ნიკა კვეკვესკირი: ქართული გუნდის წინააღმდეგ თამაში ძალიან ძნელი ყოფილა

AutoSharing Option
ევროპალიგის გათამაშებაში "სამტრედია" აზერბაიჯანულ "გაბალას" ბარიერს ვერ გასცდა და ტურნირს პირველივე საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოეთიშა. მაგრამ გია ცეცაძის გაწვრთნილებმა ზესტაფონში საპასუხო შეხვედრა მაინც მოიგეს (2:1), რითიც ჩვენი მეზობლები უკმაყოფილონი დარჩნენ.

- სამტრედია-გაბალა 2:1 - კარის გაჯახუნება [VIDEO]
- გაბალა-სამტრედია 5:1 - დიდი იმედგაცრუება [VIDEO]

"ვერ ვიტყვით, რომ "გაბალამ" იმედები გაგვიცრუა, მაგრამ ნამდვილად ვერ გაგვახარა. საპასუხო შეხვედრაში ის სულ სხვა გუნდი იყო... (ზესტაფონში) "სამტრედიამ" უკეთესად ითამაშა - ეს ფაქტია. "გაბალა" ძალიან ცუდიც არ იყო, მაგრამ უფრო საინტერესოდ თამაშიც შეეძლო. გვქონდა იმედი, თავად
თუ არ შექმნიდა, გონივრულად ითამაშებდა და მასპინძლებს მომენტების შექმნის უფლებას არ მისცემდა. ასე არ მოხდა. "გაბალა" ენერგიის დაზოგვას ცდილობდა და მეტოქე ვერ დააფასა", - წერს "აზერისპორტი".

"გაბალას" ქართველმა ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა კი "ლელოსთან" არ დამალა, რომ "სამტრედიასთან" თამაში გაუჭირდა:

"ქართული გუნდის წინააღმდეგ თამაში ძალიან ძნელი ყოფილა. ბაქოს მატჩის წინაც ვნერვიულობდი, მაგრამ ზესტაფონის შეხვედრაში მოედანზე გასვლა კიდევ უფრო რთული აღმოჩნდა.

მე ის მახარებს, რომ "სამტრედია" ძალიან კარგი ბიჭებისგან შემდგარი გუნდია და თუ მისი შენება გაგრძელდება, დარწმუნებული ვარ, შემდეგ სეზონში ბევრად ძლიერი იქნება".

"ლელო" "გაბალას" მთავარ მწვრთნელ რომან გრიგორჩუკსაც ელაპარაკა:

"ეს მატჩი ჭკუის სასწავლებლად გამოგვადგება. მატჩამდე ფეხბურთელებს ვეუბნებოდი, რომ ქართველებმა მოულოდნელი აფეთქება და ბრძოლა იციან და არ მოეშვათ-მეთქი. მაგრამ მობილიზაცია მაინც ვერ მოახერხეს და წაგება ლოგიკური იყო.

საერთოდ, მე კომპლიმენტად კი არ ვამბობდი, ქართველებმა ფეხბურთის თამაში იციან-მეთქი. ეს ფაქტია, რაც "სამტრედიამაც" დაადასტურა. პირველ შეხვედრაში გუნდი გამოუცდელობამ დააღალატა. ზესტაფონში კი მებრძოლი და აგრესიული გუნდი ვიხილეთ.

ამ გუნდის და მისი მწვრთნელის მიმართ საქებარ სიტყვებს არ დავინანებ. ეს არის ახალგაზრდული და ძალიან სიმპათიური გუნდი, რომელსაც მომავალი აქვს".

აზერბაიჯანელთა ახალგაზრდა თავდამსხმელი ტელურ მუტალიმოვი ამბობს, რომ შედეგი არ გაჰკვირვებია:

"ბაქოს მატჩის შემდეგ ვამბობდი, რომ "სამტრედია" ძლიერი გუნდი იყო. ამაში ზესტაფონური მატჩის შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. ანგარიში ამიტომაც არ გამკვირვებია".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ყველაფერს მართალს ამბობენ თუ სამტრედიამ ამ შემადგენლობით სამი ოთხი წელი ერთად გაატარა ეს გუნდი საქართველოში ხო არაა ლაპარაკი და ევროპულ სარბიელზეც დატოვებს კვალს ძალიან ძლიერი გუნდია ეს ბაქოშიც ეტყობოდა ყოჩაღ ცეცაძეს კაი გუნდს აშენებს
devi
16:05 11-07-2016
0
ყველაზე ადეკვატური კომენტარები მეზობელი ქვეყნიდან))) მშვენივრად ლაპარაკობდნენ( ნუ რეალურად ეგრე მაინც არ ფიქრობენ:D))
svani
14:15 11-07-2016
0

სიახლეები პოპულარული