ქართული ფეხბურთი

ქალთა ფეხბურთი

ერთადერთი ქართველი, ვინც "ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგაში გაუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
ფეხბურთის ფედერაციის 2015 წლის შემაჯამებელ საღამოზე გამარჯვებულები ორ ახალ ნომინაციაში გამოავლინეს - საუკეთესო ქალი ფეხბურთელი და საუკეთესო მსაჯი. საუკეთესო ქალი ფეხბურთელის წოდებისთვის სამი ნომინანტი იბრძოდა: თურქეთის "ადანას " წევრები - თამარ ნადირაშვილი და ლელა ჭიჭინაძე, ასევე ყაზახეთის "ბიიკ კაზიგურტის" მოთამაშე გულნარა გაბელია.

საბოლოოდ, გამოკითხულებმა საუკეთესოდ ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, 30 წლის თავდამსხმელი გულნარა გაბელია აირჩიეს.

"ლელომ" მასთან ინტერვიუ ჩაწერა...

- ფეხბურთით როდის დაინტერესდით?
- პატარაობიდან მაინტერესებდა, მიყვარდა და მერე სერიოზულადაც გავყევი.

- ოჯახში თქვენს გატაცებაზე როგორი რეაქცია ჰქონდათ?
- სხვათა
შორის, წინააღმდეგნი არ იყვნენ.

- მართლა?! ვის მოსწონდა განსაკუთრებით - მამას თუ დედას?
- ნუ, რა თქმა უნდა, ზოგჯერ მამა მეჩხუბებოდა, მაგრამ იმასაც ვერ ვიტყვი, რომ კატეგორიული წინააღმდეგი იყო. დედა უფრო გაგებით ეკიდებოდა ჩემს გატაცებას. ერთადერთი, ვისაც ძალიან უარყოფითი რეაქცია ჰქონდა, ბიცოლაჩემი იყო.

- მამა რატომ გეჩხუბებოდათ?
- გოგოს რად გინდა ფეხბურთიო?!

- მაინც რატომო?
- უბრალოდ, გოგო და ფეხბურთი ერთმანეთს არ უხდებაო. მაგრამ მგონია, რომ ნათესავებს ახლა ჩემი ფეხბურთელობა მოეწონებათ. ბოლოს და ბოლოს, საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად დამასახელეს.

- კარიერა რომელ კლუბებში დაიწყეთ?
- საქართველოში "ნორჩ დინამოელში" მითამაშია. მერე კი ყაზახეთში წავედი. რეალურად, ყველაზე მეტად სწორედ ახლანდელ კლუბ "ბიიკ კაზიგურტში" თამაში წამადგა. აქ ბევრი რამ ვისწავლე, ვარჯიშებმა და თამაშებმა ძალიან გამზარდა.

- დიდი ხანია, რაც ყაზახურ გუნდში თამაშობთ?
- კი, საკმაოდ. "ბიიკ კაზიგურტში" უკვე მეშვიდე სეზონს ვიწყებ.

- საქართველოში ქალთა ფეხბურთის განვითარება რეალური გგონიათ?
- მიმაჩნია, რომ დაფინანსების შემთხვევაში, ეს რეალური იქნება.

- საქართველოს საუკეთესო ქალ ფეხბურთელად დასახელება თქვენთვის რას ნიშნავს?
- საუკეთესოდ დასახელება ყოველთვის ძალიან დიდი პატივია, მით უფრო, რომ საქართველოში ეს პირველად მოხდა. ყველას დიდი მადლობა, ვინც ხმა მომცა! ძალიან ბედნიერი ვარ.

- "ბარსელონას" კარში სულ 2 ქართველს გაუტანია გოლი. პირველად ეს მაშინ მოხდა, "ლოკომოტივმა" კატალონიელთა 19-წლამდელები 1:0 დათო ჯიქიას გოლით რომ დაამარცხა. მეორედ კი ეს თქვენ, ჩემპიონთა ლიგის თამაშის დროს მოგიხერხებიათ...
- ეს თამაში ბარსელონაში 14 ოქტომბერს გაიმართა. ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალის საპასუხო მატჩი იყო. პირველი შეხვედრა შინ 1:1 დავასრულეთ, მეორეს კი 90-ე წუთისთვის 0:4-ს ვაგებდით, მაგრამ პრესტიჟის გოლის გატანა მაინც მოვახერხე და ამითიც ბედნიერი ვარ. მარცხის მიუხედავად, ეს გოლი არასოდეს დამავიწყდება - ასეთ გუნდთან გატანას ყოველთვის ვერ მოახერხებ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

- სხვა დიდი გუნდებისთვის გაგიტანიათ?

- გამიტანია. ეს 2014 წლის 8 ოქტომბერს მოხდა. მაშინაც ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალის თამაში გვქონდა და ლიგის მომავალ გამარჯვებულს, გერმანიის "ფრანკფურტს" გავუტანე. ეს თამაში ყაზახეთში გაიმართა და 50-ე წუთზე ანგარიში მე გავხსენი. საბოლოოდ, მხოლოდ ფრეს (2:2) დავჯერდით.

ძლიერი გუნდისთვის ნაკრების შემადგენლობაშიც გამიტანია. შარშან, 18 სექტემბერს, იტალიას ვესტუმრეთ და მე-3 წუთზე ანგარიში მე გავხსენი, თუმცა საბოლოოდ 1:6 წავაგეთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"