ლეგიონის უქმეები: სუპერგოლები და სუპერპასები სანაკრებო მატჩებამდე [VIDEO]

AutoSharing Option
ოთხი ქართული გოლი და ორი საგოლე პასი - ასეთია გასული უქმეების მონაგარი. გიორგი აბურჯანიამ ესპანურ კარიერაში სადებიუტო გოლი გაიტანა; ქართული გოლები გავიდა იტალიაში, ჰოლანდიასა და აზერბაიჯანში...

ჰოლანდია. ერედივიზიე. ქართველთა ტრიუმფი ვიხილეთ "გრონინგენი"-"ვიტესის" მატჩში, რომელიც სტუმრებმა 3:0 მოიგეს. გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა. 85-ე წუთზე მისი პასით (მე-4 საგოლე პასი სეზონში) სოლანკემ გაიტანა. ვაკო ყაზაიშვილი 70-ე წუთზე ჩაერთო თამაშში და 8 წუთში "ვიტესის" მეორე გოლი გაიტანა. ეს ვაკოს მე-10 გოლია ჩემპიონატში. ერთიც და ის შარშანდელ მიღწევას გაიმეორებს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ესპანეთი. სეგუნდა დივიზიონი.
გიორგი აბურჯანიამ ესპანურ კარიერაში პირველი გოლი "ბილბაოს" დუბლებს გაუტანა. ჩვენებურმა შორეული დარტყმით ანგარიში 2:0 გახადა. მან შეუცვლელად ითამაშა. "ხიმნასტიკმა" კი საბოლოოდ 4:0 მოიგო. ამ მოგებით კატალონიური გუნდი სეგუნდა დივიზიონში მესამე ადგილზეა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

საფრანგეთი. ლიგა 1.
ჯაბა კანკავას "რეიმსმა" შინ 0:1 წააგო "გენგამთან". საქართველოს ნაკრების კაპიტანმა შეუცვლელად ითამაშა. მან პირველ ტაიმში სეზონში მე-10 გაფრთხილება მიიღო. ჯაბამ 85 პასი გააკეთა, რაც მატჩში საუკეთესო შედეგია.

ნასიონალი. ამირან სანაიას (ტრავმა) "ლერბიე" სტუმრად "ამიენს" 2:2 დაუზავდა.

იტალია. სერია A. მხოლოდ 4 წუთი და მსაჯის მიერ კომპენსირებული დრო ლევან მჭედლიძეს, რა თქმა უნდა, არ ეყო, რომ ყოფილ გუნდ "პალერმოსთან" თავი გამოეჩინა. "ემპოლი" სიცილიურ კლუბს უგოლოდ დაშორდა - 0:0.

ლეგა პრო. "ტუტოკუოიოს" თავკაცმა 52-ე წუთზე შეიყვანა ირაკლი შეყილაძე და ქართველმა ფორვარდმაც 86-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა "სავონას" კარში. ეს შეყილაძის მე-8 გოლია სეზონში.

გერმანია. II ბუნდესლიგა. გიორგი ჭანტურიას (90 წუთი) "დუისბურგი" სტუმრად "პადერბორნს" დაუზავდა - 0:0. "დუისბურგის" გადარჩენის შანსები ნელ-ნელა ილევა. ჭანტურიას "შპორტალმა" 3 ბალი დაუწერა. ეს საშუალო შეფასებაა, თუმცა გუნდში მაინც საუკეთესო იყო.

ლუკას ჰუფნაგელის "ფრაიბურგი" დღეს ითამაშებს, ოღონდ... ჰუფნაგელის (ვირუსი შეეყარა) გარეშე.

III ლიგა. გიორგი პაპუნაშვილი კვლავ ტრავმის გამო დააკლდა "ვერდერის" დუბლებს "მაინცთან" საგარეო მატჩში (2:2).

ინგლისი. ჩემპიონშიფი. "ბრენტფორდის" რიგებში აღარ ჩანს აკაკი გოგია. მისი გუნდი შინ 0:1 დამარცხდა "ბლექბერნთან".

ბელგია. პროქსიმუსლიგა. ლევან შენგელიას (66-ე წუთზე შევიდა) "ტუბიცე" სტუმრად "კოქსიდთან" 2:3 დამარცხდა.

რუსეთი. პრემიერლიგა. ნიკა კაჭარავას დებიუტი რუსულ პრემიერლიგაში ისევ გადაიდო. მისმა "როსტოვმა" 0:0 ითამაშა "ამკართან" საგარეო მატჩში. ქართველი სათადარიგო იყო, ისევე, როგორც მასპინძელთა მცველი გიორგი ჯიქია (რუსეთის მოქალაქე).

გვახარებს ჯანო ანანიძე. ის ნახევარწლიანი პაუზის მერე დაუბრუნდა მოედანს, წინა ტურშიც აქტიურად ჩაერთო თამაშში და ახლა "ანჟისთან" საგარეო გამარჯვებაში (4:0) სულაც საგოლე პასით გამოიჩინა თავი - კვინსი პრომესმა 67-ე წუთზე ქართველის პასით გაიტანა. 6 წუთის წინ შესულმა ჯანომ რბილად ჩაჰკიდა ბურთი საჯარიმოში და კვინსიმაც ახლო მანძილიდან გაიტანა "სპარტაკის" მესამე გოლი. "ჩემპიონატმა" ჯანოს 7 ბალი დაუწერა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

თედო გრიგალაშვილი "ტერეკის" განაცხადში არ ყოფილა, ამასობაში კი მისმა გუნდმა 1:1 ითამაშა "ურალთან".

გიორგი ლორიას "კრილია სოვეტოვი" შინ 0:2 დამარცხდა "ზენიტთან". ლორიამ ერთი გოლი პენალტით გაუშვა. "ჩემპიონატმა" მას 6,5 ბალი დაუწერა.

საბა კვირკველიას "რუბინმა" შინ "მორდოვიას" ვერ აჯობა - 1:1. სტუმართა კარს არ იცავდა ნუკრი რევიშვილი (სათადარიგო), არ იყო არც მამუკა კობახიძე (განაცხადში ვერ მოხვდა). მასპინძელთა შემადგენლობაში, ჩვეულებრივ, 90 წუთი ითამაშა კვირკველიამ, რომელმაც "ჩემპიონატისგან" 6,5 ბალი დაიმსახურა.

I დივიზიონი. კვლავ იმარჯვა ქართველთა "სკა ენერგიამ", რომელმაც სტუმრად 1:0 დაამარცხა "ფაკელი". გიორგი ნავალოვსკიმ 90 წუთი ითამაშა, გიორგი ილურიძე კი განაცხადში არ ყოფილა.

ზურაბ არზიანის (მე-60 წუთზე შეცვალეს) "არმავირმა" 3:0 დაამარცხა "გაზოვიკი".

უკრაინა. პრემიერლიგა. ოდესაში, "ჩერნომორეცის" რიგებში, სათადარიგოთა სკამზე გამოჩნდა ტრავმამოშუშებული დავით ხოჭოლავა, მისი თანაგუნდელი გიორგი გადრანი კი კვლავ ტრავმირებულია, ისევე, როგორც სტუმარი დავით თარგამაძე (ფეხი აქვს მოტეხილი), რომლის "ოლექსანდრიამ" 2:1 მოიგო.

ბუბა დაუშვილის (განაცხადში არ იყო) "კარპატი" 0:1 დამარცხდა სანდრო კობახიძის (ტრავმა) "დნიპროსთან".

პორტუგალია. სეგუნდა. გიორგი მაკარიძის (ტრავმა) "ფეირენშე" შინ 0:2 დამარცხდა "ფრეამუნდესთან".

ავთო ებრალიძის (90 წუთი) "ჟილ ვისენტემაც" საკუთარ კედლებში იწვნია მარცხი - 1:2 "პორტუს" მეორე გუნდთან.

თურქეთი. სუპერლიგა. თორნიკე ოქრიაშვილის "ექსიშეჰირსფორი" სტუმრად "ქაისერისფორს" დაუზავდა - 0:0. ამ შეხვედრაში ოქრიაშვილი 58-ე წუთზე შევიდა მოედანზე. მისი გუნდი ბოლოა თურქულ სუპერლიგაში.

სათადარიგო იყო ნიკა ძალამიძე, რომლის "რიზესფორმა" სტუმრად 1:1 ითამაშა "აქჰისართან".

საბერძნეთი. გიორგი მერებაშვილი "ლევადიაკოსის" სათადარიგოთა სკამზე იჯდა, ამ დროს კი მისი გუნდი "ქსანთისთან" სტუმრად იბრძოდა. საბოლოოდ - 2:2.

პოლონეთი. ექსტრაკლასა. ლაშა დვალმა შეუცვლელად ითამაშა, მისმა "შლიონსკმა" კი შინ "რუხს" ვერაფერი დააკლო - 0:0.

ლადო დვალიშვილის (55-ე წუთზე შეცვალეს) "პოგონმა" საკუთარ მოედანზე ვერ შეძლო "კრაკოვიას" დამარცხება - 2:2.

I დივიზიონი. დავით მაკარაძის (82-ე წუთზე შევიდა) "სუვალკი" 0:1 დამარცხდა "არკასთან".

დანია. სუპერლიგა. "ორჰუსი" "ოლბორგთან" საგარეო მარცხს (2:2) მათე ვაწაძის გარეშე დაუძვრა. ქართველი ფორვარდი განაცხადში არ ყოფილა.

I დივიზიონი. დავით სხირტლაძის (90 წუთი) "სილკებორგი" სტუმრად "სკივეს" მშვიდობით დაშორდა - 1:1.

ჩეხეთი. სინოტლიგა. ზურაბ ცისკარიძის (90 წუთი) "ტეპლიცემ" სტუმრად 2:1 დაამარცხა აუტსაიდერი "ოსტრავა".

ლევან ყენიას "სლავიამ" "სპარტასთან" პრაღული დერბი 1:3 დათმო. ყენია 65-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში, როცა ანგარიში 1:1 იყო. ჩვენებურმა ყვითელი ბარათი მიიღო.

სლოვაკეთი. ფორტუნალიგა. აკაკი ხუბუტიას (განაცხადში არ იყო) "მიხალოვცემ" სტუმრად 0:0 ითამაშა "სკალიცასთან".

ნორვეგია. გიორგი გოროზიას (სათადარიგო) "სტაბეკი" 1:2 დამარცხდა "მიოლდესთან".

ფინეთი. თასი. გიორგი ოსიტაშვილის კტპ მეორე დამატებით ტაიმში გაშვებული ბურთით დამარცხდა (1:2) "ვანტაასთან" და ტურნირს გამოეთიშა.

კვიპროსი. ზედა ექვსეულში ირაკლი მაისურაძის (90 წუთი) "ანორთოსისი" სტუმრად 1:4 დამარცხდა "აპოლონთან".

48 წლის იუბილე უშუალო კონკურენტზე გამარჯვებით აღნიშნა თემურ ქეცბაიამ, რომლის აპოელ-მაც სტუმრად 3:0 გაანადგურა აეკ-ი. ქეცბაიას გუნდი 8-ქულიანი უპირატესობით დაწინაურდა.

ქვედა ექვსეულში ქართველთა "ახნასი" 1:2 დამარცხდა "დოქსასთან". მასპინძელთა შორის სასტარტო შემადგენლობაში იყო შოთა გრიგალაშვილი (64-ე წუთზე შეცვალეს), მეორე ტაიმი ითამაშა რევაზ ბარაბაძემ, ხოლო ელგუჯა გრიგალაშვილი სათადარიგო იყო.

წააგო ლევან ხმალაძის (90 წუთი) "პაფოსმაც" - 0:1 სტუმრად "ერმისთან".

ბელრუსი. თასი. ვალერიან გვილიას "მინსკში" დებიუტი ჰქონდა, მისმა "მინსკმა" კი მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში სოლიგორსკის "შახტიორი" 2:0 დაამარცხა. მართალია, გვილია უკრაინის მოქალაქეა, მაგრამ არის შანსი, მან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა დაიბრუნოს. გვილია 71-ე წუთზე შეცვალეს.

ესტონეთი. ზაქარია ბეგლარიშვილის (განაცხადში არ იყო) "ფლორა" გასვლაზე 0:2 დამარცხდა "კალიუსთან".

მოლდოვა. გურამ მაღალდაძის (55-ე წუთზე შეცვალეს) "საქსანმა" სტუმრად 0:2 წააგო "დაჩიასთან".

აზერბაიჯანი. გუშინ ზაურ სვანაძის გუნდს ნიკა კვეკვესკირმა მოაგებინა - ბაქოს "ინტერი" "ხაზარს" ესტუმრა და 1:0 მოუგო. მატჩის 30-ე წუთზე კვეკვესკირმა შორი მანძილიდან ყუმბარისებური დარტყმით გახსნა ანგარიში. მან, ზურაბ ხიზანიშვილმა (გაფრთხილება) და ლაშა კასრაძემ (გაფრთხილება) შეუცვლელად ითამაშეს, გიორგი ლომაია სათადარიგო იყო, ხოლო ლაშა სალუქვაძე განაცხადში ვერ მოხვდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ქართველთა აზალ-მა სტუმრად 2:4 წააგო "ზირესთან". ნუგზარ კვირტია 86-ე წუთზე გამოჩნდა მოედანზე, ხოლო სანდრო გურული - 90-ეზე.

სომხეთი. იოსებ ჩახვაშვილის (84-ე წუთზე შევიდა) "მიკამ" 2:0 დაამარცხა გოგიტა გოგატიშვილის (50-ე წუთზე შეცვალეს) "განძასარი". ამ შეხვედრაში მეორე გოლი გორის "დილას" ყოფილი მოთამაშის, მიხაილ გორელიშვილის ანგარიშზეა, რომელიც რუსეთის მოქალაქეა.

გიორგი ხუბუას
(70-ე წუთზე შეცვალეს) "არარატი" სტუმრად "ბანანცს" დაუზავდა - 2:2.

ყაზახეთი. გოგიტა გოგუას (64-ე წუთზე შეცვალეს) "ირტიშმა" სტუმრად 3:0 დაამარცხა "აკზაჟიკი".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
და ამ ფეხბურთელებით გინდათ რამის მიხწევა მეტი არააა ჩემი მტერი.
მეგრელი
16:03 21-03-2016
0
გამოძახებულია კვეკვე. იქნება ნაკრებში
bacho-s
15:59 21-03-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული