გიორგი მაკარიძე: რაც "მორეირენშეში" ვარ, ეს ჩემი საუკეთესო თამაში იყო

AutoSharing Option
პორტუგალიის ლიგის თასის ჯგუფური ეტაპის ბოლო, მესამე ტურში გიორგი მაკარიძის "მორეირენშემ" საფეხბურთო საზოგადოებას დიდი სენსაცია შესთავაზა - საშინაო ასპარეზზე პორტუგალიური ფეხბურთის გოლიათი "პორტუ" გააკრა ბეჭებზე (1:0).

- გიორგი მაკარიძის "სეივები" "პორტუსთან" მატჩში [VIDEO]
- გიორგი მაკარიძემ "ქართული ლეგიონი 2017" "პორტუს" დამარცხებით გახსნა

საინტერესოა, რომ მაკარიძე იყო პირველი ქართველი ლეგიონერი, ვინც 2017 წელს ითამაშა. ამ მოგებით, "მორეირენშე" პორტუგალიის ლიგის თასის ნახევარფინალში გავიდა. ერთადერთი გოლი ჟერალდეშმა გაიტანა. "პორტოს" კი 9 კაცით მოუწია თამაშის დასრულება - არბიტრმა მინდვრიდან დანილო პერეირა და იასინ ბრაჰიმი
გააძევა.

ამ შეხვედრაში "მორეირენშეს" ქართველი მეკარე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. რომ არა მისი შესანიშნავი გარჯა, ფავორიტი პირველივე ტაიმში მოახერხებდა გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვებას.

მაკარიძე დღენიადაგ პროგრესირებს. მას შემდეგ, რაც 26 წლის მეკარემ ფრანგული "ლე მანი" დატოვა, მასზე ხელი ბევრმა ჩაიქნია, თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა და დღეს მაკარიძე პორტუგალიის პრიმეირა ლიგის გუნდის ძირითადი მეკარე და ერთ-ერთი ლიდერია.

"ლელო" მაკარიძეს პორტუგალიაში შეეხმიანა...

- ძალიან სასიამოვნოა ისეთი გუნდის დამარცხება, როგორიც "პორტუა". შეიძლება ითქვას, პირველ ტაიმში ცოტა გაგვიმართლა, მეორე ნახევარში კი მეტოქეს თითქმის არაფერი შეუქმნია ჩვენს კართან.

- "პორტუს" ძლევით ლიგის თასის ნახევარფინალში თამაშის პატივი ირგუნეთ...
- ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო. ნახევარფინალში ან "გიმარაეშს" შევხვდებით, ან - "ბენფიკას".

- საკუთარ თამაშზე რას იტყვით? პორტუგალიურმა მედიამ მატჩის ერთ-ერთ მთავარ გმირად გაღიარათ...
- საკუთარ თავზე საუბარი არ მიყვარს. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ საკუთარი თამაშით ამჯერად კმაყოფილი დავრჩი. რაც "მორეირენშეში" გადმოვედი, საუკეთესო თამაში ჩავატარე.

- სულ რამდენი "სეივი" გქონდათ?
- პირველ ტაიმში იყო რამდენიმე ნორმალური "სეივი", მეორეში ბევრი საქმე არ მქონია.

- "პორტუში" ძალიან ბევრმა კარგმა ფეხბურთელმა ითამაშა თქვენ წინააღმდეგ. რომელს გამოარჩევდით?
- ალჟირელ იასინ ბრაჰიმის. ძალიან ტექნიკურია.

- უნდა დაგეთანხმოთ...
- ...მაგრამ ისიცაა, რომ ანდრე სილვას ტრავმა აქვს და ამიტომაც გამოტოვა ჩვენთან მატჩი. მე ის უფრო ძლიერ ფეხბურთელად მიმაჩნია.

- ახალ წელს პორტუგალიაში შეხვდით თუ მოასწარით საქართველოში "ჩამორბენა"?
- არ გვქონდა დასვენება და ვერ ჩამოვედი საქართველოში. 29 დეკემბერსა და 3 იანვარს თამაშები იყო...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ამ ბიჭს შანსი უნდა მიეცეს
0
ეს ბიჭი მეკარეებს შორის ყველაზე კაი ლიგაში თამაშობს და კვასხვაძეზე წინაც კი არ აყენებდნენ ხოლმე, არადა ყველას ჯობია. რა პრინციპით არჩევენ ნაკრების მეკარეს ვერ გამიგია.
Giogio
15:41 05-01-2017
0

სიახლეები პოპულარული