ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ლეგიონი: გიორგი არაბიძე - ამჯერად მხოლოდ საგოლე გადაცემა

AutoSharing Option
უკრაინის 21-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი ტური გამართა დონეცკის "შახტარმა", რომლის რიგებშიც გიორგი არაბიძე ასპარეზობს. მეოთხე ტურში "შახტარი" ლვოვის "კარპატს" ესტუმრა და მხოლოდ ქულას დასჯერდა - 1:1.

არაბიძე დონეცკელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა. "შახტარის" ოფიციალური საიტის ინფორმაციით, არაბიძე მოედანზე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო. ქართველმა შემტევმა, მართალია, ამჯერად გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ საგოლე გადაცემა კი მიითვალა.

არაბიძეს, რომელმაც 21-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ სამ ტურში გაიტანა, გოლის გატანა უკვე მატჩის მე-4 წუთზე შეეძლო, თუმცა მისი სახიფათო საჯარიმო დარტყმა "ცხრიანიდან" მეკარემ მოხსნა. პირველ
ტაიმში გიორგიმ მეტოქის კარის აღება შორეული დარტყმითაც სცადა, თუმცა ამჯერადაც მეკარემ იყოჩაღა. მატჩის 78-ე წუთზე გიორგიმ საჯარიმო მოიპოვა, რომლის შესრულება თავადვე ითავა: ბურთი მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა, ნიკიტა ადამენკომ კი თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.

4 ტურის შემდეგ არაბიძის ანგარიშზე 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა, "შახტარი" კი 10 ქულით სატურნირო ცხრილს სათავეში უდგას. მომდევნო შეხვედრას დონეცკელები 20 აგვისტოს, "დნიპროს" წინააღმდეგ გამართავენ.
ასევე დაგაინტერესებთ