ტაშკენტში ქართველი ფეხბურთელის ქუჩას ხსნიან

AutoSharing Option
1979 წლის 11 აგვისტოს საშინელი ტრაგედია დატრიალდა. საბჭოთა კავშირის უმაღლესი ლიგის მორიგ კალენდარულ მატჩზე მინსკში მიმავალი ტაშკენტის "ფახთაქორის" გუნდი ავიაკატასტროფაში მოყვა.

უბედურება დნეპროძერჟინსკში მოხდა. ღრუბლიან ამინდში, 8.4 ათასი მეტრის სიმაღლეზე, ერთმანეთს "აეროფლოტის" ორი ლაინერი "ტუ-134A" შეასკდა. ამ საშინელი ტრაგედიის შედეგად, 178 მგზავრი გარდაიცვალა, მათ შორის - "ფახთაქორის" 17 წევრი, გუნდისა, რომელსაც თავისი არსებობის ისტორიაში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავდა.

გუნდი მინსკში ადგილობრივ "დინამოსთან" შესახვედრად მიფრინავდა. გუნდის მხოლოდ 4 წევრი გადარჩა: მთავარი მწვრთნელი ოლეგ ბაზილევიჩი ბელარუსში სხვა რეისით გაემგზავრა, მეკარე ალექსანდრ იანოვსკი, მცველები
- ტულიაგან ისაკოვი და ანატოლი მოგილნი თამაშს ტრავმის გამო ტოვებდნენ...

11 აგვისტოს მომხდარ ტრაგედიაზე საბჭოთა კავშირის მოსახლეობას მხოლოდ 18 აგვისტოს აცნობეს.

დნეპროძერჟინსკის საჰაერო სივრცე ყოველთვის გადატვირთული იყო. იქ სამი საჰაერო კორიდორი არსებობდა, რომელთაც თანაბრად იყენებდნენ. მაგრამ ამჯერად, მხოლოდ ორი დატვირთეს. მაშინ დასავლურ და ამერიკულ მედიაში გაჩნდა ვერსია, რომ ერთი კორიდორი საბჭოთა კავშირის მაშინდელი მმართველის, ლეონიდ ბრეჟნევის მარჯვენა ხელს, პოლიტბიუროს წევრ კონსტანტინ ჩერნენკოს გაუთავისუფლეს, რომელიც ყირიმში დასასვენებლად მყოფ შეფთან მიფრინავდა.

დანარჩენ რეისებს მანევრისთვის შედარებით ნაკლები სივრცე დარჩათ და ფატალური ამბავიც ამის ბრალი იყოო. თუმცა, ვიმეორებთ - ეს მხოლოდ ვერსიაა.

გუნდი, რომლის ლიდერებიც საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული და ოლიმპიური ნაკრებების ფეხბურთელები მიხაილ ანი და ვლადიმირ ფედოტოვი იყვნენ, საკმაოდ კარგ ფეხბურთს თამაშობდა.

ტრაგედიის შემდეგ, 10 დღეში, "ფახთაქორი" საბჭოთა კავშირის სხვა გუნდებში მოთამაშე ფეხბურთელებით შეავსეს, მათ შორის, ქუთაისის "ტორპედოდანაც", ვინც ტაშკენტში ზურაბ წერეთელი მიავლინა. ერთი წლის შემდეგ კი "ფახთაქორში" თბილისის "დინამოდან" ძმები - მანუჩარ და გოჩა მაჩაიძეები გადავიდნენ.

უზბეკებისთვის ქართველებმა სხვა შესაწირიც გაიღეს. ტრაგედიის შემდეგ პირველი მატჩი "ფახთაქორმა" 1979 წლის 23 აგვისტოს, ერევანში "არარატთან" გამართა და 1:3 დამარცხდა.

27 აგვისტოს კი ახალმა გუნდმა საკუთარ მოედანზე ჩემპიონობის ერთ-ერთ ფავორიტი თბილისის "დინამო" მიიღო. იმ წელს, მოსკოვის "სპარტაკი" ჩემპიონი 50 ქულით გახდა, მეორე ადგილზე 48-ქულიანი დონეცკის "შახტიორი" გავიდა, მესამეზე კიევის "დინამო" - 47. ჩვენებმა კი 46 ქულა დააგროვეს და ეგებ, ტაშკენტში დატოვებული 2 ქულა (მაშინ მოგებაზე გუნდებს 2 ქულა ერიცხებოდათ) დააკლდათ კიდეც ვერცხლის მედლებამდე...

მეგობრების დასახმარებლად
ზურაბ სემიონის ძე წერეთელი
დაიბადა 1953 წლის 21 მარტს, გარდაიცვალა 1992 წლის 14 იანვარს
ამპლუა: თავდამსხმელი

კარიერა
1971-77 დინამო თბ 69 (8)
1978 დინამო მ 10 (2)
1979 ტორპედო ქ 23 (4)
1979-81 ფახთაქორი 45 (6)
სპორტის ოსტატი; საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი (1976)

ზურაბ წერეთლის შვილი, ანა წერეთელი ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობს. ის საინტერესო ამბებს გვიყვება:

- ფეხბურთის სიყვარული მეც გენებში მაქვს. პროფესიით იურისტი, ადვოკატი გახლავართ. მაგრამ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ფეხბურთში ვარ და საერთოდ, უამისოდ ჩემი ცხოვრება ვერც წარმომიდგენია.

ყველაზე კარგად თავს სწორედ აქ ვგრძნობ. სახლში მაქვს ბურთი, რომელიც მამას უზბეკეთიდან გამოუგზავნეს. სამი შვილი მყავს, მაგრამ სამივე გოგოა და სამწუხაროდ, ფეხბურთს ვერ ითამაშებენ.

ამიტომ ისევ მამაჩემის სახელით უნდა ვიცხოვრო.

- მოსკოვის "დინამოში" რატომ წავიდა?
- იყო რაღაც გაუგებრობები. თუ გახსოვთ, მოსკოვის "დინამო" რომ ჩამოვიდა. ბანკეტზე ლამის მთელი საფეხბურთო და პოლიტიკური ელიტა იყო - ვეტერანები, მინისტრები... გავიცანი მამაჩემის თანაგუნდელები - პილგუი და ტოლსტიხი.

ეს უკანასკნელი რუსეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტია და მოსკოვში დამპატიჟა. მოკლედ, სადაც ფეხი გადავდგი, ყველგან მამაჩემის მეგობრები მხვდებიან. მამაჩემი 37 წლის გარდაიცვალა და დღემდე ვერ ამიხსნია, სად მოასწრო ამდენი სიყვარულის დათესვა. დღემდე მამაჩემის სახელით მოვდივარ.

ცოტა ხანი ქუთაისის "ტორპედოში" ითამაშა და მისი უზბეკი მეგობრები რომ დაიღუპნენ, ტაშკენტში წავიდა. იქაურობა კი იმიტომ დატოვა, დედაჩემი უყვარდა და მალე დაქორწინდნენ.

ოჯახში გვაქვს შენახული წერილი, რომლითაც უზბეკებმა მამა გამოაცილეს. აი, რა წერია იქ:

"უზბეკური ფეხბურთისთვის მძიმე პერიოდში, როცა ტაშკენტის "ფახთაქორი" ავიაკატასტროფაში დაიღუპა, მოძმე საბჭოთა ერების ფეხბურთელებთან ერთად, თქვენ ახალი გუნდის მშენებლობაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვით. მაღალი კლასით, თავდადებული ბრძოლითა და ვაჟკაცობით უზბეკეთში ასობით ათასი გულშემატკივრის სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურეთ.

"ფახთაქორში" თამაშის პერიოდში, ახალგაზრდა ფეხბურთელებს ალალად უზიარებდით თქვენს მდიდარ გამოცდილებასა და ცოდნას, პირადი მაგალითით ახალი ფეხბურთელების თაობის ჩამოყალიბებას უწყობდით ხელს.

რესპუბლიკის საზოგადოების ფართო ფენა თქვენს ღვაწლს დიდად აფასებს. ამ წლების განმავლობაში, თქვენ სპორტს სწავლას კარგად უთავსებდით, დაამთავრეთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. "ფახთაქორთან" და თქვენი ნიჭის თაყვანისმცემელთა მრავალათასიან არმიასთან განშორების დღეს, უზბეკეთის სპორტკომიტეტი და რესპუბლიკის სპორტული საზოგადოება გულითად მადლობას გიხდით იმ დიდი წვლილისთვის, რომელიც თქვენ "ფახთაქორის" ახალი გუნდის შექმნაში შეიტანეთ",

- ასეთი კომუნისტური წერილით, მაგრამ გულწრფელი მადლიერებით გააცილეს ტაშკენტის "ფახთაქორიდან" ქართველი ფეხბურთელი ზურაბ წერეთელი.

ზურაბ წერეთლის დარგული ხე
- ანუ ტაშკენტის "ფახთაქორში" წასვლა მთავრობამ არ აიძულა?
- არა, თავისი ნებით წავიდა. ერთ-ერთი უზბეკი ჟურნალისტი დამიკავშირდა, რომელმაც 1979 წლის "ფახთაქორზე" წიგნი დაწერა და მამას ცალკე თავი მიუძღვნა, ახსენებს თბილისის "დინამოს", ყიფიანს, ჩივაძეს და ასე შემდეგ. სოციალურ ქსელში დამიკავშირდა პიროვნება, რომელიც "ფახთაქორში" ცოტა ხანს თამაშობდა - სოსო მოწყობილი.

ისეთები მოყვა, მთელი საახლობლო აგვატირა. ერთადერთი ადამიანი იყო, რომელიც მხოლოდ დასახმარებლად ჩავიდაო, რა არ შესთავაზეს - ბინა, მანქანა, თანამდებობა და არაფერი არ აიღო, ერთადერთი, რაც გააკეთა, გუნდის ბაზაზე სამახსოვროდ გარგრის ხე დარგოო. შარშანწინ ვიყავი და ვერ წარმოიდგენთ, რამხელა გაიზარდა, დღემდე სათუთად უვლიანო.

სხვათა შორის, ჩვენი ნათესავი ტაშკენტში საქმეზე იყო და რომ გაუგიათ, ზურაბ წერეთლის ნათესავიაო, თან გადაყვნენ და მამას დარგული ხეც აჩვენეს.

სხვა ამბავსაც მოგიყვებით. ორიოდე წლის წინათ, თბილისის "დინამოს" ექიმმა მერაბ ვარძუკაშვილმა მიამბო. ამერიკაში, სემინარზე ჰოსპიტლის დირექტორი ჯოლდას კულჟანოვი გაიცნო, თურმე. ის "ფახთაქორში" ექიმად სწორედ იმ პერიოდში მუშაობდა.

ზურიკო დიდი სიყვარულით გაიხსენა და რადგან ქართველი ვიყავი, მისი ხათრით ერთი კვირა თან გადამყვაო. თან, ჩვენი კოორდინატების გაგება უთხოვია. მერაბმა დაგვაკავშირა და მას შემდეგ კულჟანოვთან მიმოწერა მაქვს.

საქართველოში ოჯახთან ერთად ჩამოსვლას აპირებს. სხვათა შორის, მამას ერთ-ერთი ახლო მეგობარი მეკარე იანოვსკი იყო, რომელიც იმ საშინელ ავიაკატასტროფას ტრავმის გამო გადაურჩა.

კულჟანოვი მწერს: "ტაშკენტში ახლაც რომ ჩახვიდეთ, ძალიან თბილად მიგიღებენ. მამაშენი ისე გვიყვარდა, ხელში ავიყვანეთ და სტადიონი მოვატარეთ. ეს თბილისის "დინამოსთან" შეხვედრის შემდეგ მოხდა.

ახალკაცი გაოცებული იყურებოდა, თუ რა პატივში გვყავდა ზურა. მამათქვენივით, არც ერთი ცნობილი ფეხბურთელი არ გაუცილებიათ, ზურიკომ ისეთი დიდი კაცობა და სახელი დატოვა. სტადიონი სავსე იყო, ხალხი ტიროდა და ყვიროდა,

მის გაცილებაზე სტადიონზე სიტყვით უზბეკეთის ცკ-ს პირველი მდივანი, შარაფ რაშიდოვი გამოსულა და დაახლოებით ასეთი სიტყვები უთქვამს:

"ზურაბ წერეთელმა გაჭირვებაში არ დაგვტოვა. რა არ შევთავზეთ, ავტომანქანა "ვოლგა", პარტიაში მიღება, ოღონდ დაგვეხმარე-თქო. ზურამ კი გვიპასუხია, მე აქ "ვოლგისთვის" არ ჩამოვსულვარ, "ფახთაქორში" ჩემი მეგობრები თამაშობდნენ და სანამ გუნდი ფეხზე არ დადგება, აქ ვითამაშებო.

მადლობა ზურას დედას და ქართველებს ასეთი კაცის გაზრდისთვის".

მამასთან ერთად, "ფახთაქორში" მცირე ხნით, სოსო მოწყობილი თამაშობდა. ვერ წარმოგიდგენია, როგორი მამიკო გყავდაო. "ფახთაქორის" ბაზა ტაშკენტიდან 20 კილომეტრში, კიბრაის დასახლებაში მდებარეობს და როგორც მითხრა, თურმე, ზურაბ წერეთლის სახელობის ქუჩად უნდა გადააკეთონ. უზომოდ გამიხარდა.

ალინა კაბაევას მამა: ზურა სამართლიანი კაცი იყო!
სოსო მოწყობილმა მარატ კაბაევთან (ცნობილი ტანმოვარჯიშის, ოლიმპიური ჩემპიონისა და რუსეთის დუმის დეპუტატის, ალინა კაბაევას მამა) დამაკავშირა. თავის დროზე მარატი თავად იყო ცნობილი - ის "ფახთაქორში" თამაშობდა და მამასთან მეგობრობდა. ახლა ყაზანის "რუბინის" მწვრთნელ-სელექციონერია.

კაბაევმა მამა ძალიან თბილად გაიხსენა, ჩემი ამბები გამომკითხა, სულ მწერს და მკითხულობს. შვილების დაბადებაც მომილოცა. თურმე, გაცილების დროს, უზბეკური ტრადიციული სამოსი, ჩაპანი, მამას გუნდის სახელით მან გადასცა, რაც უზბეკეთში ყველაზე დიდი პატივისცემის გამოხატულებად ითვლება.

აი, რას მწერს მარატ კაბაევი მამაზე:

"НА моей памяти ваш отец был не только классным футболистом, но и справедливым по отношению ко всем игрокам в команде. Жил он на базе в Кибрае, в 20 километрах от города, профессионал, готовился к играм серьезно, и нас молодых учил этому своим примером.

ХОРОШИЙ собеседник, с чувством юмора, да техника была своеобразная грузинская, тогда грузинские игроки были высочайшего класса. Когда в игре нам приходилось играть вместе, для меня было легко понять следущие его действия с мячом и маневр, в 1981 году проводы были авациями за хорошую игру.

КОГДА проважали Зураба, то я накинул на него узбекский чапан (халат).

ЭТО большая честь для меня, пото му что мы жили на базе и за два года проведшие рядом с ним были для меня как школой жизненного этапа. Вечная память ему, и счастливой жизни вашей семье".

მამა 1992 წელს გარდაიცვალა. დუშეთის რაიონის "ობეხეს" უფროსი იყო. 14 იანვარი თენდებოდა, სამსახურიდან რომ დაურეკეს და წავიდა. გზა მოყინული იყო და მანქანა მოსრიალებულა. თავის ქალა ჰქონია სუსტი და, თურმე, ბურთზე თავის დარტყმას ამიტომაც ერიდებოდა. მაგრამ რამდენჯერაც დაარტყა, იმდენი გაიტანაო. ავარიისას კი სწორედ თავი დაურტყამს და მალევე გარდაცვლილა.

21 მარტს მამაჩემის დაბადების დღეა და ამ დროისთვის ტაშკენტში რამდენიმე დღით ჩასვლას ვგეგმავ. იქაურებმა დამპატიჟეს და ის ხეც აუცილებლად უნდა ვნახო...

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 16 /
xmertma ganatlis didi fezburteli
dato
02:30 13-11-2014
0
ფიოდოროვისნაირი ფეხბურთელი უზბეკეთში დღემდე არა ჰყავთ, აი ზურაბ წერეთელის საუკეთესო გაბრწყინება კი ბეტისის კარში გატანილი გოლია, რომელიც მან თბილისში თავით გაიტანა მოსკოვის დინამოს შემადგენლობაში, ულამასესი გოლი იყო, მიკვირს რატომ არავინ გაიხსენა ის სიხარული, მან თამაში გადაარჩინა, თან შეცვლაზე შემოიყვანეს!
ბადრი
20:06 12-11-2014
0

სიახლეები პოპულარული