დავით ხოჭოლავა და დონეცკის "შახტარი"? რეალურია!

AutoSharing Option
დონეცკის "შახტარში" საქართველოს ეროვნული ნაკრების 23 წლის ცენტრალური მცველის, დავით ხოჭოლავას ტრანსფერი ძალიან რეალურია. ადვილი შესაძლებელია, ხელშეკრულება უახლოეს დღეებშიც კი გაფორმდეს.

ამ ეტაპზე ფეხბურთელს აქვს რუსული ვარიანტებიც, მაგრამ, რა თქმა უნდა, პრიორიტეტული "შახტარის" ვარიანტია. ბოლო წლებში ეს გუნდი თითქმის სულ საუკეთესოა უკრაინაში და ევროთასებზეც ამბობს თავის სიტყვას. მაგალითად, პორტუგალიელი პაულო ფონსეკას გუნდმა მიმდინარე ევროპალიგაზე წარმატებით დასძლია ჯგუფური ეტაპის ბარიერი, ითამაშა რა ზედამაჯერებელი და შედეგიანი ფეხბურთი.

ხოჭოლავას აქამდე უთამაშია "სასკოში", "ოლიმპში", "სიონში", თბილისის "დინამოში", ფოთის "კოლხეთსა" და ქობულეთის "შუქურაში", საიდანაც ოდესის
"ჩერნომორეცში" გადავიდა.

სწორედ აქედან დაიწყო სრულიად ახალი ეტაპი მის კარიერაში. ის სადღეისოდ უკრაინის ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო მცველად ითვლება. ლამის ტური არ გავა, უკრაინელმა ჟურნალისტებმა ხოჭოლავაზე საქებარი სიტყვები არ დაწერონ და ჩვენებური სიმბოლურ ნაკრებში არ შეიყვანონ...

ჩვენთან საუბარში ხოჭოლავას არაერთხელ უთქვამს, რომ მის კარიერაში დიდ როლს თამაშობს საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მცველი - კახა მჟავანაძე. სწორედ ის ეხმარება ხოჭოლავას კარიერის აწყობაში. გუშინ "ლელო" უკრაინაში დაუკავშირდა მჟავანაძეს და სიტუაციაში გარკვევა სთხოვა:

"არ დავმალავ, დონეცკის "შახტარის" მხრიდან არის კონკრეტული ინტერესი, მაგრამ ჯერ კონტრაქტი არ გაფორმებულა და, აქედან გამომდინარე, ხმამაღალი განცხადებების გაკეთებას მოვერიდები. ამ საქმეს ახლა ყველაზე მეტად სიჩუმე სჭირდება. იმედია, კარგად დასრულდება ყველაფერი და ჩვენ ყველა ერთად გავიხარებთ", - გვითხრა მჟავანაძემ.

რაც შეეხება ხოჭოლავას, მის მიმართ ინტერესს რუსული პრემიერლიგის კლუბებიც იჩენენ. ეს ინფორმაცია მჟავანაძემაც დაგვიდასტურა.

"მართლაც არის ინტერესი რუსეთიდან. მაგალითად, იმავე პერმის "ამკარიდან". ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს გაჯი გაჯიევთან", - ამბობს მჟავანაძე, რომელიც საქართველოს ნაკრებში ალენ ჟირესის მწვრთნელობის დროს დამკვიდრდა.

დონეცკის "შახტარში" სხვადასხვა დროს რამდენიმე ქართველ ფეხბურთელს უთამაშია ან კლუბთან კონტრაქტით ყოფილა დაკავშირებული. ვერ ვიტყვით, რომ მათი კარიერა უკრაინულ გრანდში მაინცდამაინც წარმატებული იყო. იმედია, ხოჭოლავა "შახტართან" კონტრაქტს გააფორმებს და დონბასური კლუბისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
არვიცი ნამდვილი ამბავია თუ არა მაგრამ ჩვენთან თუ დინამოში?!))))))
svan
16:21 22-12-2016
0
ეს კაცი დინამო თბილისის მენეჯმენტმა დაიწუნა თავის დროზე:)))))))))))))) აზრზე ხართ საერთოდ რა დონის სპეციალისტები მუშაობენ ჩვენთან?:)) სამარცხვინოა
nika
14:19 22-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული