უეფას წარმომადგენლები საქართველოში ქალთა ფეხბურთით დაინტერესდნენ

AutoSharing Option
უეფას ქალთა ფეხბურთის მიმართულების კოორდინატორი პრისილა იანსენს-სალაზარ ჰევიტი კვლავ თბილისშია.

უეფას წარმომადგენელი საქართველოში ამჯერად ემილი შოუსთან, უეფას ქალთა ფეხბურთის განვითარების მენეჯერთან ერთად ჩამოვიდა.

მოგეხსენებათ, უეფა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად ახალი, საპილოტე პროგრამის განხორციელებას შეუდგება, რომლის მიზანიც საქართველოში ქალთა ფეხბურთის განვითარებაა.

ახალი პროექტის დაწყებამდე, მოსამზადებელი სამუშაოების დასაგეგმად სტუმრები უეფადან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს და გენერალურ მდივანს, დავით მუჯირს შეხვდნენ.

"ჩემი დამოკიდებულება ქალთა ფეხბურთის მიმართ ცნობილია. ჩვენ მზად ვართ, ყველანაირად ხელი შევუწყოთ საქართველოში ქალთა ფეხბურთის განვითარებას. უეფასთან ერთად იგეგმება სპეციალური
პროექტი. ამას გარდა, მიგვაჩნია, რომ ქალთა ფეხბურთის განვითარებისთვის აუცილებელია ქვეყნის რეგულარული ჩემპიონატის დაწყებაც", - აღნიშნა ლევან კობიაშვილმა.

თბილისში უეფას ქალთა მიმართულების წარმომადგენლები კიდევ 2 დღე დარჩებიან.

უეფას ქალთა ფეხბურთის მიმართულების კოორდინატორი პრისილა იანსენს-სალაზარ ჰევიტი და უეფას ქალთა ფეხბურთის განვითარების მენეჯერი ემილი შოუ დღესვე საქართველოს ქალთა ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

პრისილა იანსენმა კმაყოფილება გამოთქვა იმ გარემოებით, რომ მისი წინანდელი ვიზიტის შემდეგ ქალთა ფეხბურთში მცირედი, მაგრამ ცვლილებები შეიმჩნევა. კერძოდ, ყურადღება გამახვილდა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები "ევრო 2017"-ის ბოლო შეხვედრებში და ამ თამაშებისთვის მოსამზადებელ პერიოდში ახალი, "ჟომას" ეკიპირებით წარდგა საზოგადოების წინაშე.

"ახალ პრეზიდენტთან და გენერალურ მდივანთან საკმაოდ საქმიანი და საინტერესო შეხვედრა გვქონდა. მიხარია, რომ მდგომარეობამ ოდნავ დაიწყო გამოსწორება. ამაზე ნაკრებისთვის ქალის ხაზის სპორტული ეკიპირებით აღჭურვაც მოქმედებს. ეს არის დიდი ნაბიჯი ქალთა გუნდისთვის, რომ მათ თავდაჯერება მოემატოთ. საჭიროა გააგრძელოთ სკოლბურთის მიმართულებითაც მუშაობა. ეს უნდა იყოს გრძელვადიანი პროექტი და პირველ რიგში, მშობელთა განათლებაზე ორიენტირებული, რომ მათ გოგონების საფეხბურთო სექციებში გამოშვება არ მოერიდოთ. ქალი ფეხბურთელების მზადება საბავშვო ასაკიდან უნდა გახდეს აუცილებელი", - აღნიშნა პრისილა იანსენმა.

"საჭიროა დისციპლინა, თუნდაც ის, რომ უკვე მწვრთნელებმა გააკონტროლონ გუნდის იმიჯი ვარჯიშისა და თამაშის დროს. გუნდი უბრალო ვარჯიშის დროსაც კი ერთნაირი, სანაკრებო ფორმით უნდა იყოს შემოსილი. საჭიროა, თქვენი ფედერაცია უფრო აქტიურად ჩაერთოს უეფასა და ფიფას მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო პროექტებში, რაც ქალთა ფეხბურთს თქვენს ქვეყანაშიც უფრო ცნობადს გახდის. ასევე, არ იქნება ურიგო, თუ მამაკაცთა გუნდები რაღაც დონეზე ქალი ფეხბურთელებისთვის კარს გახსნიან. კარგი იქნება, თუკი მომავალში სფფ-ის აღმასკომის წევრთა შორის ქალთა ფეხბურთის ინტერესების გამტარებელი იქნება", - აღნიშნა ემილი შოუმ.

თავის მხრივ, საქართველოს ქალთა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნინო სორდიამ აღნიშნა, რომ ისინი მზად არიან, უეფას ყველა რეკომენდაცია შეასრულონ. ამავდროულად, ხაზი გაუსვა იმ გარემოებასაც, რომ საქართველოში აქტიურად დაიწყეს მუშაობა ქვეყნის რეგულარული ჩემპიონატის დებულებაზე და ეს არცთუ შორეული მომავლის საკითხია.

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული