უვიზოდ ევროპაში: რამდენი დაუჯდება ქართველ ქომაგს "ოცნების მატჩზე" დასწრება

AutoSharing Option
მარტის ბოლოდან საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობა შეუძლიათ. უვიზო რეჟიმის პირობებში ჩვენს მოქალაქეებს თავისუფლად შეუძლიათ გაემგზავრონ მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტით (90 დღე) ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში. თავისთავად, აღნიშნული სიახლე გაახარებდა ფეხბურთის ქართველ გულშემატკივარსაც, რომლისთვისაც საყვარელი კლუბის თამაშზე წასვლა ახლა ბევრად იოლი გახდა, ვიდრე აქამდე იყო.

Sportall.ge-მ გადაწყვიტა, იმ გულშემატკივრებს, რომლებსაც უვიზო რეჟიმით სარგებლობა და "ოცნების მატჩზე" დასწრება პირველად სურთ, ხარჯებთან დაკავშირებით აუცილებელი რჩევები მიაწოდოს.

ავიაბილეთი
საქართველოში სამი აეროპორტი გვაქვს: თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. ქუთაისის აეროპორტი ბევრად იაფია და გამომდინარე აქედან, ქუთაისიდან გამგზავრება
გულშემატკივრისთვის ფინანსური კუთხით უკეთესი იქნება.

ერთი თვის წინ ბილეთები ძალიან გაიაფებული იყო, ახლა კი, ვინაიდან მოთხოვნა გაიზარდა, ფასმაც საკმაოდ იმატა. საქართველოს მოქალაქეს იტალიაში, ესპანეთში, გერმანიაში ან საფრანგეთში 3 დღით გამგზავრება თვითმფრინავით, დაახლოებით, 300 ევრო დაუჯდება (იგულისხმება ორივე გზა ჯამში).

უნდა ვივარაუდოთ, რომ გარკვეული ხნის შემდეგ ავიაბილეთების ფასი ისევ დაიკლებს.

სასტუმრო
თუ უცხოეთში მარტო მიდიხართ, სასტუმროზე დღეში მინიმუმ 50 ევრო უნდა გათვალოთ. ზოგადად კი, ძალიან კარგი სასტუმრო დაახლოებით 80 ევრო ღირს. ყველაზე იაფი ამ მხრივ იტალიაა, ყველაზე ძვირი კი - გერმანია.

თუმცა არსებობს საიტებიც, სადაც ბინის დაქირავება წინასწარ შეგიძლიათ. ასე რომ, თუ მეგობრებთან ერთად წახვალთ, თანხის დაზოგვის მიზნით სჯობს, ბინა იქირაოთ, რომლის ფასიც დღეში 70-დან 100 ევრომდე შეადგენს. ფასი ქალაქის მიხედვით განისაზღვრება.

რა ღირს მატჩზე დასასწრები ბილეთები
ბილეთების ყიდვა როგორც ადგილზე, ისე ონლაინ არის შესაძლებელი. ფასები, თავისთავად, განსხვავებულია. სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ყველაზე იაფ ბილეთს 20 ევროდ შეიძენთ, ინტერნეტით კი - 40 ევროდ.

ესპანეთში ბილეთები დაახლოებით 10-15 ევროთი უფრო ძვირი ღირს, ვიდრე სხვაგან (იტალიაში, გერმანიასა და საფრანგეთში).

გაითვალისწინეთ: არავითარ შემთხვევაში შეიძინოთ ბილეთი გადამყიდველებისგან! გადამყიდველები სტადიონთან მრავლად არიან და ბილეთებს ტურისტებზე ასაღებენ, თუმცა იმ ბილეთების მყიდველები, საბოლოოდ, მატჩზე ვერ შედიან. საქმე ისაა, რომ ბილეთს, რომელსაც სალაროში ყიდულობ, შენი სახელი და გვარი აწერია. წესია - სტადიონზე შესვლისას ბილეთთან ერთად შენს პირადობის მოწმობსაც წარადგენ და თუ ბილეთზე სხვისი სახელი წერია, მაშინ სტადიონზე არ შეგიშვებენ.

სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე პატარა ჯიხურებია, სადაც უნდა შეიძინოთ ბილეთი და თქვენს სახელზე ამოაბეჭდინოთ. სწორედ ასე შეძლებთ სტადიონზე შესვლას.

მაგალითად, თუკი ტურინში, "იუვენტუსის" თამაშზე გსურთ დასწრება, მატჩის ბილეთები დაახლოებით 2-3 დღით ადრე უნდა იყიდოთ. წინა დღეს მათი შოვნა ძალიან გაგიჭირდებათ.

მიუნხენის "ბაიერნისა" და დორტმუნდის "ბორუსიას" თამაშებზე მოხვედრა ძალიან რთულია. ამ გუნდების გულშემატკივართა 80% სეზონის დასაწყისში მთელ წელზე აბონემენტებს ყიდულობს და დარჩენილი 20%-იც ძალიან მალე იყიდება.

ასეა მადრიდის "რეალის", "ბარსელონას" მატჩების ბილეთებთან დაკავშირებითაც...

ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის მატჩებზე კი ბილეთების შეძენას ინტერნეტით გირჩევთ, რადგან ადგილზე მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, მათი შეძენა რთულია. ევროტურნირების ბილეთები დაახლოებით 80-100 ევრო ღირს.

ხარჯი ქალაქში
3-დღიანი ვიზიტისას, გადაადგილება ევროპულ ქალაქში დაახლოებით 15-20 ევრო დაგიჯდებათ. მაგალითად, იტალიაში 10 ევროდ შესაძლებელია სამგზავრო ბილეთის შეძენა, რომლის მეშვეობით ერთი კვირის განმავლობაში ავტობუსით, მეტროთი და ტრამვაით ულიმიტოდ იმგზავრებ.

რაც შეეხება კვებას, თუ მომჭირნეობით დღეში 20 ევროსაც იმყოფინებთ, ჩვეულებრივ კი, დაახლოებით, 40 ევრო უნდა იანგარიშოთ.

ასე რომ, საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ევროპაში საყვარელი გუნდის თამაშზე დასწრება გადაუწყვეტია, ეს სიამოვნება ჯამში 600-700 ევრო (მგზავრობა, მატჩის ბილეთი, სასტუმრო, კვება) დაუჯდება.
მკითხველის კომენტარები / 9 /
თოხლი მანდედან წამაიღეთ.
:DDDDDDDDDDD
გიჟუა
09:45 01-04-2017
0
ბერნაბეუს სტადიონზე მხოლოდ შესვლა და მუზეუმის დათვალიერება 20 ევრომდე გირს და მატჩზე ბილეთი როგორ ეგირება 20 ევრო
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული