თემურ ჩხაიძემ ლანჩხუთის "გურია" დაშლას გადაარჩინა

AutoSharing Option
ლანჩხუთის "გურიას" ფინანსური პრობლემა მოუგვარდა და ამ წლის ჩამთავრებას გუნდი უპრობლემოდ მოახერხებს. უკვე გასტუმრებულია მიმდინარე სახელფასო დავალიანება.

არადა, იყო საშიშროება, რომ პირველი ლიგის ლიდერი და ელიტლიგაში აღზევების მთავარი ფავორიტი დაშლილიყო, რადგანაც 2 თვის მანძილზე ფეხბურთელებს ხელფას-პრემია არ მიეღოთ.

ამ საკითხის მოსაგვარებლად, გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციისა და კლუბის თავკაცებმა, კახა ებრალიძემ და ირაკლი ფაცურიამ რესურსის მოძებნა დაიწყეს, თუმცა გარდამავალ პერიოდში, როცა ჯერ კიდევ არ არის ხელისუფლება გადაბარებული და გაურკვევლობაა, საკითხის მოგვარება გაჭირდა.

მოგეხსენებათ, ადგილობრივ ბიუჯეტში სახსრები საამისოდ არ მოიპოვება, თუმცა ადგილობრივი
ხელისუფლება და განსაკუთრებით, გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი კახა ასკურავა კლუბს მხარში დაუდგა და გარანტიც გახდა, რომ "გურიას" დახმარებას სამომავლოდაც შეუნარჩუნებს.

საქმის მოგვარებაში კი ლომის წვლილი ლანჩხუთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, თემურ ჩხაიძემ შეიტანა. მის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ის არ წავიდა მისი საარჩევნო კონკურენტის, გია გოგუაძის (ექს-გამგებლის სახელს უკავშირდება "გურიის" ბოლოდროინდელი წარმატება) მიერ მხარდაჭერილი პროექტის წინააღმდეგ, რასაც "გურიის" სახელისუფლო მხარდაჭერა ჰქვია.

კლუბის ლეგენდარული კაპიტნისგან, პრინციპში, სხვანაირ მოქცევას არც არავინ მოელოდა - ლანჩხუთის მაჟორიტარმა ყველაფერი გააკეთა გუნდის გადასარჩენად და შედეგიც სახეზეა: წლის ბოლომდე ფეხბურთელები ჯამაგირს ბოლო თეთრამდე მიიღებენ.

როგორც მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსი გიორგი გეგიაძე აცხადებს, მომავალი წლიდან თემურ ჩხაიძე "გურიას" პირადად მიაქცევს ყურადღებას და არ შეიქმნება ის პრობლემა, რაც ბოლო ორი თვის მანძილზე არსებობდა.

"მინდა დავამშვიდო "გურიის" ქომაგები, რომ მომავალი სეზონიდან უმაღლეს ლიგაში აუცილებლად დავბრუნდებით", - აცხადებს გეგიაძე.

შეგახსენებთ, რომ პირველი ლიგის ა ზონაში "გურია" აგერ, უკვე რამდენიმე ტურია, ერთპიროვნული ლიდერია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გურია-გაგრა 0:0 - ჯერემ ვერ მოუგო და ჯერემიამ ვერ მოაგებინა
თემურ ჩხაიძე: სახლიც რომ გავყიდო, ფეხბურთელს დანაპირები უნდა შევუსრულო
თემურ ჩხაიძე: ფეხბურთის განვითარების თურქული მოდელი მშვენიერი მაგალითია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული