თორნიკე ოქრიაშვილი: ბევრი შეცდომა დავუშვი და აღარ მინდა, ის დრო გავიხსენო

AutoSharing Option
რუსულმა ინტერნეტპორტალმა championat.com-მა ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა საქართველოს ნაკრების შემტევ თორნიკე ოქრიაშვილთან. მას შემდეგ, რაც "ზენიტს" სუპერგოლი გაუტანა, 24 წლის ქართველი უმალ სასურველი რესპონდენტი გახდა ყველა რუსული სპორტული გამოცემისთვის...

როგორ ხუმრობს შალიმოვი?
- დავიწყოთ თქვენ მიერ "ზენიტის" კარში გატანილი სუპერგოლით. არ გაგიკვირდათ, როცა გაიტანეთ?
- "გაკვირვება" ის სიტყვა არ არის. საერთოდ ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა. გოლის შემდეგ დაახლოებით 15 წამის განმავლობაში არაფერი მახსოვს. სრულ ეიფორიაში ვიყავი. ვფიქრობ, ეს ნორმალურია, ასეც უნდა ყოფილიყო.

- თავიდანვე გადაწყვიტეთ, რომ სწორედ ასე უნდა დაგერტყათ?
- არა,
იქ ტორბინსკი მორბოდა. თავიდან გადავწყვიტე, მისთვის დამეგდო ბურთი, მაგრამ დრო აღარ იყო დარჩენილი, ვარიანტებიც აღარ მქონდა... მსაჯს შეეძლო, საფინალო სასტვენი მიეცა... და გადავწყვიტე, დამერტყა, საკუთარ თავზე ამეღო მატჩის ბედი.

- მეკარე ლოდიგინი გატანაში ძალიან დაგეხმარათ?
- რა თქმა უნდა. მან კარის ხაზი დაკარგა. არ ელოდა ჩემგან ასეთ დარტყმას და ამიტომაც ვერაფერი გააწყო. ისე, თეორიულად, ამ ბურთის მოგერიება შესაძლებელი იყო.

- კლუბის პრეზიდენტმა გალიცკიმ როგორ მოგილოცათ შედევრი?
- მას დღემდე ძალიან მოსწონს გოლი, რომელიც საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ბელორუსს გავუტანე. ის გასახდელში შემოვიდა და მითხრა - გილოცავ, დღეს შენ იმაზე უკეთესი გაიტანე, ვიდრე ბელორუსთანო!..

- შალიმოვი შოკში იყო თქვენი გოლის შემდეგ?
- არა, გასახდელში უკვე დაწყნარებული იყო. უბრალოდ, მადლობა გვითხრა ყველას კლასიანი "ქამბექისთვის". სამაგიეროდ, ვარჯიშზე ხუმრობდა. მე ძალიან კარგი მომენტი ვერ გამოვიყენე. დაბალი დავარტყი. დაბალს რატომ უტყამ?! "მაკრატელა" დაარტყი, აუცილებლად გაიტანო, - ასე გამეხუმრა...

- თანაგუნდელებიც ხუმრობენ ამ თემაზე?
- არა. უბრალოდ, ჩვენ ყველა ვარჯიშზე ვამუშავებთ კონკრეტულ ელემენტებს. მაგალითად, ფლანგური ჩაწოდებების შემდეგ "მაკრატელა" დარტყმებს. ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას არა, მაგრამ მე მიყვარს ასე დარტყმა. სადღეისოდ, ეს ჩემს კარიერაში ყველაზე ლამაზი გოლია. ადრეც გამიტანია ლამაზი გოლები, მაგრამ ასეთი მნიშვნელოვანი - არასოდეს.

- და ბოლო კითხვა გოლზე. ამიერიდან სავარჯიშო შარვალს სულ მიმტან ბიჭუნას მისცემთ თამაშის დაწყებამდე, როგორც ეს გააკეთეთ "ზენიტთან" მატჩამდე?
- ის, რაც ვთქვი მატჩის შემდეგ, ხუმრობა იყო. ეს არ იქნება ტრადიცია. დამცხა გახურების დროს, სულ ოფლიანი ვიყავი. თუ ოფლიანი ხარ, უნდა გაიხადო საწვრთნელი შარვალი და "მაკრატელათი" გაიტანო, სახალხო მეთოდია... (იცინის).

გროზნოში გაიტანეს და... ეგრევე ლეკური...
- ცოტა ხნის წინ შალიმოვმა თქვა, რომ "კრასნოდარის" თამაშის ხარისხი ყველაზე უკეთესია პრემიერლიგაში. ეთანხმებით ამ შეფასებას?
- რა თქმა უნდა! რუსეთის ჩემპიონატში ბევრი ძლიერი გუნდია, თუმცა ჩვენ სხვანაირად თამაშს ვცდილობთ. ბურთი სულ ძირს არის, სულ მოკლე პასი... ასე ვთამაშობთ მაშინაც კი, თუ ყველაფერი არ გამოდის. ჩემი აზრით, ძალიან მაგარი სტილია.

- შეიძლება ითქვას, რომ კარერას "სპარტაკი" ალენიჩევის "სპარტაკის" გზას მიჰყვება. შეიძლება იგივე ითქვას "კრასნოდარზე", შალიმოვსა და კონონოვზე?
- "კრასნოდარში" რომ მოვედი, რამდენიმე დღე ვივარჯიშე და კონონოვმა გუნდი დატოვა. სასიამოვნოა, რომ წინა მწვრთნელმა გუნდს ბევრი მისცა, დაამკვიდრა ასეთი სტილი. შალიმოვს რევოლუცია არ მოუხდენია. ჩვენ ისეთი მჭიდრო გრაფიკით ვთამაშობთ, არც არის თამაშში გლობალური ცვლილებების შეტანის საშუალება.

- "ზენიტთან" გატანილი გოლის შემდეგ მოსალოდნელი იყო, რომ "ტერეკთან" ძირითადში ითამაშებდით. ერთია, იყოთ "ჯოკერი" და მეორე - თავდაუზოგავად ირბინოთ მთელი 90 წუთი...
- ძალიან რთული თამაში გამოვიდა. არ მეგონა, თუ ასე გაგვიჭირდებოდა. "ტერეკს" ყველაფერი გამოუვიდა, ჩვენ კი უამრავი შეცდომა დავუშვით. რა თქმა უნდა, მე პირველივე წუთიდან თამაში მინდა. არ მიყვარს თადარიგში ყოფნა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, "ჯოკერობა" უფრო იოლია. ჩემს წინა კლუბებში თითქმის ერთნაირი ფეხბურთი იყო - ზონაში გახსნა და მორჩა. "კრასნოდარში" ყველაფერი სხვანაირადაა. ბევრი გადაადგილება, საინტერესო შეტევები... ამას შეჩვევა სჭირდება.

- დიქტორი გროზნოში მაგრად გიშლიდათ ხელს?
- არა. უკრაინაში ხშირად უჭერენ მხარს საკუთარ გუნდს რუპორით. ძალიან გამაკვირვა ლეკურმა "ტერეკის" გოლის შემდეგ. წარმოიდგინეთ - გადის გოლი და... ეგრევე ლეკური...

- რა თქვა ვლადიმირ ბისტროვმა, როცა "კრასნოდარში" გნახათ?
- ქართველო, გამარჯობაო! ჩვენ ხომ დიდი ხნის წინ "ზენიტის" ვარჯიშზე შევხვდით ერთმანეთს. მასთან ვერ მოიწყენ, ყველგან ხუმრობს...

სპალეტის "ზენიტში" დღეში შვიდ საათს ვვარჯიშობდით...
- წარსულშიც გავიხედოთ. 18 წლის ოქრიაშვილმა დაიჯერა, რომ მას საქართველოდან პირდაპირ "ზენიტში" დაუძახეს?
- თავიდან არც კი ვიცოდი, რომელ გუნდში წავიდოდი. ჯერ მითხრეს, რომ ავსტრიის ძლიერ გუნდთან ერთად ვარჯიშის საშუალება იყო. მერე თემურ ლეფსაიამ მითხრა, რომ ავსტრიული გუნდი კი არა, "ზენიტი" ყოფილა. დიდი მადლობა მას ამისთვის!

- გამიგია, რომ ლუჩანო სპალეტი თქვენით აღტაცებული იყო...
- სულ მცირე, ის მე მამჩნევდა. პირველივე ვარჯიშზე დუბლი შევასრულე და ამით წარმოვაჩინე თავი. სპალეტი არასოდეს მაკრიტიკებდა. პირიქით, ყურადღებას მაქცევდა, მაქებდა...

- მაშ, რა არ გამოვიდა?
- შეკრების ბოლოს სპალეტი მოვიდა ჩემთან და მითხრა - კარგი ფეხბურთელი ხარ, მაგრამ პირველ გუნდში შენი თამაში ჯერ ადრეაო. საქართველოს შემდეგ "ზენიტის" დონით შოკირებული ვიყავი. კერჟაკოვი, ბისტროვი, ანიუკოვი... ამ გუნდში ხომ რუსეთის საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობდნენ. შეიძლებოდა ჩემი დატოვება და გაზრდა, მაგრამ... სხვანაირად გამოვიდა.

- ვინ დაგეხმარათ "ზენიტში" ყველაზე მეტად? ვინ აიღო მეურვეობა ახალგაზრდა ქართველზე?
- პატარა, მელოტი იტალიელი... გვარი ამომივარდა თავიდან... მოიცათ... აჰა, გამახსენდა - როზინა! ძალიან კარგი კაცი... პირველი ვარჯიშის შემდეგ სასადილოში ყველასგან მოშორებით დავჯექი. ის მომიახლოვდა და ინგლისურად მითხრა - მოდი, ჩვენს მაგიდასთან დაჯექიო...

- უძლებდით სპალეტის დატვირთვებს?
- შოკში ვიყავი. დღეში შვიდი საათი ვმუშაობდით. სამი ვარჯიში გვქონდა. ნომრამდე ძლივს მივდიოდი, თუმცა არავისთვის მიკითხავს - როგორ უძლებთ-მეთქი? მორიდებული ვიყავი. ახლა მივეჩვიე ყველაფერს. უკრაინულ დატვირთვებთან შედარებით რუსული არაფერია. კუპერის ტესტს სულ ვაბარებდი. "ილიჩევეცში" იყო მწვრთნელი, რომლის შესახებ მთელმა უკრაინამ იცის: მას ყველაზე მეტად უყვარს, როცა მისი შეგირდები დარბიან. იმდენი ვირბინე...

- ქართველი ხართ თუ კენიელი?
- დიახ, "ილიჩევეცში" ბიჭებმა "კენიელი" შემარქვეს. ქართველები კი ამბობენ, რა ქართველი ხარ, ამდენს რომელი ქართველი დარბის, კენიელი ხარო?.. მოკლედ, უსეინ ბოლტი ვარ (იცინის).

- რას იზამდა ადრიანო ჩელენტანო, რომ გაიგოს, როგორ მღერით მის სიმღერას?
- საიდან იცით ეს ისტორია? ოთხი წლის წინ, დაბადების დღეზე ვიმღერე ეს სიმღერა მეგობრების წრეში. არც კი ვიცოდი, თუ ცნობილი ფაქტი იყო. თამადამ თქვა - აბა, იტალიურად ვინ იმღერებსო. ავიღე მიკროფონი და ვიმღერე. რა თქმა უნდა, ცუდად გამომივიდა. ჩელენტანო თავს ჩამოიხრჩობდა, ეს რომ მოესმინა...

"შახტარს" ვჭირდებოდი, მაგრამ...
- მართალია, რომ "შახტარში" თქვენი ეიმედებოდათ?
- ინტერესი ძალიან დიდი იყო. დამარწმუნეს, რომ "შახტარს" ვჭირდებოდი. ისინი ხედავდნენ ჩემში პოტენციალს და უნდოდათ, ის განევითარებინათ. ალბათ, არ აცნობეს ლუჩესკუს ამის თაობაზე...

- მან თქვენ პირადად დაგბლოკათ?
- ზედაც არ მიყურებდა! ვარჯიშებზე საერთოდ ვერ მამჩნევდა. გამოვდიოდი, ვცდილობდი, მაგრამ ვხვდებოდი, რომ ლუჩესკუსთვის სულერთი იყო. "ზენიტის" ვარჯიშებზე ჩანდა, როგორ აკვირდებოდა სპალეტი ახალგაზრდა ფეხბურთელებს. ლუჩესკუზე კი ამას ვერ ვიტყვი.

- ბრაზილიური "შახტარის" ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება რეალური იყო?
- იქ ახალგაზრდების არ ეიმედებოდათ. ბრაზილიელები კი სრულ წესრიგში იყვნენ. ალბათ, ესეც იყო მიზეზი, რომ ახალგაზრდებს არ მოგვცეს შანსი...

- "ზენიტის" კარში გატანილი გოლი - ეს იყო შურისძიებაც ლუჩესკუზე?
- შურისძიება გამორიცხეთ! არ მაქვს არანაირი პირადი პრეტენზია ლუჩესკუს მიმართ. უბრალოდ, მე ვიყავი ბედნიერი, რომ გავუტანე "ზენიტს" და ლუჩესკუს.

- რინატ ახმეტოვმა იმთავითვე შემოგთავაზათ სოლიდური ხელფასი - 15 ათასი ევრო...
- ეს ისეთი სასიამოვნო იყო... საქართველოში 500 დოლარს ვიღებდი. შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ? გავიგე თუ არა "შახტარში" ხელფასის შესახებ, მაშინვე დავურეკე მშობლებს, მეზობლებს, ნათესავებს...

- ბელგიაში გატარებულ პერიოდზე გკითხავთ. ჰყვებიან, რომ ნასვამ მდგომარეობაში მართავდით ავტომობილს, ჩხუბობდით თანაგუნდელებთან...
- უნდა ვაღიარო, რომ თითქმის ყველაფერი სწორია. ცხოვრებაში ბევრი შეცდომა დავუშვი. ამის გამო ძალიან ვწუხვარ. ამ ყველაფერმა შემიშალა ხელი როგორც ადამიანს და როგორც ფეხბურთელს. აღარ მინდა, ის დრო გავიხსენო. ამის გამო უკვე გავიღე საზღაური და ახლა მინდა, მხოლოდ ფეხბურთი ვითამაშო. ვაჩვენო რუსეთში, რომ ოქრიაშვილი ძლიერი, მაღალი კლასის ფეხბურთელია...

ვიზაზე მოვყვები ერთ ამბავს. საქართველოდან ბელგიაში ვბრუნდებოდი. თურქეთის საზღვართან გაირკვა, რომ ჩემს დროებით ვიზას ვადა გაუვიდა. ეს კლუბს უნდა ეკონტროლებინა და არა - მე. "გენკმა" ყველაფერში მე დამადანაშაულა. სამი დღე სტამბოლში ვიყავი. მერე კლუბმა გამართა მოლაპარაკება და დავბრუნდი ბელგიაში. შაბათს დავბრუნდი, კვირას კი უკვე ვითამაშე "გენკში"...

- თქვენ არ მოგწონდათ "გენკის" მწვრთნელი რობ მაასი...
- არა მხოლოდ მე, არამედ "გენკის" თითქმის ყველა ფეხბურთელს არ მოსწონდა ის. მაასი ყოფილი მეკარეა და მას, ასე ვთქვათ, მეკარის სტილში მიჰყავდა საწვრთნელი პროცესი. ვარჯიშის დროს თითქმის მხოლოდ გრძელ გადაცემებს ვაკეთებდით და ბურთისთვის ვიბრძოდით. არანაირი კომბინაცია, არანაირი მრავალფეროვნება...

ხდებოდა ისეც, რომ მივდიოდი და ვეუბნებოდი - ეს რა ვარჯიშია-მეთქი? ცხადია, ასეთი ეპიზოდები ხელს არ უწყობდა ჩვენს მეგობრობას...

- ასეთი ვარჯიშების შემდეგ ნორმალურად თამაშობდით?
- ვთამაშობდით და იცით, რატომ? იმიტომ, რომ არ ვაკეთებდით იმას, რასაც მაასი ითხოვდა. ვცდილობდით, პასი მიგვეცა, გაგვეთამაშებინა ბურთი... ამის გამო ის ძალიან ბრაზდებოდა. როცა ვიგებდით, ის არაფერს ამბობდა. სხვათა შორის, ის დღესაც "გენკში" მუშაობს. გავიგე, რომ შესაძლოა, დაითხოვონ. ასე რომ, ახლა "კრასნოდარში" ფეხბურთისგან "ვკაიფობ". ვარჯიშებზე კი არ იტანჯები, სიამოვნებას იღებ. მოდიხარ და გინდა ფეხბურთის თამაში...

- ბელგიას დიდებული თაობა ჰყავს. იოლი არ უნდა იყოს ძირითადში მოხვედრა უცხოელისთვის, როცა გვერდით ათი მომავალი "აზარი" და "ლუკაკუ" გყავს...
- ამ ქვეყანაში მართლაც ძალიან ბევრი ტალანტია. ბელგიაში იციან ფეხბურთელებთან მუშაობა, იციან, რომ ახალგაზრდებს შანსი უნდა მისცე, რომ გაიზარდონ...

თურქეთში საჭმლისთვის ვთამაშობდი
- თქვენი კარიერის თურქული ეტაპი რით დაგამახსოვრდათ?
- იმით, რომ ხელფასს არ იძლეოდნენ. "ესქიშეჰირში" ხუთი თვის ყოფნის განმავლობაში მე ფული არ მინახავს. მას შემდეგ, რაც მაასთან კონფლიქტი მომივიდა, "გენკიდან" სადმე უნდა წავსულიყავი. სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს გამოჩნდა თურქული ვარიანტი. "ესქიშეჰირის" ფინანსურ მდგომარეობაზე საერთოდ არ ვიცოდი. ჩავედი და ბიჭები მეუბნებიან, კლუბს ვალები აქვს, ხელფასს არც კი ელოდოო.

- საჭმლისთვის თამაშობდით?
- ზუსტად ასე იყო და ბევრჯერ მიხუმრია კიდეც ამაზე. კლუბის ბაზაზე ნორმალური, უფასო კვება იყო. ისე, არ ვნანობ - იყო ცხოვრების საშუალება, თურქეთის ჩემპიონატი კლასიანი პირველობაა. ატმოსფერო ტრიბუნებზე კი... შესანიშნავად ქომაგობენ, ფეხბურთი ძალიან უყვართ. ჩვენი 30-ათასიანი სტადიონი სულ ივსებოდა. და ეს იმ პირობებში, როცა პირველი წრე ჩემს არყოფნაში "ესქიშეჰირმა" ცხრილის ბოლო საფეხურზე დაასრულა. სტამბოლში გასვლით თამაშზე კი 15 ათასი ქომაგი გამოგვყვა გუნდთან ერთად. ასეთ ატმოსფეროში ტვინი ორმაგად სწრაფად მუშაობს, ძალიან სასიამოვნოა თამაში.

- ცოტა ხნის წინ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში უელსს გაუტანეთ და სცადეთ "რაკეტის", იმავე გარეთ ბეილის დაწევა...
- ის ძალიან მაგარია. რამდენჯერმე ვცადე ბურთის ართმევა, ვცადე, გამომეცნო, რას გააკეთებდა. როცა ფიქრობ, რომ გამოგივა ყველაფერი, ბეილი სწორედ მაშინ გატყუებს. ბურთს ვერაფრით აართმევ. ერთმა რამემ კი ძალიან გამაკვირვა. ვერ გავიგე, რატომ აწვდიდა ბეილი ყველა აუტს. 50 მეტრიც რომ იყოს მოწინააღმდეგის კარამდე, მაინც ბეილი მირბის ჩასაწოდებლად. ფლანგს არ აქვს მნიშვნელობა. თითქოს, სტაჟიანი აუტისტი იყოს...

მართლაც უცნაურია - 100 მილიონი ღირხარ და აწვდი აუტებს. ეს არ არის შენი სამუშაო. წავიკითხე ბრიტანული პრესა. ისინიც შოკში არიან ამის გამო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
გენაცვალე ოქრი, წარმატებები და წინსვლა გქონოდეს სულ. გისურვებ უმაღლესი კლასის გუნდში გადასულიყავი
patrioti
00:52 08-12-2016
0
მეც მაგრად მიყვარს ძალიან მაგარი ფეხბურთელია
odalas
21:00 07-12-2016
0

სიახლეები პოპულარული