მესამე და სამართალი? ფოთის "ფაზისის" მშენებლობაზე მორიგი ტენდერი ჩატარდა

AutoSharing Option
...2013 წელი. საქართველოს სუპერთასის შეხვედრისთვის ფოთის "ფაზისს" უნდა ემასპინძლა. იყო დაპირება, რომ ფოთს ევროპული სტილის საფეხბურთო სტადიონი ექნებოდა, რისთვისაც 2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯებოდა. მშენებლობის დასრულება "კოლხეთის" 100 წლის იუბილესთვის (2013 წლის 14 ნოემბერი) იგეგმებოდა. სტადიონზე მოედანი ახალი დაგებული იყო და იმედოვნებდნენ, რომ ტრიბუნებს მალე ამოიყვანდნენ, ინდივიდუალური სკამების დამონტაჟება კი რა პრობლემა უნდა ყოფილიყო?!.

სტადიონის სარემონტო სამუშაობის წარმოებაზე ადგილობრივმა ხელისუფლებამ ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანია "ნიუ ქონსთრაქშენთან" 2013 წლის ოქტომბერში გააფორმა. სამუშაოები იმავე წელს, 31 დეკემბრამდე უნდა დასრულებულიყო. კომპანია ვალდებულებას იღებდა,
რომ 3 თვეში დემონტაჟს შეძლებდა (სტადიონის ღობის, დასავლეთ ტრიბუნისა და განათებების დემონტაჟი) და ინფრასტრუქტურას მოაწყობდა - ააშენებდა ახალ ტრიბუნას, დაამონტაჟებდა სკამებს, განათების ახალ სისტემას, სტადიონს შემოღობავდა და შიდა ტერიტორიის კეთილმოწყობასაც დაასრულებდა.

ამ სამუშაოების ღირებულება 2,3 მილიონ ლარად შეფასდა. ხსენებულმა კომპანიამ ავანსად თანხის პირველი ნაწილი მიიღო, თუმცა აღნიშნულ ვადაში ვალდებულებები ვერ შეასრულა, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ეს ვადა რამდენჯერმე გადაუწია. საბოლოოდ, 2014 წლის 30 იანვარს ხელშეკრულება გაწყდა.

თითქმის ერთი წელი სამუშაოები შეჩერებული იყო და მხოლოდ 2014 წლის ოქტომბერში განახლდა, ახალი ტენდერის გამარჯვებული კი კომპანია "ხიდი" გახდა. მან ავანსად 500 ათასი ლარი მიიღო და სამუშაოები 2015 წლის ივნისში უნდა დაესრულებინა, მაგრამ ვალდებულებები ვერც ამ კომპანიამ შეასრულა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ხელშეკრულების პირდაპირი გაწყვეტისგან თავი შეიკავა და ვადები მას რამდენჯერმე გადაუწია, თუმცა... 2015 წლის აგვისტოს ბოლოს განშორება კვლავ გარდაუვალი გახდა...

ორი ტენდერის და ორი გამარჯვებული კომპანიის გამოვლენის მიუხედავად, სამუშაობის დაწყებიდან 4 წელიწადში ფოთის "ფაზისი" შემოუღობავია და საფეხბურთო მოედანი გავერანდა, ხოლო დანგრეული ტრიბუნების ნაცვლად ჯერ მხოლოდ ბეტონის კედლებია ამოყვანილი.

ცნობილია, რომ ფოთის მერიასა და ტენდერში გამარჯვებულ და პირობის დამრღვევ კომპანიებს შორის დავა სასამართლოში მიმდინარეობს. კომპანია ხელისუფლებას ხელშეკრულების პირობების დარღვევასა და ვადაზე ადრე გაწყვეტაში ადანაშაულებს. მერია კი ფირმას ავანსის სახით მიცემული თანხის დაბრუნებას სთხოვს.

მაგრამ გაუგებარია, სად გაქრა ასობით ათასი ლარი. ფაქტი ისაა, რომ უზარმაზარი თანხები დაიხარჯა, საქმე კი არ გაკეთდა, საფეხბურთო სამყარო და ფოთის "კოლხეთი" მოტყუებულები დარჩნენ და არარსებული ინფრასტრუქტურის გამო, თამაშების გამართვა ლანჩხუთის, ქობულეთისა და სამტრედიის სტადიონებზე უწევს.

ჩვენი კი, მტყუან-მართლის გარკვევაზე მეტად, "ქართული ფეხბურთის აკვანში" ახალი სტადიონის აშენებას ველოდებით.

ამასობაში, ფოთის "კოლხეთის" დირექტორმა თემურ ბარქაიამ გულშემატკივრებისთვის უცნობი ფაქტი გააჟღერა - თურმე სტადიონის მშენებლობაზე მესამე ტენდერი ჩატარდა.

"ახლახან მესამე ტენდერი ჩატარდა, მაგრამ ეს ბევრმა არ იცის. არადა, ჩემი ინფორმაციით, სერიოზულმა კომპანიამ გაიმარჯვა და აპირებს, დასავლეთ ტრიბუნის დასრულებას, გასახდელების, საშხაპეების, პრეს და ვიპ-ლოჟების მოწყობას. როგორც ვიცი, გამარჯვებული კომპანიის ვინაობა რამდენიმე დღეში გამოცხადდება", - ამბობს ბარქაია.

ვნახოთ. მესამე (ტენდერი) და სამართალი?

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
ჩემი კომენტარი რატომ არ გაუშვით, რა წესია ეს . რაღაც აზრი გამოვთქვი , იქნებ სასარგებლო იყოს-მეთქი ფედერაციისათვის ვიფიქრე და თქვენ ბლოკავთ. არ მესმის თქვენი მოქმედება
ფაფუ
14:21 06-10-2017
0
ახლა არცჰევნები მოდის და დაიწყეს ყველა გასაჰვებია კოლხეტის ხემდზგვანელობიდან ამდენი ხანი ერტი სპონსორი ვერ მოდზებნეს ზიან და იტვლიან როდის გამოუგზავნის ფედერაცია ფულს .რისი მაქნისები არიან სულ ტირიან არ სჰეგიდზლია წადი
iura
14:31 02-07-2017
0

სიახლეები პოპულარული