შტელინის აზრი ჩაკვეტაძესა და ქართველებზე: ნატურალური ხორცი და მწვანილი

AutoSharing Option
ალექსანდრ შტელინს ბელგიაში დავუკავშირდით. შეგახსენებთ, რომ ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილი დამრიგებელი ამჟამად ლიეჟის "სტანდარდის" დუბლშემადგენლობას ავარჯიშებს.

კონკრეტულ საკითხზე ლაპარაკიდან სხვა საინტერესო თემებზეც გადავედით და ვფიქრობთ, თქვენთვისაც საინტერესო იქნება...

ბელგიელთა მზერის ობიექტი
ქართულ საფეხბურთო ბაზარზე ევროპელი მენეჯერების რიგი არ დგას, მაგრამ ნიჭიერ მოთამაშეს ყურადღებას მაინც აქცევენ და როგორც კი ასეთი მოთამაშე გამოჩნდება, ეგრევე დაესევიან...

ახლა ასეთი ვითარებაა გიორგი ჩაკვეტაძესთან დაკავშირებით. რომ ყოფილიყო დაწესებული პრიზი - "აღმოჩენა", ის სწორედ ჩაკვეტაძეს ერგებოდა პირველი წრის მონაცემებისა და შთაბეჭდილებების მიხედვით. თბილისის "დინამოს" ნახევარმცველი ისეთ ფეხბურთს თამაშობს, ძნელი
წარმოსადგენია, რომ ჯერ მხოლოდ 17 წლისაა და... სკოლაში სწავლობს.

"ლელოსთვის" ცნობილი გახდა ორი ვარიანტი, რომელსაც ამ ახალგაზრდა მოთამაშეს სთავაზობენ - ჩაკვეტაძის ტრანსფერის გამოსყიდვით მოსკოვის ცსკა და ბელგიური "გენკი" დაინტერესდნენ. პირველზე ზოგადი ინფორმაცია შევიტყვეთ, ხოლო ბელგიელთა აქტიურობაზე უფრო გავიგეთ - კლუბის წარმომადგენელი დაუკავშირდა ალექსანდრ შტელინს, როგორც ქართულ ფეხბურთში გარკვეულ პიროვნებას, და ჩაკვეტაძეზე აზრი ჰკითხა.

შტელინს ჩვენც დავუკავშირდით იმის დასაზუსტებლად, თუ რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია...

- გამარჯობა! "ლელო", საქართველო... გვახსოვხართ!..
- (იცინის) მეც კარგად მახსოვხართ, არ მავიწყდებით... მადლობა მოკითხვისთვის!

- რომ არ გვავიწყდებით, ამიტომაც შეგეხმიანეთ. პირდაპირ კითხვაზე გადავიდეთ - გავიგეთ, რომ "გენკი" თბილისის დინამოელ გიორგი ჩაკვეტაძეს აკვირდება და ამ საქმეში დახმარება თქვენ გთხოვათ. მართალია ეს ინფორმაცია?
- ზუსტად გეტყვით, როგორც არის. მოკლედ, დამიკავშირდა მენეჯერი, რომელიც "გენკთან" თანამშრომლობს და დაინტერესდა, ვინ არის ჩაკვეტაძე, რა მონაცემები აქვს, შეუძლია თუ არა ბელგიის დონეზე თავის დამკვიდრება... და ასე შემდეგ, როგორც ასეთ დროს კითხულობენ ხოლმე.

- როცა თქვენ საქართველოში მუშაობდით, გიორგი მაშინ ასაკობრივ ჩემპიონატებში თამაშობდა და, ალბათ, არ გეცოდინებათ...
- არ ვიცნობდი, მაგრამ საგანგებოდ ვუყურე "ტორპედო"-"დინამოს" თამაშს, ჩავწერე და მატჩის გაანალიზებამდე, შეუიარაღებელი თვალითაც გამოჩნდა, რომ ეს ბიჭი ტალანტია. ჩემი აზრით, თუ შრომას გააგრძელებს, დიდი მომავალი ექნება.

- თქვენი აზრით, ჩაკვეტაძის ბელგიური ტრანსფერი რეალურია?
- ჯერ უნდა გავაანალიზო მისი თამაში, დავწერო დასკვნა და ჩემი ნაცნობი მენეჯერი ამ ინფორმაციას მიაწვდის "გენკის" ხელმძღვანელობას. თავადაც ხვდებით, რომ ეს საკითხი ჯერ მხოლოდ ჩვეულებრივი ინტერესის დონეზეა. მათ ასეთი სხვა კანდიდატებიც ჰყავთ. მთავარია, ჩაკვეტაძეს აკვირდებიან. მან ზრდა უნდა გააგრძელოს, რადგან ბოლოს საუკეთესოებს აირჩევენ.

თანაც, მე მენეჯერი არ ვარ და ზუსტი პასუხი არ მაქვს, რა ხდება მასთან დაკავშირებით, უნდა თუ არა "დინამოს" მისი გაშვება... მოკლედ, ათასი საკითხია...

კვების ეფექტი
- საერთოდ, გვიკვირს, ქართველებს ევროპელები კიდევ რომ აკვირდებიან...
- მე ამის საშუალება ინტერნეტში დანერგილმა სიახლემ მომცა - თქვენი ეროვნული ლიგის ყველა თამაშს აჩვენებენ, რაც ბევრ მენეჯერს აძლევს საშუალებას, თქვენი ჩემპიონატის შეხვედრებს თვალი ადევნოს და ამა თუ იმ მოთამაშეზე წარმოდგენა შეიქმნას.

საერთოდ, ქართველებთან მუშაობა საინტერესოა, რადგან თქვენს ბავშვებს აქვთ უჩვეულო ფიზიკური ძალა და პლასტიკა, კოორდინაცია, ფეთქებადი სისწრაფე და ძალა, რეაქცია, კარგად ფლობენ ბურთს... მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგის ასეულშიც არ არის, მაინც საინტერესო ქვეყანაა, რადგან ნიჭიერი ბავშვები იბადებიან.

სხვათა შორის, რომ დავინტერესდი, მივხვდი, თქვენებს საიდან აქვთ უჩვეულო ფიზიკური ძალა - ნატურალური ხორცით და მწვანილით იკვებებით, რაც ორგანიზმს საჭირო ნივთიერებებით ავსებს. ფეხბურთს რომ შევეშვათ, ქართული რაგბის წარმატებაა გასაოცარი - ასეთი პატარა ქვეყანა სულ თამაშობს მსოფლიოს ჩემპიონატზე...

- მაგრამ ბელგიაში შარშან ოთხი ქართველი თამაშობდა - ზარანდია, ბერიძე, ტაბიძე და შენგელია. წლეულს კი ოთხივე სხვაგან წავიდა. გამოდის, რომ ბელგიაში ქართველებს თამაში უჭირთ?
- აქ კი არა, ბევრად წარმატებულ ლიგაში თამაში შეუძლიათ. ოღონდ, ეგ არის, რომ აქ თავისებური გარემოა. ნაკრების წარმატების მიუხედავად, კლუბები უსახურ ფეხბურთს თამაშობენ, ფეხბურთელებს იმპროვიზაციას უკრძალავენ...

ქართველი კი ამის გარეშე ვერ ითამაშებს. ის სქემაში არ უნდა ჩასვა და სწორედ ასეთ შემთხვევაში გაიბრწყინებს.

- აბა, ამის უფლებას ქართველს ევროპაში ვინ მისცემს?!
- რატომაც არა?! ეს შესაძლებელია. ქართველი სქემაში კი არ უნდა ჩასვა, პირიქით, მას უნდა მოარგო ეს სქემა და თავისუფლება მისცე. ამას ბელგიაში არ აკეთებენ და თქვენებიც ამიტომ ვერ ახერხებენ "გახსნას".

კაპანაძე და გვილია
- "ტორპედოდან" წასვლისას თორნიკე კაპანაძეს ისე აქებდით, ვიფიქრეთ, მის წაყვანას აპირებდით...
- მსურდა, მაგრამ ტრანსფერს ათასგვარი ბარიერი აბრკოლებდა, თანაც, რაც მთავარია, მე არც მენეჯერი ვარ და "სტანდარდში" ამ საკითხებსაც ვერ ვწყვეტდი. არადა, თორნიკე გასაოცარ თვისებებს ფლობს - ტანმორჩილია, თუმცა მშვენიერი ნახტომი აქვს, კარგად თამაშობს თავით, სულ მოძრაობს და მცველებს გასაქანს არ აძლევს...

თუმცა ერთი ცუდი თვისება ჰქონდა და ახლა არ ვიცი, როგორ არის - შეცვლაზე უკეთ თამაშობდა. ერთხელ ბულგარულ შეკრებაზე ვუთხარი - ძირითადში დაგაყენებ, თუ ისე ითამაშებ, როგორც შეცვლაზე-მეთქი. იცით, რა ქნა? 3 გოლი გაიტანა!

გთხოვთ, აუცილებლად გადასცეთ ქუთაისის "ტორპედოს" მოკითხვა - იქ მუშაობის პერიოდი არასოდეს დამავიწყდება.

- ვაკო გვილიასთან ზაპოროჟიეს "მეტალურგში" მუშაობდით და გვახსოვს, პირველი მწვრთნელი იყავით, ვინც თქვა, რომ ეს ბიჭი საქართველოს ნაკრებს ძალიან გამოადგებოდა...
- ...იმიტომ, რომ კარგად ვიცნობდი. "მეტალურგის" ძირითადში ჩემს დროს გადაიყვანეს, იმედები გაამართლა და მისი შესაძლებლობები კარგად დავინახე. ზაპოროჟიეში გუნდი რომ დაიშალა, მაშინ უკვე ქუთაისის "ტორპედოში" ვიყავი და ვაკოს გადმოყვანა მსურდა. მაგრამ ბელარუსში წავიდა და მერე ბატე-შიც მოხვდა.

საერთოდ, "მეტალურგი" სუსტი გუნდი იყო, მაგრამ მისი აკადემია ძლიერ მოთამაშეებს ზრდიდა, გვილია კი პიროვნულადაც ძალიან გაიზარდა და ფეხბურთელადაც.

ვან ბუიტენის პარტნიორი ტოვებს სტანდარდს
- თქვენს სამუშაოზეც უნდა გკითხოთ...
- ლიეჟის "სტანდარდში" მუშაობა დანიელ ვან ბუიტენმა შემომთავაზა. იცით, რომ ის ბელგიის ნაკრების ცენტრალური მცველი იყო, კარიერის უდიდესი ნაწილი მიუნხენის "ბაიერნში" გაატარა, დიდად განსწავლულია საფეხბურთო თვალსაზრისით და იცის, რა სჭირდება გუნდს. მე ის არ მიცნობდა, უბრალოდ, ჩემს საქმიანობას გაეცნო, დაინტერესდა და ამიტომაც მიმიწვია. მაგრამ "სტანდარდის" საქმეები კარგად ვერ აეწყო, ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე ვერ გავედით, ჩემპიონატში ცუდად ვთამაშობთ და ზამთარში ვან ბუიტენი წავიდა. არადა, ჩემი მიწვევა მისი იდეა იყო და არ მეგონა, თუ ბელგიაში ასე გამიჭირდებოდა ან ასეთ მენეჯმენტს წავაწყდებოდი.

- კონკრეტულად რა პრობლემას შეეჯახეთ?
- მხოლოდ აქ და კიევის "დინამოში" არ ვყოფილვარ მთავარი მწვრთნელი და ვერ გავითვალისწინე, რომ მთავარი გუნდის დამრიგებელი ჩემს საქმეებში ჩარევას მოინდომებდა. მთავარი გუნდის მოთამაშეებს მიგზავნიდა და შედეგად, "სტანდარდის" დუბლებში წლეულს სულ 58 ფეხბურთელი ვათამაშეთ - წარმოგიდგენიათ?! ასე მუშაობა შეუძლებელია.

ამის მიუხედავად, გუნდი მე-2 ადგილზეა და პირველობის შანსი აქვს... სხვათა შორის, ჩემთან მარკ ვილმოტსის 2 შვილი თამაშობს...

ყველა აღიარებს, რომ წარმატებულად ვმუშაობ, რადგან ლიდერებში "სტანდარტის" არც ერთი სხვა ასაკობრივი გუნდი არ არის. მაგრამ მორალურ კმაყოფილებას ვერ ვიღებ. მოკლედ რომ გითხრათ, ბოლო ტურის შემდეგ კონტრაქტი მიმთავრდება და "სტანდარდს" ვტოვებ.

- შეიძლება, ისევ საქართველოში დაბრუნდეთ?
- არ ვიცი, შემოთავაზება არ ყოფილა. უფრო უკრაინაში ან ბელგიაში ვიმუშავებ, სადაც ხალხისთვის ეს ამბავი უკვე ცნობილია და ჩემი საკითხის მოგვარებაზეც მუშაობენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
კაპანაძემ 3 ბურთი ბულგარულ "ვერეიას" თურქულ შეკრებაზე გაუტანა
fctorpedo
09:54 15-05-2017
0
mamulo - "ტორპედოს" გულშემატკივარი თუ ხარ, გუნდის სახელი ზუსტად არ უნდა იცოდე?
Burton
14:29 14-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული