კი არ უნდა ლანძღოთ, ძეგლი უნდა დაუდგათ!.. ფანები გია ცეცაძის დარჩენას ითხოვენ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე "სამტრედიის" გამანადგურებელი მარცხის შემდეგ ფეხბურთელები და მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცნენ.

- ყარაბაღი-სამტრედია 5:0 - კარგით რა! [VIDEO+PHOTO]

ამასთან დაკავშირებით, სპეციალური განცხადება გააკეთა სამტრედიელთა ფანკლუბმა:

"გია ცეცაძე კი არ უნდა ლანძღოთ, სამტრედიაში ძეგლი უნდა დაუდგათ! ამდენი წელია გუნდთან ვართ და ამდენი ჩასაფრებული არსად გვინახავს. ეს ხალხი მხოლოდ მაშინ ჩნდება, როცა ცუდს დაინახავენ და კარგი როცა მოხდება, დადუმებულნი არიან.

არადა, სად იყო "სამტრედია"? უმეტესად, პირველ ლიგაში და როცა უმაღლესში გადმოვედით, ვარსკვლავები მაშინაც არ მოგვიწყვეტია.
მოვიდა ახალი ხელმძღვანელობა, შეიკრა ახალი გუნდი და წარმატებას მაშინაც ვერ მიაღწია.

მოვიდა გია ცეცაძე და მოიყვანა ბიჭები, რომლებიც ქართული გუნდებიდან ჩამოწერილები იყვნენ - ზოგი სკამზე იჯდა, ზოგიც პირველ ლიგაში თამაშობდა. ამ კაცმა გუნდი შეკრა, იმავე წელს მეორე ადგილზე გავიდა, გარდამავალ პირველობაზე ჩემპიონი გახდა და წელსაც ოქროს მედლებისთვის იბრძვის.

ცუდად ვითამაშეთ თუ კარგად, ზედიზედ 2 წელია ევროტურნირებზე გავდივართ. აბა, გაიხსენეთ - ევროტურნირი და სამეული სანატრელი გვქონდა.

გულშემატკივარი ცუდს და კარგს ყოველთვის ვხედავთ, არასდროს არავის არ მოგვრიდებია და ვინც გასაშვები იყო, პირში გვითქვამს - წადი! მაგრამ ცეცაძე მაქსიმალურად დიდხანს უნდა იყოს ჩვენთან, რადგან ამ კაცმა თავისი საქმე იცის.

ცეცა, სამტრედია გაფასებს, უყვარხარ და შენ უნდა იყო იქ, სადაც ხარ. წინ ბევრი სიხარული და წარმატება გველოდება. არავის უსმინო, სამტრედიელებს გვინდა, რომ იყო ჩვენთან და არსად არ გიშვებთ - ერთად ყველაფერი გამოგვივა! ერთმანეთისთვის", - წერია "სამტრედიის" ფანკლუბის განცხადებაში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"