აღმოვაჩინე, რომ ამ სიმღერას მამაჩემი მღეროდა... უცნობი და საინტერესო ზურაბ ცისკარიძე

AutoSharing Option
ვინ არის ეროვნული ნაკრების ახალი წევრი ზურაბ ცისკარიძე, საიდან მოხვდა ცნობილი საოპერო მომღერლის, უფროსი ზურაბ ცისკარიძის თბილისში დაბადებული ვაჟი პოლონეთში, ბრაზილიასა და ამერიკაში.

ჩეხური "ტეპლიცეს" ქართველმა უნივერსალმა ენერგიული, აგრესიული და თანამედროვე ფეხბურთით თავი მოაწონა გულშემატკივარს და ვფიქრობთ, მასთან ინტერვიუ დაგაინტერესებთ...

დიღომში მიღებული ემოციები
- თქვენზე ბევრი რამ დაწერილა, მაგრამ დავიწყოთ თავიდან...
- ჯერ სხვა რამ მინდა ვთქვა: მადლობა ქართველობას, რომელთა გასაოცარმა სითბომ და თანადგომამ კიდევ ერთხელ მაჩვენა, რომ აბსოლუტურად სწორი ნაბიჯი გადავდგი, როდესაც საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი გამოვთქვი. სიტყვებით ამ ყველაფრის
გადმოცემა შეუძლებელია - ეს იყო უდიდესი სიხარული.

რაც შეეხება ჩემს ბავშვობას, თბილისში დავიბადე და 5 წლამდე დიღომში ვიზრდებოდი. 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მთელი ოჯახით პოლონეთში, კერძოდ, ვარშავაში გადავედით, იქიდან კი მამა ამერიკაში გაემგზავრა.

წარმოგიდგენიათ? ჩემს ქალაქში, ჩემს სამშობლოში 24 წელი არ ვიყავი ნამყოფი. ახლა რომ ჩამოვედი, ჩემი საცოლეც თან მახლდა. მას თავად სურდა, ენახა და დაეთვალიერებინა ის ადგილები, სადაც დავიბადე, გავიზარდე, რა ქალაქია თბილისი... მივედი დიღმის მე-2 კვარტალში, სადაც ბავშვობაში ვცხოვრობდი და ვთამაშობდი. ეს სახლი თბილისის "დინამოს" ბაზის სიახლოვესაა. ჩემდა გასაოცრად, იქ რამდენიმე მეზობელმა მიცნო და ისეთი სითბო ვიგრძენი...

საერთოდ, საქართველოში ძალიან დიდი ემოციები მქონდა, რომლის გადმოცემაც შეუძლებელია.

...ამ სიმღერას მამა მღეროდა
- ქართული საერთოდ არ იცი?
- თბილისის შემდეგ ათი წელი პოლონეთში ვცხოვრობდი, მერე კი - შტატებში. დღემდე ინგლისურად და რუსულად ვლაპარაკობ და კიდევ 4 ენა ვიცი. თუმცა, ჩემდა სამარცხვინოდ, ქართული დღემდე ვერ ვისწავლე.

რუსი მამინაცვალი მყავდა, რომელიც დედასთან ქართულად ლაპარაკს მიშლიდა. ერთი ვიცი: შე მაიმუნო და რაღაც მსგავსი (იცინის)... ბევრი რამ მესმის, ოღონდ ვერ ვლაპარაკობ. სხვათა შორის, ამერიკაში მამასთან 14 წლის გადავედი და მან ენა ასე თუ ისე გამახსენა, მაგრამ ამ ასაკში სახელმძღვანელოების გარეშე ენის სრულყოფილად ათვისება ძნელი იყო.

მამა, ზურაბ ცისკარიძე ანსამბლ "ივერიის" სოლისტი გახლდათ იმ პერიოდში, როცა თბილისის "დინამო" ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იყო... მაგრამ მე ძალიან მაგარი რამ არ მცოდნია.

ეს ამბავი თბილისში, შეკრებაზე ჩამოსულმა, შემთხვევით შევიტყვე - ხომ იცით ცნობილი სიმღერა "დინამო", "დინამო"? თბილისში ყოფნისას, ნაკრების წევრები თბილისის "დინამოსა" და ქობულეთის "შუქურას" თამაშს დავესწარით და სტადიონზე ეს სიმღერა ჩართეს. უცებ ხმა მეცნო, ყურადღებით მოვუსმინე და დავაფიქსირე, რომ ეს მამაჩემის ხმა იყო!

იცით, როგორი სიამაყე დამეუფლა? ეს ბევრმა საქართველოშიც არ იცის, მე კი ბედნიერი ვარ, ქართული ფეხბურთის არაოფიციალურ ჰიმნს მამაჩემი რომ მღერის. თავად აზარაშვილის ეს სიმღერა კი 1976 წელსაა ჩაწერილი.

ამერიკა, აზია, ევროპა
- როგორც ვიცი, თამაში პოლონეთში დაიწყე...
- დიახ, პოლონეთში, მაგრამ 2001 წელს ამერიკაში გადავედი და სკოლა იქ დავამთავრე. 2004 წელს კი ბრაზილიაში წავედი და ლიმეირას "ინტერნასიონალისა" და "გრემიო ბაუერის" ახალგაზრდულ გუნდებში ვთამაშობდი. მაგრამ 2007 წელს ამერიკაში დავბრუნდი და "კანზას სიტიში" ჩავირიცხე. თუმცა იმავე წელს პირველი პროფესიული კონტრაქტი გავაფორმე და საფრანგეთის მესამე დივიზიონის "სეტეში" გადავედი.

აქედან დაიწყო ჩემი კარიერა. მერე იყო ისევ ამერიკული "მაიამი", კანადური "ვანკუვერ უაითქეპსი", "მინესოტა სტარსი"... მინესოტაში კონტრაქტი არ გამიგრძელეს და კანადურ "მონრეალ იმპაქტში" გადავედი. მითამაშია რუსეთში, შვედეთში, ტაილანდში - ეს ჩემპიონატი ევროპელებს არაპრესტიჟული ჰგონიათ, მაგრამ იქ საკმაოდ მაღალი დონეა და მაყურებელი ტრიბუნებს სულ ავსებს. ისევ ამერიკაში დავბრუნდი და ბოლოს ჩეხეთში მოვხვდი.

ევროპაში თამაში სულ მინდოდა, რადგან იქ უპირატესობას ტაქტიკურ და რაციონალურ თამაშს ანიჭებენ. ეს კი ჩემთვის საინტერესო იყო.

- პერმის "ამკარში" 3 თამაშზე მეტი რატომ არ ჩაატარე?
- გუნდში ერთმა მწვრთნელმა მიმიყვანა, რომელიც მოხსნეს და მისი შემცვლელი აღარ მენდობოდა. ბანალური ისტორიაა.

ცენტრიდან გატანა ესპანეთთანაც მსურდა
- შენზე ინფორმაციებს პერიოდულად ვეცნობოდით. მერე მთელმა მსოფლიომ ნახა, "სან ანტონიო სკორპიონსში" საკუთარი ნახევრიდან რომ გაიტანე...
- ფაქტობრივად, საკუთარი საჯარიმოდან დავარტყი. ეს 2015 წელს მოხდა. "სან ანტონიო" ჩრდილოეთ ამერიკის საფეხბურთო ლიგაში იყო. ეს რანგით მეორე დონეა.

- მერე თანამედროვე ტექნოლოგიებით დაიანგარიშეს, რომ გოლი 55 მეტრიდან გაგიტანია, მაგრამ მანძილი უფრო შორი მეჩვენა: მოედანი 105 მეტრი მაინც იქნება, შენ კი საჯარიმო რკალის სიახლოვიდან, ანუ 60 მეტრიდან დაარტყი...
- დიახ, ასე იყო. სხვათა შორის, ეს პირველად 2013 წელს შევძელი - მაშინ შვედეთში, "იონჩოპინგს სეტრაში" გამოვდიოდი. "იუთუბზე" ამ გოლის ჩანაწერიც მოიპოვება, მანძილი მაშინაც გაზომეს და აღმოჩნდა, რომ 65 მეტრიდან დამირტყამს.

- შორიდან დარტყმა კარგია, მაგრამ სარისკოც...
- მართალია, უფრო დაცვითი სტილის მოთამაშე ვარ, მაგრამ ცალი თვალით სულ მეკარეს ვუყურებ, კარი ხომ არ აქვს დატოვებული. ესპანეთის ნაკრებს რომ ვეთამაშეთ, დე ხეას ბევრჯერ გავხედე - წინ ხშირად გამოდიოდა და რამდენიმე ეპიზოდში დარტყმა შეიძლებოდა...

სხვათა შორის, ასეთი დარტყმები ბრაზილიელმა ზინიომ მასწავლა, რომელიც 1994 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ის ფლორიდაში, ლოდერდეილის "სთრაიქერსში" მავარჯიშებდა.

გუნდმა თავისიანად მიმიღო
- ...ამასობაში, გავიდა წლები და საქართველოს ნაკრებში მხოლოდ 29 წლისა მიგიწვიეს...
- სხვათა შორის, ამ შანსს 2011 წლიდან ველოდი. მაშინ პერმის "ამკარში" ვთამაშობდი. ისე მოხდა, რომ რუსეთის პრემიერლიგაში დებიუტი ერთდროულად ორ ქართველს გვქონდა - ყაზანის "რუბინს" შევხვდით, სადაც მაშინ საბა კვირკველიამ პირველად ითამაშა. ის იყო პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელიც გავიცანი.

მერე ჩეხეთში ლევან ყენიას შესახებ შევიტყვე. ძალიან ტექნიკური ფეხბურთელია, მაგრამ მის წინააღმდეგ არ მითამაშია, რადგან ზუსტად იმ მატჩში ვიყავი დისკვალიფიცირებული წითელი ბარათის გამო...

ამ შეკრებაზე კი ლადო დვალიშვილს დავუახლოვდი, რომელიც პოლონეთში თამაშობს და საერთო ენა იოლად გამოვნახეთ.

- "ავტობუსი"- აი, როგორია საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების "შიდა სამზარეულო" [VIDEO]
- საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების ემოციები გასახდელში [VIDEO]

- ვლადიმირ ვაისი საიდან გიცნობდა?
- მე ხომ ჩეხეთში ვთამაშობ, სლოვაკები კი იქაურ ჩემპიონატს კარგად იცნობენ და ჩემი არსებობა იქიდან შეიტყო - დამიკავშირდა და ნაკრებშიც მათამაშა. სხვათა შორის, ეს აუცილებლად უნდა ვთქვა: ბიჭებმა ძალიან მეგობრულად მიმიღეს, თუმცა ურთიერთობაში აუტსაიდერი ვარ (იცინის).

- რას გულისხმობ?
- ქართული რომ არ ვიცი, ხუმრობას ყველაზე გვიან მე ვხვდები. მაგრამ შეკრების ბოლოს გავაცნობიერე, რომ გუნდმა თავისიანად მიმიღო და ეს ყველაზე მეტად გამიხარდა.

სტილი კლიმატის ბრალია
- საერთოდ, თვალშისაცემი იყო, რომ ქართველებისგან განსხვავებულად თამაშობდი, ბურთს არ აყოვნებდი, ერთი შეხებით ცდილობდი პასის გაკეთებას...
- ეს ბუნებრივია, მე რომ სხვა სტილის ფეხბურთს ვთამაშობ. პოლონეთსა და ამერიკაში ვვარჯიშობდი. სხვათა შორის, ტაილანდის ჩემპიონატში თამაშისას მივხვდი, ჩრდილოელებისა და სამხრეთელების სტილი რატომ განსხვავდებოდა.

- ...და რა დასკვნა გამოიტანე?
- ყველაფრის თავი და თავი სამხრეთული კლიმატია. სიცხეში ადამიანები ისე სწრაფად ვერ მოძრაობენ, როგორც ცივ ჩრდილოეთში, სადაც ეს აუცილებელია, რადგან სხვაგვარად ვერც იცხოვრებენ. მე ფეხბურთელად ჩრდილოეთში ჩამოვყალიბდი, ამერიკაში კი აქცენტი სისწრაფესა და ფიზიკურ მომზადებაზე კეთდება... აქედან დავასკვენი, ქართველები ნელა, აფეთქებებით რატომ ვთამაშობთ. მაგრამ ესპანეთი კარგი მაგალითია საიმისოდ, თუ როგორ შეიძლება ამის სასიკეთოდ გამოყენება.

მაგრად მინდოდა გატანა
- მართალია, რუმინეთთან 1:5 წავაგეთ, მაგრამ შენი თამაში ყველასთვის აღმოჩენა იყო...
- მსგავსი ემოცია არცერთი შეხვედრიდან არ მიმიღია, ესპანეთთან მოგებას თუ არ ჩავთვლით. ისეთი მობილიზებული ვიყავი, როგორც არასდროს - ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ერთხელ გაქვს და ეს შანსი უნდა გამოიყენო.

- რუმინეთი-საქართველო 5:1 - საბრალონი! [VIDEO]

ზოგს ეს ბედნიერება 18, 19 ან 20 წლის ასაკში ჰქონია, მე კი ეს დღე 29 წლისას დამიდგა და მეორე შანსი აღარ მომეცემოდა. ამისთვის ვლადიმირ ვაისს უზომოდ ვემადლიერები. გამიხარდა, რომ სადებიუტო შეხვედრაში საგოლე გადაცემა გავაკეთე.

- რუმინეთთან გატანაც შეგეძლო...
- გატანა მაგრად მინდოდა. შანსიც გამოჩნდა, რუმინელებმა საჯარიმოში სივრცე გაათავისუფლეს და ვაისმა დამიყვირა, შეტევაში წადიო. ამ დროს მარჯვენა ფლანგიდან ბურთი საჯარიმოში ჩააწოდეს, მაგრამ ვერ ვწვდებოდი, გავსრიალდი და მოუხერხებლად დავარტყი. არადა, საგოლე გადაცემა და გოლით დებიუტი ძალიან მაგარი იქნებოდა.

- ესპანეთთან თამაშზე რას იტყვი?
- ეს წარმოუდგენელი სიხარული იყო. ესპანელებს არც სჯეროდათ, რომ წააგეს. მატჩის შემდეგ დავიდ სილვასთან მაისურის გასაცვლელად მივედი და ტაქტიანად მითხრა, გასახდელში შევიდეთ, იქ მოგცემო. მაგრამ იქ აღარ მივსულვარ.

ესპანელები ისეთი გამწარებულები იყვნენ, მაისურა მხოლოდ ორმა ფეხბურთელმა გაცვალა.

- ესპანეთი-საქართველო 0:1 - სიზმარი თუ ცხადი? [VIDEO+PHOTO]

რონალდოს და ისლანდიის ფანი
- ევროპის ჩემპიონატზე ვის გულშემატკივრობ?
- ძალიან მომწონს ისლანდია და საერთოდ, ამ ქვეყანაში ფეხბურთის განვითარება ყველასთვის სამაგალითო უნდა იყოს. 330 ათასი ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ წარმოუდგენელია, ფეხბურთი ბევრად დიდი მოსახლეობის მქონე და უფრო მდიდარ ქვეყნებზე მეტად რომ განავითარეს.

საერთოდ, გერმანელების მიდგომა მომწონს. ერთი პერიოდი ჩააგდეს და დროულად მიხვდნენ, ლეგენდარული ფეხბურთელების ნაცვლად უფერულ მოთამაშეებს რატომ ზრდიდნენ და ბავშვთა ფეხბურთში აქცენტები შეცვალეს - ათლეტურობის გარდა, ტექნიკასაც უდიდეს ყურადღებას აქცევდნენ. ბრაზილიაში გამართულ მუნდიალზე მათ თამაშს რომ ვუყურებდი, ვერ ვხვდებოდი, ისინი სამხრეთამერიკელებისგან რითი განსხვავდებოდნენ, არც ნაკლები ტექნიკა ჰქონდათ თუ არც უარესი ვარსკვლავები ჰყავდათ.

გერმანული ფეხბურთის წინსვლა იქაური საფეხბურთო კავშირის გადაწყვეტილებამაც განაპირობა: ყველა გუნდში სამ ახალგაზრდას უნდა ეთამაშა და დონე ამითიც ასწიეს.

- რომელი ფეხბურთელი მოგწონს?
- რონალდოს ფანი ვარ.

- მესი არა?
- მესი? მე ადამიანებს შორის საუკეთესო დავასახელე, მესი კი სხვა პლანეტიდანაა და ამაზე არც ვიდავებ. რეალურად რომ ვთქვათ, რონალდო იმიტომ მომწონს, რომ მესისნაირი ნიჭიერი არ ყოფილა, მაგრამ უდიდესი შრომით შეიქმნა სახელი. ნიჭიერი მეც არ ვარ და მისი მაგალითი სულ მამხნევებდა...

სხვათა შორის, რუსი მეკარე ლევ იაშინი ამბობდა, მთავარი არა ტალანტი, არამედ შრომისმოყვარეობააო. ეს ბავშვებმაც უნდა იცოდნენ.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 12 /
ზურაბ წარმატებები! კარგი ადამიანი ხარ, დახვეწილი და ბევრ საქართველოში გაზრდილზე ნაკლები პატრიოტი არ ხარ!პროფესიონალი ხარ და წარმატებებს გისურვებ კარიერაში და საქართველსო ნაკრებში!
dato
15:51 05-07-2016
0
დროულად რო წაიყვანეს მშობლებმა აქედან მიტომ ჩამოყალიბდა კარგ ფეხბურთელად.
giga
09:05 05-07-2016
0

სიახლეები პოპულარული