ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ლეგიონის უქმეები: ქართული ცეკვით დაწყებული... [VIDEO]

AutoSharing Option
ქართული ლეგიონის მონაგარი შედარებით მოკრძალებულია - 3 გოლი და 2 საგოლე პასი. ჩვენებურებმა უკეთ პოლონეთში, პორტუგალიასა და აზერბაიჯანში იასპარეზეს.

საფრანგეთი. ლიგა 1. ჯაბა კანკავას "რეიმსი" სტუმრად ერთ-ერთ ლიდერს, "მონაკოს" დაუზავდა - 2:2. ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა, მატჩში 40 პასი გააკეთა (85% სიზუსტე) და მის წინააღმდეგ სამჯერ დაჯარიმდნენ, თავად კი წესები მხოლოდ ერთხელ დაარღვია. საერთოდაც, ჯაბას ზედიზედ 4 მატჩია, ყვითელი ბარათი არ მიუღია (სეზონში 9 გაფრთხილება და 1 გაძევება დაუგროვდა).

ნასიონალი. ტრავმირებული ამირან სანაიას გარეშე "ლერბიემ" 3:1 დაამარცხა "ბეზიე".

იტალია. სერია A.
ლევან მჭედლიძე
56-ე წუთზე გამოჩნდა "სამპდორიასთან" მატჩში. მან საკმაოდ იაქტიურა და სამჯერ დაემუქრა გენუელთა კარს. მატჩი 1:1 დასრულდა. ამით "ემპოლიმ" 4-მატჩიანი წაგებების სერია დაასრულა. "პიანეტა ემპოლიმ" ჩვენებურს 5,5 ბალი დაუწერა.

ლეგა პრო. ირაკლი შეყილაძის (74-ე წუთზე შეცვალეს) "ტუტოკუოიო" 1:1 დაუზავდა რომის "ლუპოს".

გერმანია. II ბუნდესლიგა. 9-მატჩიანი პაუზის მერე იმარჯვა გიორგი ჭანტურიას "დუისბურგმა", რომელმაც შინ ბერლინის "უნიონი" 2:1 დაამარცხა. ჩვენებურმა 90 წუთი ითამაშა, მატჩის მიწურულს მან ყვითელი ბარათი მიიღო.
"დუისბურგი" 18 ქულით ისევ ბოლოზეა. "შპორტალმა", მცველ ბაჟიჩთან ერთად, ყველაზე მაღალი შეფასება (2,5 ბალი) ჩვენებურს დაუწერა.

ლუკას ჰუფნაგელი ავადმყოფობს, მისმა "ფრაიბურგმა" კი სტუმრად 3:1 დაამარცხა "ფრანკფურტი". "ფრაიბურგი" მეორე ადგილზეა და ბუნდესლიგაში დაწინაურების კარგი შანსი აქვს.

III ლიგა. ტრავმირებული გიორგი პაპუნაშვილის გარეშე "ვერდერის" დუბლები შინ "ერფურტთან" დამარცხდნენ - 0:1.

ესპანეთი. სეგუნდა. გიორგი აბურჯანიამ კვლავ შეუცვლელად ითამაშა "ჟიმნასტიკის" შემადგენლობაში, მისი გუნდი კი შინ "პონფერადინას" დაუზავდა - 1:1. ჩვენებურმა 63-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

ჰოლანდია. ერედივიზიე. მორიგ ტურში არნემის "ვიტესი" შინ დამარცხდა "ფეიენოორდთან" - 0:2. გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმა 90-90 წუთი ითამაშეს, კაპიტანი გააფრთხილეს.

ინგლისი. ჩემპიონშიპი. აკაკი გოგიას (არ უთამაშია) "ბრენტფორდი" სტუმრად 0:3 დამარცხდა ქპრ-სთან.

პორტუგალია. სეგუნდა. ტრავმირებული გიორგი მაკარიძის გუნდმა "ბენფიკას" დუბლებს მოუგო - 1:0.

ავთო ებრალიძის (90 წ) "ჟილ ვისენტემ" "გიმარაეშის" დუბლები დაამარცხა - 2:1. ერთ-ერთი გოლი ავთოს ჩამოწოდებულ კუთხურს მოჰყვა. შეგახსენებთ, რომ ჩვენებურმა წინა ტურში სულაც ორი საგოლე პასი მიითვალა.

თურქეთი. სუპერლიგა. ნიკა ძალამიძე ნელ-ნელა ეჩვევა "რიზეს". "ბეშიქთაშთან" მატჩში ქართველი 66-ე წუთზე გამოიყვანეს. ამის შემდეგ ქართველის გუნდმა ერთი გოლი გაიტანა, მაგრამ საბოლოდ 1:2 დამარცხდა.

თორნიკე ოქრიაშვილის "ესქიშეჰირი" "აქჰისარს" 3:3 დაუზავდა. თორნიკე მატჩის განაცხადში არ ყოფილა.

საბერძნეთი. სუპერლიგა. გიორგი მერებაშვილის (77-ე წუთზე შეცვალეს) "ლევადიაკოსი" შინ 0:3 დამარცხდა "პლატანიასთან".

რუსეთი. პრემიერლიგა. გიორგი ლორიას "კრილია სოვეტოვი" სტუმრად "ყუბანთან" 0:2 დამარცხდა. ჩვენებურს ერთი გოლი პენალტის ნიშნულიდან გაუტანეს, რომელიც მისივე შეცდომის გამო დაინიშნა. "ჩემპიონატმა" ქართველ მეკარეს 6 ბალი დაუწერა.

სექტემბრის დასაწყისში შოტლანდიასთან დაშავებული ჯანო ანანიძე მოედანს ახლაღა დაუბრუნდა, ნახევარწლიანი პაუზის მერე. მისმა "სპარტაკმა" "ამკარს" 2:1 მოუგო, ჯანო კი 65-ე წუთზე გამოჩნდა, 0:1-ზე. "ჩემპიონატმა" ჩვენებურს 6 ბალი დაუწერა. სტუმართა რიგებში მე-60 წუთზე რუსეთის მოქალაქე გიორგი ჯიქია გამოჩნდა.

"მორდოვია" შინ 0:1 დამარცხდა "კრასნოდართან" - ნუკრი რევიშვილი და მამუკა კობახიძე სათადარიგოთა სკამზე იყვნენ.

საბა კვირკველიას (90 წ) "რუბინი" სტუმრად "ზენიტთან" 2:4 დამარცხდა.

I დივიზიონი. ზამთრის პაუზის მერე განახლდა ეს ტურნირიც. გიორგი ნავალოვსკისა (90 წთ) და გიორგი ილურიძის (84-ე წუთზე შევიდა) "სკა-ენერგიამ" სტუმრად 2:0 დაამარცხა "კამაზი".

უკრაინა. პრემიერლიგა. ბუბა დაუშვილის "კარპატიმ" მის გარეშე 1:2 დათმო კიევის "დინამოსთან". მასპინძელთა ერთადერთი გოლი ამბროსი ჩაჩუამ გაიტანა, რომელიც უკრაინის მოქალაქეა. თუ წინა ტური დაუშვილმა დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა, "დინამოსთან" მისი უთამაშებლობის მიზეზი უცნობია.

დავით თარგამაძის (90 წთ) "ოლექსანდრია" შინ დონეცკის "ოლიმპიკს" 0:0 დაუზავდა. მეორე ტაიმში ჩვენებური გააფრთხილეს. სტუმართა კარში უკრაინის მოქალაქე ზაურ მახარაძე იდგა.

ჯაბა ლიპარტიას (პირველი ტაიმი ითამაშა) "ზორიამ" 4:0 დაამარცხა "ჩერნომორეცი". სტუმართა მცველები დავით ხოჭოლავა და გიორგი გადრანი ტრავმირებულნი არიან.

უკრაინის ტურის ცენტრალური მატჩი "დნიპროსა" და "შახტარს" შორის ჩვენთვის საინტერესო ვერ გამოდგა - მასპინძელთა რიგებში ტრავმის გამო არ იყო სანდრო კობახიძე, სტუმრების განაცხადში კი გიორგი არაბიძე ვერ მოხვდა.

ბელგია. პროქსიმუსლიგა. ლევან შენგელიას (76-ე წუთზე ჩაერთო თამაშში) "ტუბიცე" "ჰაისტს" 3:3 დაუზავდა.

პოლონეთი. ექსტრაკლასა. 20 წლის ლაშა დვალმა პოლონურ ჩემპიონატში სადებიუტო გოლი გაიტანა. "შლიონსკი" სტუმრად "კორონას" 2:2 დაუზავდა. 59-ე წუთზე ლაშა კუთხურისას ჩავიდა მასპინძელთა კართან, ფეხით ბრწყინვალე გოლი გაიტანა და 2:0 გახადა, რომელიც ქართული ცეკვის იმიტირებით აღნიშნა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სამწუხაროდ, ჩვენებურის გუნდმა ორბურთიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. დვალმა შეუცვლელად ითამაშა, przegladsportowy.pl-მ მას 6 ბალი დაუწერა - "უშეცდომოდ ითამაშა დაცვაში, პლუს, გოლი გაიტანა".

ლადო დვალიშვილის (79-ე წუთზე შეცვალეს) "პოგონი" სტუმრად "ზაგლებიეს" დაუზავდა - 1:1. მე-7 წუთზე მურავსკიმ ლადოს საგოლე პასით დააწინაურა "პოგონი".

I დივიზიონი. არ უთამაშია დავით მაკარაძეს, რომლის "სუვალკიც" სტუმრად "დრუტექსს" დაუზავდა - 0:0.

დანია. სუპერლიგა. მათე ვაწაძეს "ორჰუსის" მწვრთნელი ე.წ. ჯოკერად იყენებს, ბოლოს შემოჰყავს ხოლმე, თუმცა მე-80 წუთზე შესულმა ქართველმა ვერ უშველა მის გუნდს, რომელიც "ესბიერგთან" 1:2 დამარცხდა.

ბეტ25ლიგა. დავით სხირტლაძის (90 წუთი, გააფრთხილეს) "სილკებორგმა" შინ 0:1 წააგო "ფრედერისიასთან".

ჩეხეთი. სინოტლიგა. ლევან ყენიას (69-ე წუთზე შეცვალეს) "სლავიამ" 1:0 მოუგო "ზლინს". ჩვენებურმა ერთხელ ბურთი ხარიხას გაარტყა და პირველ ტაიმში ძალიან იაქტიურა.

ზურაბ ცისკარიძის (90 წთ, გააფრთხილეს) "ტეპლიცე" 0:0 დაუზავდა "მლადა ბოლესლავს".

ნორვეგია. ახალი სეზონი წაგებით დაიწყო გიორგი გოროზიას (75-ე წუთზე შეცვალეს) "სტაბეკმა", რომელიც სტუმრად "ალესუნდთან" დამარცხდა - 0:1.

კვიპროსი. ქვედა ექვსეულის ბინადრებმა "არისმა" და "პაფოსმა" 0:0 ითამაშეს. სტუმართა რიგებში შეუცვლელად გაისარჯა ლევან ხმალაძე.

ქართველთა "ახნასი" შინ 0:1 დამარცხდა "ერმისთან". რევაზ ბარაბაძე განაცხადში არ იყო, შოთა გრიგალაშვილი 55-ე წუთზე გამოცვალეს, ხოლო მისი უმცროსი ძმა ელგუჯა მოედანზე 63-ე წუთზე გამოჩნდა.

ზედა ექვსეულში ირაკლი მაისურაძის (90 წთ) "ანორთოსისი" შინ აეკ-თან დამარცხდა - 0:1. თემურ ქეცბაიას აპოელ-მა კი "ომონიას" 2:1 მოუგო.

ესტონეთი. ზაქარია ბეგლარიშვილი "ფლორას" განაცხადში არ ყოფილა. ქართველის გუნდმა "ნარვა" გაანადგურა - 3:0.

მოლდოვა. გურამ მაღალდაძის (90 წთ) "საქსანი" "სპერანცას" 0:0 დაუზავდა.

აზერბაიჯანი. ქართველთა აზალ-ი შინ "ნეფთჩის" დაუზავდა - 1:1. მასპინძელთა რიგებში 90 წუთი ითამაშა (გააფრთხილეს) სანდრო გურულმა. ნუგზარ კვირტია კი 75-ე წუთზე შევიდა მოედანზე.

ზაურ სვანაძის "ინტერმა" ახლახან თასიდან გამოთიშა "რავანი" და ახლა ჩემპიონატშიც მოუგო - 3:1. სამიდან ორი გოლი ქართულია, ზურაბ ხიზანიშვილმა მე-8 წუთზე გაათანაბრა, ხოლო 21-ე წუთზე ნიკა კვეკვესკირმა საჯარიმო დარტყმით (რომელმაც თასზეც გაუტანა "რავანს") საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. სვანაძის სასტარტოში ხიზანიშვილი, ლაშა სალუქვაძე და კვეკვესკირი იყვნენ. შესვენებაზე ლაშა კასრაძემ სალუქვაძე შეცვალა.

სომხეთი. გორის "დილას" ექსფეხბურთელმა და საქართველოს ჩემპიონმა მიხაილ გორელიშვილმა (ის რუსეთის მოქალაქეა) 1:0 მოაგებინა "მიკას" სტუმრად "შირაქთან" მატჩში. გორელიშვილმა 78-ე წუთზე თავისი პირველი გოლი გაიტანა (მე-2 მატჩში) სომხურ კარიერაში. ამ მატჩში 24-ე წუთზე გამოჩნდა "მიკას" რიგებში იოსებ ჩახვაშვილი და ერთ წუთში ყვითელი ბარათიც მიიღო.

გიორგი ხუბუას "არარატი" შინ 1:2 დამარცხდა "პიუნიკთან".

უზბეკეთი. კახა მახარაძის (90 წ) "ლოკომოტივმა" სტუმრად 3:1 დაამარცხა "ანდიჟონი".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ