებათ: ნორვეგიელები გამოვიდნენ მოედანზე და სწორედ... ბურთის გაგორებაში დაგვჩაგრეს! ერთი ბურთი კი მეტოქეთაგან ბიორნ-არნე რიისემ გაიტანა, სულ მალე პრემიერლიგაში რომ გაიბრწყინა.

- დაბოლოს, დღევანდელ ქართულ ფეხბურთზეც გვაინტერესებს თქვენი აზრი...
- სამწუხაროდ, საქართველოს ჩემპიონატის დონე ძალიან დაეცა: როცა მე ვთამაშობდი, გაცილებით მეტი კონკურენტუნარიანი გუნდიც იყო და აღარაფერს ვამბობ ცალკეულ ფეხბურთელებზეც. ძალიან მტკივა გული იმაზეც, რომ საფეხბურთო საზოგადოება ჩუმად არის და თითქოს "რაღაცის" ან "ვიღაცის" მოლოდინშია; თანაც, ჩემი აზრით, საქართველოში ფეხბურთის განვითარება სახელმწიფო დონეზე უნდა გადაწყდეს.

- საქართველოს ჩემპიონატს თვალს არ ადევნებთ?
- სამწუხაროდ, დროც არ მაქვს მაგდენი; თუმცა, როცა რუსთავის "მეტალურგის" მთავარ მწვრთნელად ჩემი მეგობარი და თანაგუნდელი გიორგი ყიფიანი მუშაობდა, რამდენიმე თამაშს დავესწარი. აი, საქართველოს ნაკრების საშინაო მატჩები კი, ვცდილობ, არ გამოვტოვო...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სერგო, ყველაფერთან ერთად, არაჩვეულებრივი პიროვნებაა. მთელი გულით ვუსურვებ წარმატებებს!
ლელა
04:22 29-01-2016
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული