TimeLine: მიხეილ მესხი და რიცხვი 11

AutoSharing Option
იყო დრო, ქართველი ფეხბურთელები მეტოქეებს ისე ატყუებდნენ, თავგზააბნეული მცველები ცხვირით მიწას თხრიდნენ. დრო შეიცვალა, ფეხბურთის თამაში ყველამ ისწავლა, მაგრამ ქართველებთან თამაშისას მეტოქეები კვლავაც კისერს იტეხენ...

...ეს ხუმრობით, აქ კი ორი პარალელური ფოტოს განმარტებაა საჭირო: ერთზე დაფიქსირებულია დინამოელი მიხეილ მესხი და მისი მსხვერპლი (მარცხნივ).

მეორე სურათი 2013 წელსაა გადაღებული ესპანეთი-საქართველოს მატჩის მსვლელობისას. თავდაყირა ალვარო ნეგრედოა, მარჯვნივ - გურამ კაშია.

* * *
ეს პუბლიკაცია დაგვიანებულია, 2011 წელს, მე-11 თვეს, 11-ში უნდა შემოგვეთავაზებინა, მაგრამ... დღეს 11 იანვარია, 12-ში კი სწორედ ის ადამიანი დაიბადა,
რომელსაც ეს "ტაიმლაინი" ეძღვნება. მოკლედ, თბილისის "დინამოს" მე-11 ნომერზე, მიხეილ მესხზე ვწერთ.

მის შესახებ ერთ-ერთმა რუსულმა ტელევიზიამ მეტად საინტერესო, მოკლე მასალა მოამზადა, რომელიც სწორედ "ტაიმლაინისთვისაა" ზედგამოჭრილი. აი, როგორ იწყება გადაცემა:

"როგორც ჭადრაკშია გავრცელებული "ალიოხინის დაცვა", ასევეა ფეხბურთში "მესხის ფინტი", რომლის შესახებაც მსოფლიოს მასშტაბით ბევრმა ქომაგმა კარგად იცოდა.

"ქართველი გარინჩა", "თანამგზავრი", "დრიბლიორი"... ამ და კიდევ უამრავი ეპითეტით მოიხსენიებდნენ მიხეილ მესხს საზღვარგარეთის სპორტული გამოცემები.

რიცხვი 11 მესხს ცხოვრების ყოველ ნაბიჯზე თან სდევდა:
...დაიბადა 1937 წლის 11 იანვარს, დილის 11 საათზე.
...სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისის "დინამოში" 11 ნომრად ჩაირიცხა.
...მომავალ მეუღლეს 11 რიცხვში შეხვდა და რამდენიმე თვის შემდეგ, ასევე 11-ში ხელი სთხოვა.
...მიხეილ მესხის ვაჟიც 11-ში დაიბადა.
...კარიერაში 11-მეტრიანი ნიშნულიდან რამდენჯერაც დაარტყა, იმდენი გოლი გაიტანა.
...საინტერესოა, რომ მისი სახელ-გვარიც 11 ასოსგან შედგება.

ილია დათუნაშვილმა გაიხსენა "დინამოსა" და ბრაზილიური "სანტოსის" შეხვედრის ერთი ფრაგმენტი:

- მესხმა ჯალმა სანტოსი ბავშვივით მოატყუა. ბრაზილიელი მიშას გაეკიდა, რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ფორვარდისთვის ფეხის მოტეხა სურდა. მესხი გაჩერდა, სანტოსი კი მივარდა და გადაკოცნა. ბრაზილიელმა მცველმა მოგვიანებით აღიარა, რომ იგი ასე იოლად არავის მოეტყუებინა.

მიხეილ მესხი იმ პერიოდში თამაშობდა, როცა ნიჭიერ ხალხს ვერ ამჩნევდნენ. ამიტომ, ნაკრების წითელ ფორმას მესხი არცთუ ხშირად ირგებდა. ისევ ილია დათუნაშვილს მოვუსმინოთ:

- მიშას არმიწვევა რუსული შოვინიზმის გამოვლინება იყო. ინგლისური ფეხბურთის ასწლოვან იუბილეზე მესხს მსოფლიოს ნაკრებში დაუძახეს. თუმცა სსრ კავშირის სპორტკომიტეტმა არ დაუშვა, რომ ქართველ ფორვარდს ამ მატჩში მონაწილეობა მიეღო. საბჭოთა მაღალჩინოსნებმა ინგლისში გაგზავნეს წერილი, ატყობინებდნენ, რომ მესხი ავად იყო და სხვა ფეხბურთელით უნდა ჩაენაცვლებინათ. მიშას ნაცვლად ლონდონში სხვა ფეხბურთელი გაფრინდა.

როცა კი მესხი სსრკ-ის ნაკრებთან ერთად ცივილიზებულ ქვეყანაში თამაშობდა, ყოველთვის იწვევდა გულშემატკივრების აღფრთოვანებას. იგი 1960 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა. მაშინდელ ნაკრებში მის გარდა კიდევ ორი ქართველი თამაშობდა - გივი ჩოხელი და სლავა მეტრეველი.

ჩემპიონობაში ქართველი 11 ნომრის წვლილი შეუფასებელი იყო. ფინალში იუგოსლავიის წინააღმდეგ პირველი გოლი მეტრეველმა სწორედ მესხის პასით გაიტანა. საბოლოოდ 2:1.

1964 წელს მიხეილ მესხმა "დინამოსთან" ერთად ტაშკენტში მოსკოვის "ტორპედო" დაამარცხა და საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა.

მისი კარიერა ისევე არაორდინარულად დასრულდა, როგორიც იყო მისი ფეხბურთი. ურუგვაის "ნასიონალის" მწვრთნელი, რომელიც მესხის გაცილების მატჩზე ჩამოვიდა, ვერ იჯერებდა, რომ ქართველი ტალანტი ბოლო შეხვედრას ატარებდა. მწვრთნელმა თავის შეგირდებს, ფაქტობრივად, შეურაცხყოფა მიაყენა: "მესხი უნდა მიდიოდეს და თქვენ თამაშს აგრძელებდეთ? სირცხვილი თქვენო".

* * *
ვფიქრობ, რუსების მიერ მომზადებული ასეთი სიუჟეტი ნებისმიერი ქართველისთვის საინტერესოა. განსაკუთრებით ის ფრაზა დამამახსოვრდა, ავტორმა რომ თქვა - ცივილიზებულ ქვეყნებში მესხს ხალხი აღფრთოვანებაში მოჰყავდაო. მანამდე ხომ საბჭოეთის ხელისუფლების უკუღმართობებზე იყო ლაპარაკი.

ერთ შესწორებასაც შევიტან: გადაცემაში ამბობენ, მესხი 11 იანვარს დაიბადაო. რეალურად მისი დაბადების თარიღი 12 იანვარია.

* * *
რუსთაველის თეატრის მსახიობი ჯემალ ღაღანიძე იხსენებს:

- საოცრად გულკეთილი კაცი იყო მიშა, რითაც შეძლო, ყველას ეხმარებოდა. დიღომში სახლს რომ იშენებდა, უკვე ძალიან პოპულარული იყო, მთელი ქვეყანა იცნობდა და პატივს სცემდა. დიღმის სახლი ისე ააშენა, ხან რომელი ტრესტიდან უგზავნიდნენ მასალას, ხან - რომლიდან. ყველას უნდოდა, საყვარელი ფეხბურთელის სახლის აშენებაში შეეტანა თავისი წვლილი.

მიშა მიხვდა, რომ ამდენი მასალა ერთი კი არა, ათი სახლის აშენებასაც ეყოფოდა და რაც აღარ სჭირდებოდა, ახალგაჩენილ მეზობლებს უგზავნიდა, ჩუქნიდა.

როცა მიშა შეკრებაზე იყო, მე მთხოვდა - ჯემალ, მიდი ჩემთან, ხვალ-ზეგ მასალა მოდის და მეზობლებს დაურიგეო. გრძელი სია ჰქონდა მეზობლებისა და იმის მიხედვით ვანაწილებდი.

ერთი მძღოლი დილას აგურით დატვირთული მოვიდა და შემეკითხა - მიხეილ მესხი სად ცხოვრობსო. წავიყვანე და მიშას ერთ მეზობელთან დავაცლევინე. საღამოს ცემენტით მოვიდა და მეორე მეზობელთან მივიყვანე.

მეორე დილას არმატურით ისევ ის მძღოლი მომადგა - მესამე მეზობელთან გადავამისამართე. არადა, კაცი ხედავს, რომ მხოლოდ ერთი სახლია მშენებარე. თანაც, ყოველ მისვლაზე ამოწმებს - ხომ მართლა მიშასია ეს სახლი, რომელშიც მასალას ვცლითო? რა თქმა უნდა-მეთქი, ყოველთვის ვპასუხობდი.

მესამე დღეს მძღოლი მეგობართან ერთად მოვიდა, ქვიშა მიშას მორიგ მეზობელთან ჩამოცალა და ძმაკაცს უთხრა:

- ამის დედა ვატირე, მეთამაშა ფეხბურთი, თუ მიხეილ მესხი 10 სახლს იშენებს, მე ერთი-ორს ხომ მაინც ავიშენებდიო.

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
ევროპის 1960 წლის თასის ფინალში პონედელნიკმა მესხის გადაცემით გაიტანა გადამწყვეტი გოლი
ჯუნა
09:51 13-01-2014
0
ევროპის თასის ფინალში მესხის გადაცემით პონედელნიკმა გაიტანა გადამწყვეთი ბურთი
ჯუნა
09:48 13-01-2014
0

სიახლეები პოპულარული